Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გეგმავს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენებას


აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.

ბათუმში, ყოფილი 23-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, თვითნებურად დასახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ილაპარაკა და განაცხადა, რომე.წ.„ოცნების ქალაქში“ დაგეგმილი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისივე თქმით, ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, თუმცა რა კრიტერიუმები იგულისხმება, არ დაუკონკრეტებია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა:

„ეს არის კონკრეტული ტექნიკური დეტალები, რომელიც ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, დაზუსტდება. ყურადღებას გავამახვილებ გადაწყვეტილების შინაარსზე. გადავწყვიტეთ, რომ იქ წელს დაიწყება მშენებლობა. გადაწყვეტილებები კი ინდივიდუალურად იქნება მიღებული და არც ერთ ადამიანში არ დატოვებს უსამართლობის განცდას“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებამ კითხვები გააჩინა, რომელთა პასუხებზეც, მისივე თქმით, სპეციალური ჯგუფი ახლა მუშაობს. ჯგუფში ჩართულია რამდენიმე უწყება, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 8 ათას 400 კვ/მ მიწის ფართობზე დაგეგმილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი აჭარის ბიუჯეტში მარტის თვეში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ გამოიყოფა, მომდევნო ეტაპზე კი პროექტს ქვეყნის ბიუჯეტი დააფინანსებს.უწყებაში ვერ ასახელებენ პროექტის საერთო ღირებულებას:

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ რა კონფიგურაციისა და სიმაღლის სახლები აშენდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს საპროექტო სამუშაოები. გეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს ტერიტორია, თუ რა სიმაღლის და რამდენი სახლის აშენებაა შესაძლებელი, რომ დაზუსტდეს ღირებულება“, - ამბობს არჩილ ვანაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ „ოცნების ქალაქად“ წოდებულ თვითნებურ დასახლებაში 1 727 ოჯახი აღრიცხა.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ „ოცნების ქალაქად“ წოდებულ თვითნებურ დასახლებაში 1 727 ოჯახი აღრიცხა.

ვიდრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პროექტის ღირებულებას დაადგენს, რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ „ოცნების ქალაქად“ წოდებულ თვითნებურ დასახლებაში 1727 ოჯახი აღრიცხა. მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველია. როგორც ამ დასახლებაში მცხოვრებნი ამბობენ, თვითნებურად აშენებული ქოხების აღრიცხვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გასულ კვირაში დაიწყეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ეს ოჯახები გადამოწმდებიან და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვაგან სახლი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, დადგენილი კრიტერიუმი მხოლოდ ერთია: ოჯახი უსახლკარო უნდა იყოს და 7 წლის წინ თვითნებურად შექმნილ დასახლებაში უნდა ცხოვრობდეს.

საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ. მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები თვითნებურად ააგეს. შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და დასახლებაში დღეს უკვე 2 000-ზე მეტ ქვის ქოხს შეხვდებით. ამ დასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს. მისი თავმჯდომარე, მარინე ბერიძე, ამბობს, რომ დასახლებაში 6 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახი ცხოვრობს:

„ომის ვეტერანები, მრავალსულიანი გასაყოფი ოჯახები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკაროები, მარტოხელა დედები და მეწყერსაშიში ზონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა - ყველა კატეგორიის ოჯახმა უნდა მიიღოს, რაც ეკუთვნის, ხოლო ვისაც ქალაქში ბინა აქვს დაკეტილი და ცდილობს სახელმწიფოს თაღლითურად გამოართვას, არ მივესალმები“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას დღეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. მისი ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი გია აბულაძე მიიჩნევს , რომ მკაფიოდ უნდა დადგინდეს კრიტერიუმი, რის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მოქალაქეებს დააკმაყოფილებენ:

„სიტყვების უკან უნდა იდგეს კონკრეტული ციფრები, როგორ, რა კრიტერიუმებით და ვის ეკუთვნის ბინა, რამდენი კვადრატული ფართი იქნება ოჯახის თითოეულ წევრზე და ა.შ. ანუ ჩვენ ვერაფერი ვერ დავინახეთ გარდა იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ პრობლემის გადაწყვეტა და ვიწყებთ... რა თქმა უნდა, კარგია და მზად ვართ მონაწილეობაც მივიღოთ, მხარიც დავუჭიროთ ამ ინიციატივას, თუმცა ვამბობთ, რომ მათ დასაქმებაზეც უნდა ვიზრუნოთ“.

დეპუტატი გია აბულაძე პროცესში აჭარის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG