Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იპყრობს ირმა ინაშვილი ამომრჩევლების გულს?


„პატრიოტთა ალიანსი“, დეკლარირებულად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტია საქართველოში, დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. აქვს თუ არა რეალური საფუძველი „პატრიოტთა ალიანსის“ ამ ამბიციებს?

“ჩვენი შანსები 25 ნოემბერს ფაქტებით დაიდო თბილისში და მათი შანსები [„ქართული ოცნების“] - 2 დეკემბერს. თუ არ იქნებიან ერთმანეთთან გარიგებული და არჩევნები არ გაყალბდება, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით არც მესამე და მეორე, არამედ ვიქნებით პირველი ძალა”, - ასე აფასებს საკუთარი პარტიის შანსებს 2 წლისთავზე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტარი ემზარ კვიციანი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მერე, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ან არ დაეჭირათ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა და იქვე დააანონსა მასშტაბური აქცია. 25 ნოემბერს პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე ხალხმრავალი შეკრება გამართა. ორგანიზატორების თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გამართულ აქციას თბილისსა და რეგიონებში 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

“პატრიოტთა ალიანსის” ავანსი “ქართულ ოცნებას”

მას მერე, რაც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად არჩევნების მეორე ტურის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ ათასობით ადამიანი შეკრიბა, პირველი არხის ეთერში ირმა ინაშვილმა განაცხადა: “ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი არჩევნებზე მოვიდა და ხმა ქალბატონ სალომეს მისცა“. და, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სათანადოდ არ იმჩნევს „პატრიოტთა ალიანსის“ ძალას და მის წვლილს მეორე ტურის მოგებაში.

მმართველი და დეკლარირებულად პრორუსული პარტიების ინტერესები ყველაზე მკაფიოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში იკვეთება.

ირმა ინაშვილი მეორე ტურამდე პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ოპონენტებს. „გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში“, ხმამაღლა მიმართა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს პოლიტიკური დებატებისას პარლამენტში.

სად არის „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ რუკაზე

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს მესამე პოლიტიკური ძალაა და მისი რეიტინგის ამაღლებით „ქართული ოცნებაც“ დაინტერესებულია. მისი თქმით, მომავალში არაა გამორიცხული, „ალიანსმა“, წინასაარჩევნოდ გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ხელისუფლებაში აქტიური როლის თამაში მოითხოვოს. ნიკა ჩიტაძის აზრით, არც ისაა გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ ფარული დაფინანსება დაიწყოს.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო პარტიებიდან ერთადერთია, რომელიც რუსეთში ვიზიტებს ღიად მართავს. მისი მხარდამჭერები პრორუსულად განწყობილი ელექტორატია, რომლის აზრსაც ხშირად ვხედავთ ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევებში.

რამდენად კარგად ესმის პარტიას საკუთარი მხარდამჭერების

„პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში დაესწრო კონფერენციას, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. პარტიის ანტიდასავლური და ნაციონალისტური განწყობა ყველაზე აქტიურად მედიაკავშირ „ობიექტივის“ საშუალებით ვრცელდება. მედიაკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა ინაშვილია.

„ობიექტივის“ სამაუწყებლო პოლიტიკა „მედიის განვითარების ფონდის“ 2017 წლის კვლევაში მოხვდა, რომელიც ორგანიზაციამ ანტიდასავლური განწყობების შესახებ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ტელეარხი „ობიექტივი“ იმ 4 ძირითად მედიას შორის არის, რომელიც ანტიდასავლური გზავნილების ძირითადი წყარო იყო (დანარჩენი სამი: Geworld.ge, საქინფორმი, „ასავალ-დასავალი“).

„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ „ობიექტივი“ საქართველოში ერთადერთი ღიად ანტიდასავლური არხია, რომელიც ანტიამერიკული და ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებით გამოირჩევა. მისი თქმით, ტელეარხს გათვლა რეგიონის მოსახლეობაზე აქვს. მას მაგალითად მოაქვს „ობიექტივის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. „ობიექტივი“ იუწყებოდა, რომ 2021 წელს, მას მერე, რაც ყარსის ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმები რეფერენდუმის საშუალებით გამოეყოფოდნენ საქართველოს. ყალბი ინფორმაცია აჭარის რეგიონის მოსახლეობაზე იყო გათვლილი, ფიქრობს სოფო გელავა.

„პატრიოტთა ალიანსს“ დღეს 5 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2018 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3 % ასახელებდა ამ პარტიას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად. ბოლო კვლევა ჩატარდა გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე კი 2 წელია დარჩენილი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG