Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ ზუგდიდელები მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე


ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოება მმართველ პარტიასა და საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე ცვლილებებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა. ბოლო ხანებში მთავარ თემად რჩება საკითხი, თუ რამდენი დეპუტატი დატოვებს, საბოლოო ჯამში,
საპარლამენტო უმრავლესობას და რას შეცვლის ეს სამომავლოდ.

გადმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდელების დიდი ნაწილი მედიის დახმარებით აქტიურად ადევნებს მიმდინარე მოვლენებს თვალყურს, მათთვის საკითხი მაინც ბუნდოვანია. რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესებს, მათ შორის 7 წევრის მიერ უმრავლესობის დატოვებასაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ზუგდიდის მცხოვრები გიორგი შენგელია ამბობს, რომ ივანიშვილმა
მიზანმიმართულად ჩამოიშორა თანაგუნდელების ნაწილი:

„ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. თითქოს პატრონი იყო ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ გაჰყვა იმ გზას, რასაც მიჰყვებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. პატრიოტები ვინც ჰყავდა, ყველა მოიშორა და ახლა გადმოპორტირებული „ნაციონალები“ ჰყავს გვერდით. დადგა დრო, როცა უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა. ეს ძალა იქმნება ახლა - ეკა ბესელია, ფოფხაძე შემოიკრებენ გვერდით ისეთ ხალხს, რომ იქნება პროგრესული“.

„გადაიღალა ეს ხალხი, ვერ ძლებენ და მიდიან. არ შემიძლია, დავიღალე, მოდი და შენ გააკეთე შენი ქვეყნისთვის ცოტა ხანი რამე - რა არის ამ პოზიციაში ცუდი? ან შექმნიან სხვა პარტიას და ქვეყნის სამსახურს ზურგს არ შეაქცევენ“, - ამბობს ზუგდიდელი ვაჟა ესართია.

ზუგდიდი
ზუგდიდი

გამოკითხულ მოქალაქეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხალხის სასიკეთოდ მომუშავე პოლიტიკური ძალა. ერთ-ერთი მათგანია ზუგდიდელი მანანა ლაშხია. მან გვითხრა, რომ არ იცის, რეალურად რა ხდება:​ „ღმერთის იმედი მაქვს, ყოველთვის ტანჯვა-წამებაში ხომ არ იქნება ხალხი?“

„რა უნდა შევაფასო, რას ვხედავ სიკეთეს. მე ვერაფერი ვერ გავიგე და თვითონ თუ იგებენ, ნეტა, რაშია საქმე?!“ - კითხულობს ზუგდიდში მცხოვრები რენო შარია.

პარლამენტსა და მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი არ ისურვა მოქალაქეების ნაწილმა. იმ მიზეზით, რომ არ იციან, რეალურად რას შეცვლის დეპუტატების ნაწილის მიერ უმრავლესობის დატოვება, ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვა და „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება.

XS
SM
MD
LG