Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის აღმოსავლეთის პარტნიორობას?


ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას გასულ წელს შემოღებიდან 10 წელიწადი შეუსრულდა. ცვალებადი მსოფლიოს ფონზე,ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა ბედი ელის ინიციატივას, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან უნდა დაეახლოვებინა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ოთხ შესაძლო სცენარს გამოკვეთს იმაზე, თუ მაინც სად შეიძლება აღმოჩნდეს ეს ექვსი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებით 2030 წელს. და ამ ოთხიდან არც ერთი სცენარი არ არის განსაკუთრებით სასიხარულო ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროპულ კლუბში გაწევრიანება სურთ. გამოკვლევა, სათაურით „აღმოსავლეთევროპული მომავალი: აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხი სცენარი 2030 წლისთვის“, ეკუთვნით ვოიცეკ პრჟიბულსკის, ორგანიზაციიდან Visegrad Insight, და იორგ ფორბრიგს, გერმანიის მარშალის ფონდიდან (GMF). ეს დოკუმენტი მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, მაგრამ ევროპას კორონავირუსის პანდემია მოედო და მისთვის ვერ მოიცალეს. მედიას ეს გამოკვლევა მხოლოდ გასულ კვირაში წარედგინა.

გამოკვლევის ტექსტი შედგება ინტერვიუებისა და იმ შეხვედრების შედეგებისგან, რომლებიც ჩატარდა ანალიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, პოლიტიკაზე მომუშავე ფიგურებთან, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესების ლიდერებთან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან. ოთხ შესაძლო სცენარს ავტორები შემდეგნაირად ასათაურებენ: „პრაგმატული ინტეგრაცია“, „რუსეთის ჰეგემონიის გადასინჯვა“, „ევროკავშირის ჟესტი მოსკოვს“ და „სამოქალაქო ემანსიპაცია“.

საუკეთესო სცენარი პირველია. ავტორები წერენ: „[ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი განცხადებები, სიმბოლოები, ან სერიოზული მოლოდინი, თუმცა ზრდას გააგრძელებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის განვითარება და ურთიერთდაკავშირებულობა“.

ეს სცენარი, დიდწილად, სტატუს-კვოს შენარჩუნებას წარმოადგენს, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ყოველთვის შეიცავდა ბრიუსელთან ბევრ სფეროში უფრო მეტად დაახლოების დაპირებას, მაგრამ არ გამოდიოდა კავშირში გაწევრიანების ღია შეთავაზებით. თუმცა ეს ასპექტი, სავარაუდოდ, მაინც გამოიწვევს იმედგაცრუებას პროგრამის ავანგარდში მყოფ სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებსაც უკვე გაფორმებული აქვთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები და სარგებლობენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ, ავტორების თქმით, „მიძინებულმა“ რეჟიმმა (“stand-by mode”) შესაძლოა „მკვეთრი დემოტივატორის გავლენა იქონიოს ახალგაზრდა, შემოქმედებით თაობებზე, რაც საშინაო პოლიტიკური სცენის რადიკალიზაციას მოიტანს“.

გამოკვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეს სცენარი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დისტანციას ამ სამეულსა და დანარჩენ სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს - შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, მისდევენ „ინტეგრაციის ჩუმ ფორმას, რომელიც პრაგმატიზმზე იქნება დაფუძნებული, მათ უსაფრთხოებასა და რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებთან მიმართებით“. შესაძლოა პარტნიორობის ფორმის შეცვლა ბრიუსელსაც მოუხდესო, დასძენენ გამოკვლევის ავტორები. ამ ორ, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ, ჯგუფს შორის დაყოფის შესახებ, უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს საუბარი და ის, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება.

თუ ეს პირველი სცენარი დიდად იმედისმომცემად არ გამოიყურება, ის მაინც უკეთესია შემდეგ ორზე, რომელშიც კრემლი თამაშში უფრო გადამწყვეტი ფორმით შემოდის. მეორე პროგნოზი ხედავს მოსკოვს, რომელიც ხეირს ნახავს ჩრდილოეთის ნაკადი-2 მილსადენის პროექტიდან და კიდევ უფრო მეტად გააფართოებს თავის ეკონომიკურ პოზიციებს, რადგან გავლენას გაზრდისაღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკების რამდენიმე სტრატეგიულ სექტორზე. ევროკავშირს და ნატოს ასუსტებს ერთიმეორის შემდეგ დამდგარი კრიზისები (ბრექსიტი, ევროზონა, COVID-19, მიგრაცია, კანონის უზენაესობა...), ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო მეტად ართულებენ ევროსკეპტიკური ძალები, მოსკოვი კი ფინანსურ კავშირებს ინარჩუნებს ფინანსურ ელიტებთან პარტნიორ ქვეყნებში, რითიც წარმატებით შეძლებს მთავრობების მომართვას რუსეთის ინტერესებზე. საბოლოო ანგარიშით, რეგიონი „კარგავს ნდობას პროევროპელი ლიდერების მიმართ და თანხმდება გაზრდილ დამოკიდებულებას რუსეთზე“.

მესამე ვარიანტი ამაზე სულ ოდნავ უკეთესია. აქ ევროკავშირი გვევლინება ძალად, რომელიც თავად ესწრაფვის რუსეთთან მეგობრობას, რადგან მას აშფოთებს სხვა საკითხებზე კონცენტრირებული ამერიკა და ჩინეთის მზარდი გავლენა, რომელიც ბრიუსელისთვისაც და მოსკოვისთვისაც პრობლემაა. აღმოსავლელი პარტნიორების ინტერესები ექვემდებარება გაზრდილ თანამშრომლობას ევროკავშირსა და რუსეთს შორის. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ზოგიერთი მონაწილე ქვეყანა შეეცდება შეეწინააღმდეგოს ამ ტენდენციას, სხვები კი მეორე კლასის სტატუსს დასჯერდებიან და ყოყმანით გაჰყვებიან ამ ახალ ევროპულ მეინსტრიმს. ამის შედეგად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნები შედიან ახალ, მღელვარებისა და არასტაბილურობის უპრეცედენტო პერიოდში, რომლის დროსაც მკვეთრად გამოხატული იქნება შიში, ფრუსტრაცია და, ამავე დროს, ევროკავშირით იმედგაცრუება“.

დროებაში, რომლის წინასწარ განჭვრეტა უკვე პრაქტიკულად აღარ გამოდის, შეიძლება გამოკვლევაში გამოთქმულ მეოთხე და საბოლოო სცენარსაც ჰქონდეს ხორცშესხმის რეალისტური პერსპექტივა. სომხეთში ახლახან მომხდარი რევოლუციის ფონზე, ეს სცენარი ლაპარაკობს „ხალხის ძალის“ აღზევებაზე, როცა მოსახლეობა მობილიზაციას განიცდის და თავად ხელმძღვანელობს დღის წესრიგს, უფრო მეტი კეთილდღეობისა და სოციალური ცვლილებებისთვის. ამ სცენარში რუსეთი არ არის მისაბაძი მოდელი, ევროკავშირში გაწევრიანება კი ძალიან შორეული რამაა. ამის ნაცვლად, ქვეყნები საკუთარ თავზე დამოკიდებულებას აძლიერებენ და, ფაქტობრივად, თავიანთი რესურსებისა და შესაძლებლობების ანაბარა რჩებიან. ევროკავშირი ბევრს არაფერს აკეთებს, გარდა „მორალური მხარდაჭერის“ შეთავაზებისა. ამავე დროს, ეს სცენარი გულისხმობს ერთგვარ ირიბ შეთანხმებას კრემლთან - „პირდაპირი ჩარევა და ჰიბრიდული ომი გამოირიცხება, თუკი ქვეყნები გამოვლენ პირობით, რომ შეინარჩუნებენ საგარეო პოლიტიკის არსებულ პარამეტრებს“. იქნება ზედაპირული სტაბილურობა, ინვესტიციების დივერსიფიკაცია ისეთი მოთამაშეების მხრიდან, როგორიც ჩინეთია, და რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებს ვერ მოეძებნება გრძელვადიანი გადაწყვეტა.

თუმცა, საბოლოო ანგარიშით, შეიძლება ამ ოთხივე შესაძლო სცენარის ერთგვარი კომბინაციაც ვიხილოთ. გამოკვლევის ავტორები დარწმუნებით არაფერს ამტკიცებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG