Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში მოქმედებს ფორსმაჟორი?


ხელშეკრულებებში ხშირად არის პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც მხარეს ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს. რეალურად როდის შეიძლება ამოქმედდეს ფორსმაჟორი, ამას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი შორენა ლოლაძე განმარტავს.

რა არის ფორსმაჟორი?

ფორსმაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა - ეს არის მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები, ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ.

ეს შეიძლება იყოს საომარი მდგომარეობა, სტიქიური უბედურება, პანდემია, ეპიდემია და ასე შემდეგ.

ვინ წყვეტს, არის თუ არა მდგომარეობა ფორსმაჟორული?

სასამართლო! ფორსმაჟორი არ არის საგანგებო მდგომარეობა, რომ ის მთავრობამ გამოაცხადოს.

თუ მხარეებს შორის წარმოიშვა დავა და ერთ-ერთი მხარე აცხადებს, რომ ვალდებულებები ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ შეასრულა, მაშინ სასამართლო იმსჯელებს, რამდენად მიესადაგებოდა აღნიშნული სიტუაცია „დაუძლეველი ძალის“ განმარტებას.

რა უფლებები წარმოეშობათ მხარეებს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში?

მხარე თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას ჩვეულებრივ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრებოდა.

პასუხისმგებლობა შესაძლოა გადავადდეს?

მხარეებმა კვლავ შეიძლება განაგრძონ პასუხისმგებლობის შესრულება ფორსმაჟორული ვითარების აღმოფხვრის შემდეგ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ პირი, რომელმაც საგანგებო ვითარების შემდეგ კვლავ განაგრძო მუშაობა და განაგრძო საბანკო ვალის დაფარვაც.

შესაძლოა არ გადავადდეს?

თუ მხარე ითხოვდა კონკრეტული სამუშაოს შესრულებას კონკრეტულ დროში (მაგალითად, მკერავს უნდა შეეკერა საქორწილო კაბა) და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო ეს პირობა ვერ შესრულდა, მხარე ზიანის ანაზღაურებას ვერ მოითხოვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG