Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის ჯარი ძალიან ჩქარობს". რა ხდება კურსკში?


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად კურსკის ოლქის დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად კურსკის ოლქის დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ

რუსეთის არმიის ინტენსიური კონტრშეტევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, "როიტერსის" ცნობით, დაკარგეს რუსეთის კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების 40%, რომელსაც 6 აგვისტოს წარმატებული ბლიცკრიგის შედეგად აკონტროლებდნენ.

როგორც კურსკის პოზიციებზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რუსეთის ამჟამინდელი იერიშების ტემპები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რუსეთი ძალიან ჩქარობს დანარჩენ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას.

თავის მხრივ, როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინელ სამხედროებს ნაბრძანები აქვთ, რომ ნებისმიერი საშუალებით შეინარჩუნონ მათ ხელთ არსებული პოზიციები აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.

"მათ არ ენანებათ სამხედროები და უბრალოდ სასიკვდილოდ გზავნიან"

ნოემბრის პირველ დეკადაში რუსეთის არმიამ კონტრშეტევა კურსკის ოლქში დიდი დანაკარგებით დაიწყო. როგორც უკრაინული ანალიტიკური საიტი DeepState-ი იუწყება, მარტო სუჯის რაიონის სოფელ ნოვოივანოვკაში რუსეთის არმიამ, სულ მცირე, 18 ერთეული ტექნიკა და 300 მებრძოლი დაკარგა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, რუსეთის არმიის შეტევებმა კურსკის ოლქში კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა.

11 ნოემბერს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინი იმედოვნებს მთელი კურსკის ოლქის გათავისუფლებას უკრაინული შეიარაღებული ძალებისგან მანამდე, ვიდრე დონალდ ტრამპი შეუდგება პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას. ამ ამოცანის შესრულება კრემლს შესაძლებლობას მისცემს, გაიუმჯობესოს პოზიცია შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე.

კურსკში მეომარი უკრაინელი სამხედროებიც ადასტურებენ, რომ მოწინააღმდეგე აშკარად ჩქარობს პუტინის დავალების შესრულებას.

"ჩვენ გვესმის, რომ მათ აშკარად აქვთ ასეთი ამოცანა, და ისინი ცდილობენ მის შესრულებას. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს თავისი არმიის სამხედრო მოსამსახურეებს და სასიკვდილოდ გზავნის მათ. ჩვენ ვპოულობდით მათ ბიჭებს, "კონტრაქტნიკებს", რომლებსაც მხოლოდ 18 დღეს ჰქონდა ნამსახურევი ჯარში ფიცის მიღების მომენტიდან და უკვე გაგზავნეს პოზიციებზე. ისინი მაქსიმალურად მოუმზადებელი არიან იმისთვის, რომ შეუტიონ ჩვენს პოზიციებს", - უთხრა "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კურსკში განლაგებული უკრაინის არმიის 47-ე ბრიგადის ჯარისკაცმა, ოლეჰ ჩაუსმა.

დღეის მონაცემებით, ინტენსიური იერიშების შედეგად რუსეთის არმიამ შეძლო კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების დაბრუნება, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება.

ტელეგრამის არხ "აგენტსტვოს" თანახმად, უკრაინის არმია აკონტროლებს კურსკის რეგიონის 800 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას, მაშინ როცა აგვისტოს ბოლოსთვის კონტროლირებადი ტერიტორიის მაქსიმალური ფართობი 1376 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

"ნაბრძანები გვაქვს გავძლოთ ტრამპის მოსვლამდე"


ამერიკული გამოცემა New York Times-ის თანახმად, რუსეთმა ამ მიწების გათავისუფლების მიზნით ნოემბრის დასაწყისში კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს.

მაგრამ უკრაინის იმ ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა, რომლებიც კურსკის ოლქში იბრძვიან, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრეს, რომ ისინი ბრძოლის ველზე ჯერჯერობით არ შეჯახებიან კორეელ სამხედროებს.

დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის მიზნით რუსეთი კურსკის დამცველების წინააღმდეგ იყენებს ავიაციას, შორსმსროლელ სარაკეტო სისტემებს და ბომბავს პოზიციებს 3000 კგ-იანი ფუგასური საავიაციო ბომბებით, რომლებიც შიშის ზარს სცემს უკრაინელ სამხედროებს.

როგორც რადიოსადგური "ბიბისი" წერს ანონიმ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით, ასეთი იერიშების შედეგად კურსკის ოლქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფები იძულებული არიან უკან დაიხიონ. რუსეთის არმია კი თანდათანობით ბრძოლებით უკან იბრუნებს მთელ ამ ტერიტორიებს.

"ეს ტენდენცია გრძელდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - მისწერა 26 ნოემბერს უკრაინელმა ჯარისკაცმა პავლომ გამოცემას.

წერილში პავლო საუბრობს საშინელ დაღლილობაზე, როტაციის ნაკლებობასა და იმაზე, რომ მათთან იგზავნებიან ახალი დანაყოფები, რომლებიც ძირითადად ასაკოვანი ჯარისკაცებისგან შედგებიან. და ასეთ ქვედანაყოფებს, დაღლილებს და თითქმის დასვენების გარეშე წინა ხაზზე ისვრიან ფრონტის სხვა სექტორებიდან.

სხვა უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებმაც ანონიმურობის დაცვით ასევე გაუგზავნეს ტექსტური შეტყობინებები "ბიბისის", აცხადებენ, რომ მათ ნაბრძანები აქვთ იანვრის ბოლომდე, ანუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, შეინარჩუნონ კურსკის ტერიტორიის ის ნაგლეჯი, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ.

ნოემბრის ბოლოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ორივე მხარე ელოდება აშშ-ოს ადმინისტრაციის ცვლილებას.
"დარწმუნებული ვარ, რომ მას (პუტინს - რედ.) სურს ჩვენი განდევნა (კურსკის რეგიონიდან - რედ.) 20 იანვრამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ ის არ აკონტროლებს სიტუაციას. კურსკის ოპერაცია არ არის სათამაშო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მას არ შეუძლია სრულად დაიცვას თავისი სახელმწიფო. მან ყველაფერი გადმოისროლა უკრაინის ოკუპაციისა და განადგურებისთვის"
, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის არმიის იერიშების შესაკავებლად და პოზიციების შესანარჩუნებლად უკრაინამ რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა კურსკის დამცველების დასახმარებლად და, ასევე, პირველად გამოიყენა ამერიკული შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი და ფრანგულ-ბრიტანული რაკეტები SCALP./Storm Shadow.

პასუხად რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ უახლესი ბალისტიკური ზებგერითი რაკეტა "ორეშნიკი", რომელმაც, პუტინის თანახმად, წარმატებით დააზიანა ერთ-ერთი უძველესი სამხედრო საწარმო დნეპროპეტროვსკში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG