Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის "ეფესბემ" უკრაინის მოქალაქე დაადანაშაულა ბლოგერ ტატარსკის მკვლელობის მომზადებაში


რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ("ეფესბე") უკრაინის 35 წლის მოქალაქე იური დენისოვი დაასახელა, როგორც პროსახელისუფლებო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის (მაქსიმ ფომინი) მკვლელობის მცდელობის მონაწილე. ტატარსკი 2 აპრილს მოკლეს პეტერბურგის ცენტრში. რუსეთის სპეცსამსახურის განცხადების თანახმად, დენისოვი ტატარსკის უთვალთვალებდა და მან გაუგზავნა ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მკვლელობის ჩადენისთვის იყო გამოყენებული.

"ეფესბეს" გამომძიებლების თქმით, 2023 წლის თებერვალში დენისოვი კიევიდან ლატვიის გავლით ჩავიდა მოსკოვის ოლქში, სადაც აგროვებდა ინფორმაციას ტატარსკის შესახებ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით გაკეთდა. ეჭვმიტანილმა, რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ტატარსკის საცხოვრებელ ადგილთან ბინა იქირავა, ხოლო თავდასხმამდე მას დანაღმული თაბაშირის ბიუსტი გაუგზავნა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, 4 აპრილს დაკავებული დარია ტრეპოვას ხელით.

ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის დარია ტრეპოვა ორშაბათს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ტრეპოვა მივიდა ტატარსკის “შემოქმედებით საღამოზე” და მას გადასცა თაბაშირის სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.

დენისოვი რუსეთის კონტრდაზვერვის მიერ უკრაინის დივერსიული ჯგუფის წევრად დასახელდა. 3 აპრილს, სავარაუდოდ, იგი სომხეთის გავლით რუსეთიდან თურქეთში გაფრინდა. "ეფესბე" აცხადებს, რომ დენისოვის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას გეგმავს. სპეციალურმა სამსახურმა გაავრცელა ეჭვმიტანილის მართვის მოწმობის ფოტო. მასში ნათქვამია, რომ ის დაიბადა დონეცკის რეგიონში, დოკუმენტის გაცემის ადგილად კი მითითებულია ქალაქი ტორეზი (ჩისტიაკოვო). დაზუსტებული არ არის, გაიცა თუ არა მოწმობა რეალურ სახელზე.

  • "ეფესბე" ირწმუნება, რომ ტრეპოვამ დანაშაული ჩაიდინა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ლიდერების, ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის მიერ "დივერსიული საქმიანობის" შესახებ არაერთი მოწოდების შემდეგ.
  • ჟდანოვმა ადრე განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ მონაწილეობდა მკვლელობის მცდელობაში. კიევს ბრალდებაზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.
  • "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი კი აცხადებს, რომ ტატარსკი რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოკლა.
XS
SM
MD
LG