Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ზახარ პრილეპინზე, მასზე თავდამსხმელ(ებ)სა და აფეთქების მოტივებზე?


აფეთქებული ავტომობილი, რომელშიც ზახარ პრილეპინი იმყოფებოდა
აფეთქებული ავტომობილი, რომელშიც ზახარ პრილეპინი იმყოფებოდა

უკრაინასთან ომის მომხრე რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს, 8 მაისს რუსეთის სასამართლომ ორი თვით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტის მოწყობასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადატანაში.

კომიდან გამოსული რუსი პროპაგანდისტი და მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელიც შემთხვევით გადაურჩა 6 მაისს მასზე განხორციელებულ თავდასხმას, აცხადებს, რომ იმ დღეს საჭეს თავად მართავდა და არა დაცვის თანამშრომელი ალექსანდრ შუბინი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პრილეპინმა, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ ნიჟნი ნოვგოროდის საოლქო საავადმყოფოში იმყოფება, 8 მაისს თავის ტელეგრამის არხზე ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევამდე ხუთი წუთით ადრე გადასვა მანქანიდან თავისი ქალიშვილი, ხოლო აფეთქების მიზეზად სავალ მარშრუტზე მიწაში ჩაფლული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დაასახელა.

ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ეჭვმიტანილი პირი, 29 წლის ალექსანდრ პერმიაკოვი, რომელიც, მისივე აღიარებით, უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა. მაგრამ კრემლის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აფეთქება ან რუსეთში მოქმედი იატაკქვეშა მოძრაობის წევრების, ან სულაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ნახელავი უნდა იყოს.

შეუსაბამობა რუსეთის ოფიციალურ ვერსიაში

მწერალ ზახარ პრილეპინს თავს 6 მაისს დაესხნენ, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან ბრუნდებოდა. მწერალი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ადგილზე დაიღუპა მცველი ალექსანდრ შუბინი, რომელიც პრილეპინთან ერთად ერთ დანაყოფში იბრძოდა.

"დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში გონება დავკარგე, როცა გამოვფხიზლდი ჩამტვრეული საქარე მინისკენ გავიწიე. საშველად მოვარდნილი სოფლის მოსახლეობა დამეხმარა მანქანიდან გამოსვლაში. ორივე ფეხი მოტეხილი (ერთი მოტეხილობა ღიაა) მაქვს და კიდევ რაღაც დაზიანებები მაქვს", - წერს 8 მაისს თავის ტელეგრამის არხზე ზახარ პრილეპინი.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ტერაქტის სავარაუდო დამნაშავის - დონეცკის რაიონის მკვიდრის ალექსანდრ პერმიაკოვის დაკავების შესახებ. დაკავებულის ინფორმაციით, ის უკრაინის სპეცსამსახურებმა პრილეპინის მოსაკლავად დაიქირავეს. ამავე დროს, რუსული მედია იუწყებოდა, რომ პერმიაკოვი ადრე კრემლის მიერ მხარდაჭერილი დონეცკელი სეპარატისტების დანაყოფებში მსახურობდა.

ნიჟეგოროდელმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც ჩხრეკისას ორი - რუსული და უკრაინული პასპორტები აღმოუჩინეს, მათ არწმუნებდა, რომ ტბის ნაპირზე გნოლებს იჭერდა.

კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ როგორც დარია დუგინას და ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის შემთხვევაში მოხდა, რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა სულ რამდენიმე საათში იპოვა თავდამსხმელი. რუსეთის ოფიციალური ვერსიით კვალი ყველა შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან მიდის.

ავტომობილი, რომლის საჭესთან დარია პლატონოვა (დუგინა) იჯდა, 20 აგვისტოს საღამოს აფეთქდა. ორი დღის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურმა გამოაცხადა, რომ მკვლელობა გახსნა. მის თანახმად, ის მოამზადეს და განახორციელეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. დაასახელეს მკვლელობის შემსრულებლის სავარაუდო ვინაობაც - უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მოკლეს პროსახელისუფლებო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი). ორ დღეში რუსეთის სპეცსამსახურებმა ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ტრეპოვა მივიდა ტატარსკის „შემოქმედებით საღამოზე” და მას გადასცა თაბაშირის სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.

"ეფესბე" ირწმუნება, რომ ტრეპოვამ დანაშაული ჩაიდინა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ლიდერების, ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის მიერ "დივერსიული საქმიანობის" შესახებ არაერთი მოწოდების შემდეგ.

კიევს ბრალდებაზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.

"კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი კი აცხადებს, რომ ტატარსკი რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოკლა.

სამივე ამ გახმაურებული თავდასხმის უკან სწორედ რუსეთის „ეფესბეს“ ხელწერას ხედავს ასევე უკრაინაში მცხოვრები ყოფილი რუსი დეპუტატი, ილია პონომარიოვი.

„ეფესბე ეს არის სამართალდამცველი ორგანო, რომელსაც უფრო მეტი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა. მაგრამ დუგინის შემთხვევაში ეს ჩაიდინეს ვოვკმა და კურდღელმა (ის ირონიულ პარალელს ავლებს კურდღლისა და მგლის ისტორიასთან - რედ). ტატარსკის შემთხვევაში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე - დარია ტრეპოვამ, რომელიღაც ფემინისტური ორგანიზაციიდან. თანაც გოგონას არც დაუტოვებია ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა. და აქ არის კაცი (ალექსანდრ პერმიაკოვი), რომელიც მათ აშკარად საკუთარი აგენტურული ქსლიდან ამოიღეს და წამოაყენეს ფანტასტიკური თეორია, რომ ის ტბაში გნოლებს იჭერდა. იქ არ არის ტბები და გნოლებს კიდევ წყალში არ იჭერენ. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არავის აწუხებს“, - თქვა ილია პონომარიოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან არხთან, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში.

კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ აფეთქება შეეძლოთ მოეწყო ასევე რუსეთში მოქმედ იატაკქვეშა მოძრაობას, რომლის წევრებმაც შარშან მაისში ნიჟნი ნოვგოროდში დონბასელი სეპარატისტების მხარდამჭერი ქალის მანქანას წაუკიდეს ცეცხლი.

„ნიჟეგოროდის ოლქში მანამდეც ხდებოდა მსგავსი აქციები. მსგავსი საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებსაც მე ვიცნობ, ერთ-ერთი პირველი აქცია სწორედ ნიჟეგოროდის ოლქში მოხდა. შესაძლოა სხვებიც იყო, მაგრამ რაც ჩემთვის არის ცნობილი, პირველი სადღაც გასული წლის მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში მოხდა. უბრალოდ მას ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია. დიახ, მსგავსი იატაკქვეშეთი არსებობს. ეს აბსოლუტურად ზუსტად ვიცი“, - აცხადებს ილია პონომარიოვი, რომელსაც არ დაუსახელებია სეპარატისტების მხარდამჭერი ქალის ვინაობა, რომლის მანქანასაც იატაკქვეშა აქტივისტებმა შარშან ცეცხლი წაუკიდეს.

მან განაცხადა, რომ პრილეპინის აფეთქება შეეძლო მოეწყო „ეროვნულ რესპუბლიკურ არმიას“, რომელიც მან ერთხელ უკვე ახსენა დარია დუგინაზე განხორციელებული თავდასხმის კონტექსტში.

პრილეპინის ავტომობილი აფეთქების შემდეგ
პრილეპინის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

რატომ არა „ატეში“?

მწერალ ზახარ პრილეპინზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პარტიზანულმა ორგანიზაცია "ატეშმა". ეს არის უკრაინაში შექმნილი ყირიმელი თათრების ორგანიზაცია, რომელიც მანამდე ცნობილი იყო იმით, რომ პარტიზანულ გასვლებს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ახორციელებდა.

კერძოდ „ატეშმა“ იკისრა ასევე პასუხისმგებლობა მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ნაწილში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც ორი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

მაგრამ რიგ კომენტატორებს და პოლიტიკოსებს საეჭვოდ ეჩვენებათ „ატეშის“ კავშირი ზახარ პრილეპინის აფეთქებასთან.

„მე სერიოზული ეჭვი მაქვს „ატეშის“ განცხადებასთან დაკავშირებით. ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკა ჯერჯერობით გვაჩვენებს, რომ არცერთი ქმედება არც რუსეთის შუაგულსა და არც უკრაინის საზღვრიდან შორს, საზღვრისპირა რაიონებში, - არ განეკუთვნება რომელიმე უკრაინული ძალის ნამოქმედარს. მართალია, ეს („ატეში“) არის არა სახელმწიფო, არამედ მოხალისეთა საზოგადოებრივი გაერთიანება. მაგრამ მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს [აფეთქება] მათ მიერ ყოფილიყო ორგანიზებული“, - თქვა ილია პონომარიოვმა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პრილეპინის მანქანის აფეთქებას უწოდებს ესკალაციის გამოწვევის მცდელობას იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნოს კონტროლი მოსახლეობასა და ელიტებზე.

ვინ არის ზახარ პრილეპინი და მისი თანაშემწე შუბინი?

47 წლის ზახარ (ევგენი) პრილეპინი ცნობილი რუსი მწერალი და არაერთი რუსული ლიტერატურული პრიზის მფლობელია. სამშობლოში იგი პოპულარული გახდა 2000-იან წლებში, როდესაც „ომონის“ (მილიციის საგანგებო დანიშნულები რაზმი - რედ.) ყოფილი ოფიცერი შეუერთდა რადიკალურ ოპოზიციურ ნაციონალ-ბოლშევიკურ პარტიას და გამოაქვეყნა მოთხრობები ჩეჩნეთის მეორე ომის დროს თავისი სამხედრო გამოცდილებისა და რესპუბლიკაში სამხედრო მივლინების შესახებ.

პრილეპინი საქმიანობდა ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც იყო გაზეთ „სახალხო დამკვირვებლის („Народный наблюдатель“) მთავარი რედაქტორი და ასევე რეგიონულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქციის ხელმძღვანელი.

მწერალმა ზახარ პრილეპინმა, რომელიც პარტიის „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები სიმართლისათვის“ ("За правду") თანადამფუძნებელია, ამა წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა რუსეთის გვარდიასთან და საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. ამის შესახებ რუსეთის სააგენტო „ტასი“ იტყობინებოდა, პრილეპინის პრესმდივან ელიზავეტა კონდაკოვაზე დაყრდნობით, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მწერალმა რუსეთის გვარდიასთან იმიტომ გადაწყვიტა კონტრაქტის გაფორმება, რომ ადრე მილიციის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. თავად პრილეპინს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ზახარ პრილეპინმა რამდენიმე წელი გაატარა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების რიგებში. იგი ხშირად მოუწოდებდა კიევის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებებისკენ. პრილეპინმა ასევე მხარი დაუჭირა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

დაბოლოს, საინტერესოა თავად პრილეპინის თანაშემწის, აფეთქების შემდეგ ადგილზე დაღუპული ალექსანდრ შუბინის ბიოგრაფია.

27 წლის შუბინი წარმოშობით უკრაინის ლუგანსკის ოლქიდანაა. იგი დონეცკელი სეპარატისტების შეიარაღებული ფორმირებების წევრი იყო, ხოლო 2020 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, შუბინი ბელარუსის „კა-გე-ბემ“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა 33-კაციან ჯგუფთან ერთად ბელარუსის ტერიტორიაზე დააკავა.

  • ზახარ პრილეპინის მკვლელობის მცდელობას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აფეთქებაში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა. ამ ქვეყნებმა, ზახაროვას თქმით, უკრაინისგან „ტერორისტული რეჟიმი“ შექმნეს.
  • უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ კომენტარში განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ვერ დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ აფეთქებაში მონაწილეობასო. თუმცა, სამინისტრომ განაცხადა, რომ „სიკვდილი ერთადერთი პერსპექტივაა, რომელიც შეგვიძლია ოკუპანტებს შევთავაზოთ“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG