ერთწლიანი ვნებათაღელვისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს თავი სიზმარში ჰგონიათ. არავინ მოელოდა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი წინამორბედის გადაწყვეტილებას ასე რადიკალურად შეცვლიდა.
ამასობაში, საავადმყოფოს 650 თანამშრომლიდან, 350 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს - ფულად კომპენსაციას თუ სხვა საავადმყოფოში გადასვლას დათანხმდა. ახლა ბევრს უკან დაბრუნება სურს.
- თუკი შენობა სასწრაფოდ დასანგრევი არ იყო, რატომ ანგრევდნენ?
- რა მოხდა ახლა - რატომ აღმოაჩნდა "ოცნების" ორ პრემიერს სხვადასხვანაირი პოზიცია?
ახალი პრემიერი: დანგრევის რისკი არ არსებობს
ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა "მდგრადია" და თუკი ცოტას ხელსაც შეაშველებენ - კიდევ წლებს გაუძლებს. მაგრამ არცერთხელ არ განუმარტავს - რატომ ამტკიცებდა საპირისპიროს მისი წინამორბედი.
„მდგრადობასთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის დასკვნა - მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები. არის ინფრასტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს არ უკავშირდება შენობის მდგრადობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, საავადმყოფოს წარმომადგენლებთან ორ დღეში ორჯერ შეხვედრის შემდეგ.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ:
- ძველი შენობის „დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა“.
- „უახლოესი სადღაც 3 წლის განმავლობაში“ საავადმყოფო გააგრძელებს ფუნქციონირებას არსებულ შენობაში.
- „დაახლოებით 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს [ახალი საავადმყოფოს] სამშენებლო სამუშაოები“.
- 2-3 წლის განმავლობაში, მიღებული იქნება ზომები, რათა - „გაუმჯობესდეს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა [ამჟამინდელ შენობაში]“.
- საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება მოქმედი შენობის უკანა მხარეს, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნება „საინვესტიციო მიზნებისთვის“.
გაირკვა, რომ ინვესტორის შეყვანის გეგმა - ძველ პროექტშიც არსებობდა და ახალშიც არსებობს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველია, ვინც, ამ თვეების განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილის ინვესტორისთვის გადაცემის გეგმა დაადასტურა.
მან თქვა, რომ ძველი გეგმა „ითვალისწინებდა საავადმყოფოს უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტივიო მიზნებისთვის“; ხოლო ახლა - „წინა ტერიტორიის“ გადაცემაზე ფიქრობენ.
მანამდე, „ნგრევის გეგმის“ მოწინააღმდეგები ინვესტორების საკითხზე მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ლაპარაკობდნენ.
ვარაუდებს შორის იყო - მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის გეგმა. რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დეველოპერებისთვის კომერციულად მიმზიდველ ადგილას, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.
კითხვა-პასუხის დროს, კორპუსების მშენებლობის პერსპექტივა არც ირაკლი კობახიძემ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
დაუბრუნდნენ ბიძინა ივანიშვილის პროექტს
24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საავადმყოფოს ექიმებს, „რომლებიც ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად უყურებდნენ ყველა საკითხს“ და რაციონალური წინადადებები ჰქონდათ.
კობახიძემ თქვა, რომ საავადმყოფოს კოლექტივის ხედვა შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის 2007 წლის გეგმას, „ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა“, მაგრამ „შემდეგ, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო“ პროექტი ვეღარ შედგა.
„ჩვენ მოსაზრებები არ შეგვიცვლია. რაც პრემიერს ვუთხარით, ზუსტად იგივე არგუმენტები გვქონდა ერთი წლის წინაც და მერეც, მაგრამ არცკი განიხილავდა ჯანდაცვის სამინისტრო... მინისტრი მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა გაზაფხულზე, როდესაც წარადგინა საავადმყოფოს კონცეფცია. გვხვდებოდნენ მისი მოადგილეები და ჩვენი არგუმენტები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ“, - რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ოთარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ - გასულ თვეებში, სერიოზული განხილვის საგანი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ბანკის - „ქართუს“ მიერ 2007 წელს შემუშავებული პროექტი, რომელსაც ექიმები ხშირად ახსენებდნენ.
საავადმყოფოს თანამშრომლები აქციებზე ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მათ „შანტაჟისა და მუქარის ენით“ ელაპარაკებოდა.
ყოფილი პერმიერის გეგმები
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა მალე უნდა დაწყებულიყო.
საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელისუფლება თვეების განმავლობაში უმტკიცებდა, რომ შენობის დემონტაჟი გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მისი შენარჩუნება ადამიანების სიცოცხლეს ემუქრებოდა.
ექიმებს არც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, იანვრის მიწურულს გასული სიუჟეტი გაჰკვირვებიათ - „სიცოცხლისთვის საშიში რესპუბლიკური“.
დღეების ათვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც, 2023 წლის 22 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა.
ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ:
- შენობის რეკონსტრუქცია შეუძლებელი და არარენტაბელურია;
- იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი;
- ამ ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო;
- ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა და დასკვნებმა „მკაფიოდ წარმოაჩინა“ კლინიკის რთული ვითარება;
- კლინიკის ყველა თანამშრომელს შესთავაზებდნენ დასაქმების ალტერნატივასა და ღირსეულ კომპენსაციას.
პრემიერ-მინისტრის განკარგულების გამოქვეყნებიდან მალევე, საავადმყოფოში შეცვლილმა ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია გამოაცხადა და კომპენსაციებთან დაკავშირებული არჩევნის გასაკეთებლად, თანამშრომლებს 3-თვიანი ვადა მისცა.
ნინო ოთარიშვილისთვის ეს იყო „არა კომპენსაციის შეთავაზება, არამედ - მოსყიდვის მცდელობა“, რადგან რეორგანიზაციის გამოცხადების მიუხედავად, თანამშრომლებს საკუთარი სურვილით წასვლისკენ მოუწოდებდნენ.
„გვითხრეს, რომ ვინც საკუთარი სურვილით არ წავა, 5 მარტიდან 15 მარტამდე გავათავისუფლებთ და მივცემთ ერთი თვის კომპენსაციასო... თუ შენ აცხადებ რეორგანიზაციას, მე რატომ მაიძულებ, რომ დავწერო განცხადება წასვლაზე?!“ - რიტორიკულ შეკითხვას სვამს ექიმი და ამატებს, რომ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, „აღმოსავლეთ საქართველო მულტიპროფილური კლინიკის გარეშე რჩებოდა“.
ახლა ყველა ბედნიერია - „საავადმყოფო გადარჩა“ და თანამშრომლებმა 26 თებერვალს მადლობის ნიშნად აქციაც გამართეს. წარსულის გახსენება ბევრს უკვე აღარ უნდა, მაგრამ ახსოვთ, რომ - ძალიან მძიმე პერიოდი გაიარეს.
რისთვის დასჭირდათ ეს ყველაფერი?
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვატო სურგულაძე, რომელიც ამჟამად პარტია „ლელოს“ წარმოადგენს, რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს თავიდანვე გულშემატკივრობდა და მათთან ერთად, თეთრი ხალათით, აქციებზეც იდგა.
ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, თავს კვლავ „ამ ოჯახის წევრად“ თვლის და კოლექტივის დიდ სიხარულს იზიარებს; მაგრამ პროცესი ჯერ დასრულებულად არ მიაჩნია.
„ეს გადაწყვეტილება [რაც ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა] თუ დოკუმენტურად არ გაფორმდა, თუ პროექტები არ დაიდო, ტენდერები არ გამოცხადდა, ესენი [„ოცნება“] ხელისუფლებაში ისევ რომ მოვიდნენ, ვფიქრობ - მაინც იმას გააკეთებენ, რაც თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული... არ გამოვრიცხავ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის შენობასაც მიადგნენ“, - ვატო სურგულაძე გვეუბნება, რომ არჩევნების წინ „ოცნებას“ „გაღიზიანებული ექიმები“ არ აწყობს.
მაგრამ სურგულაძე ასევე ფიქრობს, რომ სვლა წამგებიანიც არის - რადგან ფაქტი „მმართველ პარტიაში ერთობის არარსებობაზე მეტყველებს“ და ამომრჩეველს ეუბნება, რომ - „გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს შესაძლოა მარტივად შეიცვალოს“ და, რომ „დღევანდელ ხელისუფლებას არ დაეჯერება“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყურადღებას „კლანურ მმართველობაზეც“ ამახვილებს:
„აი, ბიძინა [ივანიშვილი] რომ დაბრუნდა, მგონი - მესამედ, მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული პრობლემაა გუნდში - კორუფციასთან, კლანურ მმართველობასთან... გააჩნია, რომელ კლანს რა აწყობს, რომელი გადაწონის“.
