Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას?


12 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროკავშირელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში - სამსაათიან შეხვედრაში, რომლისგანაც კონკრეტულ შედეგებს არავინ ელოდა. მთავარი შეკითხვაა: კვლავინდებურად საჭიროა თუ არა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის არსებობა?

რაზეა ლაპარაკი? „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი 2009 წელს შეიქმნა, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით. მისი ამოცანა იყო, რომ 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დაახლოებოდა ევროკავშირს ისე, რომ წევრობა არ შეეთავაზებინათ. მას შემდეგ ამ ინიციატივის მიზნები რამდენჯერმე შეიცვალა. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბრიუსელმა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის კანდიდატებად, საქართველო კი პოტენციურ კანდიდატად აღიარა.

ამავე დროს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კიდევ ორი ქვეყანა - აზერბაიჯანი და სომხეთი 2020 წლიდან ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არიან ჩართული. ბელარუსმა კი პროექტში მონაწილეობა 2021 წელს შეაჩერა - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მმართველ რეჟიმს სანქციები დაუწესა.

სულ უფრო რთული ხდება, რომ ეს ექვსი ქვეყანა ერთ ბლოკად იქნეს განხილული. თუმცა, როგორც ჩანს, ბრიუსელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას ჯერ არ შეელევა.

რას ფიქრობენ თავად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში? პირად საუბრებში მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ოფიციალური პირები ამ პროექტის მიმართ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ. მართალია, წარსულში ამ ინიციატივამ მათ ხელშესახები შედეგები მოუტანა - უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება - მაგრამ ახლა მიიჩნევენ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანებას ხელიც კი შეუშალოს. მათ ასევე დიდად გულზე არ ეხატებათ ასოცირება აზერბაიჯანისა და ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმებთან.

როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, საჯაროდ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს გაცილებით უფრო ზომიერი პოზიცია უჭირავთ. ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე „დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში წევრ ქვეყნებთან არსებულ თანამშრომლობასა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს.“ ჯერჯერობით ყველა თანახმაა, რომ არსებული სისტემა შენარჩუნდეს.

რას ველოდოთ მომავალში? ბრიუსელმა მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთს მოუწოდა, რომ შეიმუშაონ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება წაადგეს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ამ სამ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. არ იქნება გასაკვირი, თუ ბრიუსელი ახალ შემოთავაზებებს გააკეთებს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ, რომელიც ევროკავშირს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან დააკავშირებს. ასევე შესაძლებელია, რომ ტრიოს უფრო მეტი წვდომა მიეცეს ალიანსის ციფრულ ბაზარზე - მათ შეიძლება როუმინგის იგივე წესები შეეხოთ, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ.

ევროკავშირი ასევე ეცდება, რომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში. ევროკავშირს - რუსეთისა და თურქეთისგან განსხვავებით - აზერბაიჯანიც და სომხეთიც მიუკერძოებელ შუამავლად მიიჩნევენ. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, რა კონკრეტული ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ბრიუსელმა სამშვიდობო პროცესის ასამოქმედებლად.

ბელარუსთან დაკავშირებით რა ხდება? ევროკავშირში ჯერაც იმედოვნებენ, რომ მინსკი პარტნიორობის ინიციატივას მოუბრუნდება - უფრო დემოკრატიული ლიდერით. 2021 წელს ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე ქვეყანას ცარიელი სკამი წარმოადგენდა. ამჟამად მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა, მომდევნო დიდ შეხვედრაზე ეს სავარძელი ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავოს.

როდის ჩატარდება მომდევნო სამიტი? ჯერ არავინ იცის. წესით, მსგავსი სამიტები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და შემდეგი ჯერი 2023 წელს უწევს. წლის პირველ ნახევარში ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი შვედეთი იქნება და სტოკჰოლმს მოუწოდებენ, რომ სამიტს სწორედ მათი პრეზიდენტობისას უმასპინძლონ. თუმცა შვედი დიპლომატები, ვისთანაც მილაპარაკია, ჯერ თავს იკავებენ - მათი აზრით შეხვედრას, რომელსაც კონკრეტული შედეგები არ მოჰყვება, აზრი არ ექნება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG