Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონიანი კონტრაქტი, კადრები პალატიდან, აქციები - როგორ აპირებენ მიზნის მიღწევას სააკაშვილის მომხრეები?


კადრი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან. მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა "ვივამედის" პალატაში, ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი სინჯავს.
კადრი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან. მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა "ვივამედის" პალატაში, ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი სინჯავს.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები პატიმრის მდგომარეობის სიმძიმეზე ახლა უკვე ქართულ და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული კადრებითაც მსჯელობენ და მორიგი საერთაშორისო აქციისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" ხელისუფლება სააკაშვილის ოჯახს სიცრუის გავრცელებით ქვეყნის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანია CNN-ის მიერ 10 თებერვალს გავრცელებული კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი მუხლებზე ეცემა, კლინიკა „ვივამედში“, ოქტომბერშია გადაღებული.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, "6 ოქტომბრის გონების კარგვის ეპიზოდი" არც სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაშია ჩაწერილი. "ეს პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ კადრებში აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, მსგავსი ეპიზოდები ბევრი შეიძლება იყოს, რომელიც არც ისტორიაშია დაფიქსირებული და არც თვითონ პაციენტს ახსოვს. ამ მასალებს კარგად შევისწავლით და სააპელაციო სასამართლოში წარვადგენთ", - ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

სააკაშვილის ადვოკატებისთვის, სასამართლოს განჩინებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გადაცემული ვიდეომასალა ყოფილი პრეზიდენტის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანიდან (მაისი) 14 დეკემბრამდე გადაღებულ კადრებს უნდა ასახავდეს. დროის ამ მონაკვეთს ითხოვდა დაცვის მხარე და ვიდეოს სასამართლოს პირველ ინსტანციაში წარდგენას აპირებდა, თუმცა კადრები ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მიიღეს.

მოსამართლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლებასა ან გადავადებაზე.

ამ მიზნის მისაღწევად, ქართველი ადვოკატების გარდა ექსპრეზიდენტს ამერიკულ იურიდიული კომპანია Akerman LLP-თან აქვს გაფორმებული კონტრაქტი, რომლის დეტალები, მათ შორის გაწეული ხარჯები - 917 ათასი დოლარი, საჯარო 3 თებერვალს გახდა, აშშ-ის უცხო ქვეყნის წარმომადგენლის (აგენტის) რეგისტრირების აქტის (FARA) მოთხოვნების შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ, პოლიტიკურ რეზოლუციას, ამჯერად უშუალოდ და მხოლოდ მის შესახებ, ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 15 თებერვალს უყრის კენჭს.

Akerman LLP-ის კონტრაქტის მოცულობამ - თითქმის მილიონმა დოლარმა, გამოქვეყნებისთანავე მიიქცია სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა, მათ შორის - "ქართული ოცნების" ყურადღება.

„კამპანია იყო დალაგებული და ამ კამპანიის ფარგლებში, ამ ფულს უნდა უზრუნველეყო, რომ, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილი გარეთ ყოფილიყო... შემდეგ ქაოსი, შემდეგ გაგრძელება, შემდეგ ომში ჩართვა და ასე შემდეგ“, - „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კვლავ საქართველოს ომში ჩართვის სცენარის ნაწილად განიხილავს მიხეილ სააკაშვილის კონტრაქტს Akerman LLP-თან და ლობისტური სერვისის მიღებას. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 12 თებერვალს გასულ სიუჟეტში მდინარაძე ასევე ამბობს, რომ დიდი ფულის გადახდა ხდებოდა, მათ შორის იმისთვისაც, რომ „უცხოეთში საქართველოს იმიჯი დაზიანებულიყო“ და შეკვეთილ სტატიებს საქართველოში ხელისუფლების ოპონენტების ხმაური გამოეწვია.

Akerman LLP-ის დეკლარაციის ფონზე, "მეორე ფრონტის" გახსნაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც.

პარტიის ლიდერების პოზიციაა, რომ სააკაშვილის დედა, ლობისტებისთვის გადახდილი "საეჭვო წარმოშობის" თანხებით, სიცრუის გავრცელებას უწყობს ხელს და ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა.

917,177.44 დოლარი

ავტორიტეტულმა ამერიკულმა იურიდიულმა კომპანიამ, ფლორიდაში 1920 წელს დაფუძნებულმა Akerman LLP-მა, აშშ-ის კანონმდებლობით (უცხო ქვეყნის წარმომადგენლის (აგენტის) რეგისტრირების აქტის (FARA) ფარგლებში) მოთხოვნილი დეკლარაცია 3 თებერვალს შეავსო. დეკლარაცია შევსებულია კომპანიის წარმომადგენელის, სააკაშვილის ადვოკატის, მასიმო დ’ანჯელოს მიერ.