მართალია, „ინფრასტრუქტურა გასამართია და ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი“, მაგრამ, ვატო სურგულაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღემდე არის „ძალიან გამოცდილი და ძალიან შეკრული გუნდი“, რომელიც საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში - დაიშლებოდა.
„ერთი კვირის წინაც კი არ იყო ლაპარაკი ინვესტორებზე და ახლა უცებ ისიც აღმოჩნდა და დაადასტურეს, რომ ინვესტორი უნდა შემოიყვანონ“, - გვეუბნება სურგულაძე.
საავადმყოფოს ზარალი
საავადმყოფოს კოლექტივსა და ექსპერტთა წრეებში თვლიან, რომ რამდენიმეთვიანმა პროცესმა უკვალოდ არ ჩაიარა:
- საავადმყოფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი - იქმნებოდა წარმოდგენა, რომ შენობას ჭერი ჩამოექცეოდა და წუთი-წუთზე დაინგრეოდა;
- ექიმები იყვნენ მუდმივ სტრესში და ხშირად იდგნენ აქციებზე - რასაც შეუძლებელია, ზეგავლენა არ მოეხდინა პაციენტებთან მათ ურთიერთობაზე;
- სასწრაფო დახმარების სამსახურს პაციენტები „რესპუბლიკურში“ აღარ მიჰყავდა. უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც პაციენტები საავადმყოფოში მხოლოდ თვითდინებით მიდიოდნენ.
იანვრის მიწურულს, ე.წ. ემერჯენსის [გადაუდებელი დახმარების] მიმღებში რადიო თავისუფლება შეხვდა არაერთ შეწუხებულ პაციენტს, რომლებიც იქ შვილებმა თუ მეუღლეებმა - არა სასწრაფო დახმარების მანქანით, არამედ კერძო ტრანსპორტით მიიყვანეს.
„კვალიფიციური ექიმები“ და „სერვისების ხელმისაწვდომობა“ - როგორც გვითხრეს, პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა ამ მიზეზებით შეარჩიეს ეს დაწესებულება.
ემერჯენსის კარი ახლა უკვე ღიაა. პერსონალი მოელის, რომ პაციენტების მიყვანას სასწრაფო დახმარებაც მალე განაახლებს, თუმცა როდის - ამაზე ოფიცალური პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ პრობლემების დიდი ნაწილი, დროთა განმავლობაში, ხელოვნურად შეიქმნა და მათ რიცხვშია, მაგალითად - არითმოლოგიისა თუ ოფთალმოლოგიის განყოფილებების დახურვა.
„საავადმყოფოს მიზანმიმართულად განადგურების“ ნუსხაში გვისახელებენ ასევე იმ ფაქტებს, რომ: აღარ იტუმბებოდა მიწისქვეშა წყლები, აღარ დასრულდა დაწყებული რეკონსტრუქცია და ზედა სართულები „გამოშიგნული“ დარჩა. ეს სართულები „იმედის“ ობიექტივშიც მოხვდა, როგორც „განადგურების“ დასტური.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღემდე არ არის შეკეთებული გათბობის სისტემა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც პაციენტები ელექტრო „პლიტებით“ თბებიან.
საავადმყოფოში გადაღების უფლება ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
რა ეშველებათ წასულ თანამშრომლებს?
ვიდრე ნგრევას დააანონსებდნენ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 650-მდე თანამშრომელი მუშაობდა და მათ შორის - 167 ექიმი. კლინიკის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საკომპენსაციო შეთავაზებას დაახლოებით 10 ექიმი დათანხმდა და ახლა უკვე, წასულების დიდ ნაწილს უკან დაბრუნება სურს.
„აუცილებლად ვაპირებ დაბრუნებას, აუცილებლად... თუ დაბრუნების საშუალება მექნება, აუცილებლად დავბრუნდები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კარდიოლოგიის განყოფილების ექიმი ანა ჭიპაშვილი, რომელიც ფულად კომპენსაციას დათანხმდა და თანხაც ჩაურიცხეს. თავის გადაწყვეტილებას ექიმი ახლა იმით ხსნის, რომ - „სხვა გამოსავალი არ ჩანდა“.
„სასწაულია. თუ ხდებოდა ასეთი რამ, არც მეგონა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და საშუალება მოგვცა, რომ გავაგრძელოთ ძველებურად მუშაობა - ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ზრუნვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა ჭიპაშვილმა.
ექიმებს იმედი აქვთ, რომ ვისაც დაბრუნება უნდა, მათ ამის საშუალებას მისცემენ.
- ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით - 350 თანამშრომელი მათ საკომპენსაციო შეთავაზებას დათანხმდა.
- კლინიკაში გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უმეტესად ექთნებმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო და მათ შორის არიან - საპენსიო ასაკის თანამშრომლები, „რომლებიც დიდი ალბათობით - აღარ დაბრუნდებიან“.
ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ გვიპასუხეს შეკითხვაზე - რას უპირებენ მათ, ვინც სხვადასხვა სახის კომპენსაციაზე დაიყოლიეს.
ამ შეკითხვაზე პასუხი, რამდენიმე დღის წინ, არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა. მან თქვა, რომ - საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან და საავადმყოფოს კოლექტივთან ერთად განიხილავენ.
სარჩელები მთავრობის წინააღმდეგ
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა უფლებებს ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავდა.
მისი დახმარებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასამართლოს არაერთი ადმინისტრაციული და სამოქალაქო სარჩელით მიმართეს.
„...წარმოიდგინეთ - საუბარი იყო მოქმედი შენობის დემონტაჟზე, მაგრამ სათანადო წესით არ იყო დადგენილი, რომ შენობა ავარიული და აუცილებლად დასანგრევი იყო“, - კახა კოჟორიძის თქმით, ეს ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა - „წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში ამ საავადმყოფოს არ დატოვებდნენ“.
სასამართლომ წარმოებაში მხოლოდ ერთი სარჩელი მიიღო - ირაკლი ღარიბაშვილის 22 იანვრის განკარგულების წინააღმდეგ. თუმცა ახლა ამ სარჩელმა აზრი დაკარგა, რადგან ირაკლი კობახიძემ ნგრევაც გადაიფიქრა და რეორგანიზაციის პროცესიც შეაჩერა.
ექიმებმა გვითხრეს, რომ სარჩელს უკან გამოიტანენ.
კახა კოჟორიძე ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას. მისთვის გაუგებარია - თუკი შენობა დასანგრევი იყო, მაშინ რატომ გადაიხადა სახელმწიფომ ფული რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში. „ორი წლის წინ გადაწყდა, რომ შენობის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. როგორც სამედიცინო პერსონალმა მომაწოდა ინფორმაცია, ბიუჯეტიდან გადახდილია 300 ათას ლარამდე“, - გვეუბნება ადვოკატი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ადვოკატი ყველაზე საყურადღებოდ მიიჩნევს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოს შენობის „მზიდი კედლები იყო მყარი“. „მზიდი კედლების სიმყარის პირობებში რატომ უნდა დაინგრეს შენობა, ჩემთვის გაუგებარია“, - გვეუბნება კახა კოჟორიძე.
საექსპერტო დასკვნები - რომლებსაც ხელისუფლება ეყრდნობოდა, ყველა ეტაპზე მწვავედ სადავო იყო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ბოლო ერთ წელიწადში ათობით საპროტესტო აქცია გამართეს - საავადმყოფოს ეზოში, ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ პარლამენტის შენობასთან, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პირველად თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის შესახებ.
„თუ შევაფასებთ კლინიკის მდგომარეობას, სხვადასხვა დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, - თქვა მინისტრმა აზარაშვილმა, 6 თებერვალს, პარლამენტში, როდესაც ის, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, დეპუტატებისგან ნდობის გამოცხადებას ელოდა.
სულ რაღაც ორ კვირაში ახალმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება 180 გრადუსით შეცვალა და „უალტერნატივო გადაწყვეტილებას“ ალტერნატივა გამოუჩნდა. ჯანდაცვის მინისტრი ახლა უკვე, ამ ახალ მიდგომას იზიარებს.