საჯარო დოკუმენტით ირკვევა, რომ 2022 წლის ივლისში დადებული კონტრაქტის ხარჯმა, 2023 წლის 30 იანვრამდე, 917,177.44 დოლარი შეადგინა. კონტრაქტის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო მისი წარმომადგენელი - დედა, გიული ალასანია. კონტრაქტის ძირითადი ამოცანა იურიდიული მომსახურებაა სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლების მიზნით, თუმცა ასევე ითვალისწინებს სერვისების პერიოდულ გაფართოებას - ლობისტური კომპონენტებით.

2022 წლის აქტივობების ჩამონათვალშია საინფორმაციო კომუნიკაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ხოლო ფინანსური ხარჯები Akerman LLP-ის მიერ გაწერილია საკონსულტაციო კომპანია GlobalPoint-ისთვის, უსაფრთხოების სერვისისთვის, ლაბორატორიული მომსახურებისთვის და მიხეილ სააკაშვილთან შარშან ჩამოსული იმ უცხოელი ექიმებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო დასკვნის მომზადებაში.

კონტრაქტის დეტალები 3 თებერვალს აიტვირთა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების სარეგისტრაციო გვერდზე.

უცხო ქვეყნის წარმომადგენლის (აგენტის) რეგისტრირების აქტი (FARA) აშშ-ში 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი მან არაერთი ცვლილება განიცადა - მეტწილად გამარტივდა და ამჟამად ძირითადად ლობისტებზე ვრცელდება. ეს კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ.
კანონი მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნების ხელისუფლებათა და უცხოელი ხელმძღვანელების (პრინციპალების) სახელით მოქმედმა პირებმა გაასაჯაროონ ინფორმაცია მათი ურთიერთობების, საქმიანობის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. პირები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან სპეციალურ ბაზაში, არღვევენ ფედერალურ კანონს და შესაძლოა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი წინასწარი განზრახვით ამბობენ უარს.
FARA-ს ადმინისტრირებასა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ნაციონალური უსაფრთხოების განყოფილების (NSD) კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის სექციას (CES). „FARA ეხმარება ამერიკული დემოკრატიის მთლიანობას პოლიტიკურ პროცესზე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ფარულ გავლენასთან ბრძოლით“, - ასეთია ოფიციალური განმარტება.

„კანონიერი ლობიზმის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივ ნაწილში განხილვა პროფესიულად უხეში შეცდომაა“, - გვეუბნება იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი და განმარტავს, რომ ლობიზმი, თუკი ის კანონის ფარგლებშია, მსოფლიოსთვის ჩვეულებრივად დაშვებული პრაქტიკაა; ხოლო ისევ მხარეების აღქმისა და რწმენის საგნად რჩება - შეესაბამება თუ არა ასეთი არხებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს.

„ლობისტრი საქმიანობა მოსაზრებებისა და ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა. ვიღაცისთვის სიცრუეა, ვიღაცისთვის მართალია - ეს უკვე გარე შეფასებებია. კანონის ფარგლებში ყველას აქვს ასეთი უფლება. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა საქართველოში რომ გაავრცელეს ინფორმაცია - „კრედიტ სვისთან“ [შვეიცარიული ბანკი] დაკავშირებით, ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი?! აბა, დავსვათ კითხვა?! ივანიშვილი გააკეთებს ამას, სააკაშვილი თუ ალაფიშვილი და თავის ხედვას წარმოაჩენს ფართო აუდიტორიასთან თუ რომელიმე უწყებასთან, განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია, მეტი არაფერი“, ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება კონტრაქტისთვის გადახდილ თანხას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ფულის "საეჭვო წარმომავლობაზე" მხოლოდ მიანიშნებენ და არაფერს ამტკიცებენ; თუმცა ტელეკომპანია "იმედი" ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ალასანიამ ქონება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი გავლენებით დააგროვა.

"მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით დატოვებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. აი, იქიდანა მაქვს. და კიდევ, მეგობრები ჰყავს ჩემს შვილს უზარმაზარი და პერიოდულად მეხმარებიან ცოტ-ცოტას... და ეს ყველაფერი ოფიციალურია, დოკუმენტაცია არსებობს", - უთხრა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

ექსკლუზივი CNN-ზე და სხვა კადრები "ვივამედიდან"

FARA-ს დოკუმენტის ტექსტშიც არის აღნიშნული და ადვოკატ დ’ანჯელოს არც მანამდე და არც მას შემდეგ დაუმალავს, რომ მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რადგან თვლის, რომ დრო არ ითმენს და შესაძლებელია, რომ პატიმარი დაიღუპოს.

10 თებერვალს, სწორედ ადვოკატი დ’ანჯელო სტუმრობდა CNN-ს, როდესაც ტელეკომპანიამ ექსკლუზიურად გაასაჯაროვა ფრაგმენტები კლინიკა „ვივამედში“, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებიდან. ერთ მონაკვეთში მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად ეცემა მუხლებზე და სახით საწოლზე ემხობა; ხოლო მეორე კადრი საწოლიდან მის გადავარდნას ასახავს.

დ’ანჯელო CNN-თან ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში სწრაფად უარესდება, მას ტვინის დაზიანება აღენიშნება და კვლევების თანახმად - მოწამლულია. უცხოელი ექიმების მონაწილეობით მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში ასახულ ამ ვერსიასა და საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის მძიმედ ყოფნას, არ იზიარებს „ქართული ოცნება“. პატიმარს უარი უთხრა თბილისის საქალაქო სასამართლომაც, მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადება/გათავისუფლებაზე.

„ჩვენ რეალური ძალისხმევა გვჭირდება: დახმარების შეჩერება, სანქციების დაწესება, სავიზო შეზღუდვების ... ეს ის ზომებია, რაც უნდა გამოვიყენოთ, მისი გათავისუფლების დასაჩქარებლად“, - თქვა დ’ანჯელომ CNN-ის ეთერში.

"ვივამედში", სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, დაცვის მხარისთვის დაგვიანებით გადაცემული ვიდეოჩანაწერებიდან, 11 თებერვალს - ტელეკომპანია "პირველმა" გამოაქვეყნა. სხვადასხვა დროს გადაღებული ეს ეპიზოდები, მათ შორის, ასახავს "ვივამედში" უცხოელი ექიმების შესვლისა და პაციენტის გასინჯვის ფაქტებს.

12 თებერვალს, ასევე "ვივამედში" გადაღებული ვიდეომასალის ფრაგმენტები აჩვენა ტელეკომპანია "იმედმაც" და ყურადღება გაამახვილა მაგალითად იმაზე, რომ პაციენტი პატიმარი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა. გამოქვეყნებული ფრაგმენტებიდან ყველაზე ახალი - ნოემბრისაა და ჩანს, რომ სააკაშვილი რკინის საყრდენის დახმარებით გადაადგილდება. ზაფხულის ვიდეოჩანაწერის ეპიზოდებში პაციენტი შედარებით უკეთ გამოიყურება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის ლობისტებს არაფერი გამოუვიდათ, რადგან მისი გათავისუფლება ვერ მოახერხეს. "საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ამას შედეგი არ აქვს. ამ დახარჯული ფულით, ერთადერთი, რაც შეძლეს, არის ის, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება", - უთხრა ჟურნლისტებს 13 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება და მიზანი, ერთობლივად, შიდა და გარე წნეხით მიიღწევა.

აქციები, დაპირისპირება, რეზოლუცია

ისევე როგორც 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხარდამჭერი კიდევ ერთი საერთაშორისო აქციის ორგანიზება დევნილი რუსი ბლოგერის, ადვოკატ მარკ ფეიგინის იუთუბგადაცემამ ითავა. ის ამ მიმართულებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველ, ალექსეი არესტოვიჩთან ერთად აქტიურობს მას შემდეგ, რაც მათ წერილები თავად მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა.

ფეიგინი მოუწოდებს ემიგრანტებს, რომ, თუკი შესაძლებელია, 20 თებერვალს შეიკრიბონ მასპინძელი ქვეყნების სახელისუფლებო დაწესებულებებთან, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.

კვირას, 12 თებერვალს, "ფეიგინ ლაივის" ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც გამოჩნდა; თქვა, რომ 20 თებერვლის აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უერთდება და წინამორბედებისგან განსხვავებით, პარტიის ახალი, აქტიური ხელმძღვანელობა ვითარების შეცვლას რამდენიმე თვეში მოახერხებს.

"არჩევნების შემდეგ ერთი კვირაა გასული და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები", - თქვა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მწვავე რეაქციები მოჰყვა პარტიის იმ ნაწილში, რომელიც ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერდა მხარს. მაგალითად, ბაჩო დოლიძისთვის ეს არის დასტური მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, რომ "ახალი მენეჯმენტი ნომინალურია და რეალურად სხვა ადამიანები მართავენ პროცესებს". დოლიძე ამბობს, რომ "ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პარტიის შიგნით".

პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი, გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი სახლში ვერ ჩაიკეტება, "ყველაფერ გადაწყვეტილებას ის მიიღებს თვითონ" და "ყველა ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა ჩაერთოს, სადაც უნდა გავიდეს, გამოვიდეს". ოპონენტებს ის მოუწოდებს, რომ "ჭორაობას" ერთად ბრძოლა არჩიონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული, საგანგებო რეზოლუციის კენჭისყრა, ევროპარლამენტში, 15 თებერვალს გაიმართება. 2 თებერვალს, ევროპარლამენტში, საგანგებო დებატებისას ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG