კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა. ბევრ ქვეყანაში დაიწყო ეროვნული ვალუტების მკვეთრი გაუფასურება. მათ შორის რეგიონში ყველაზე სწრაფად და მკვეთრად დევალვაციას ქართული ლარი განიცდის. მას ვერც ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან გაყიდულმა მილიონებმა უშველა.
ბოლო ერთ თვეში რეგიონული ვალუტების გაუფასურება
- ქართული ლარი: 24.8% (2.7884 -> 3.4805)
- რუსული რუბლი: 20% (65.330 -> 78.435)
- უკრაინული გრივნა: 14% (24.517 -> 27.934)
- თურქული ლირა: 5% (6.1439 -> 6.4517)
- სომხური დრამი: 3.7% (478.33 -> 495.93)
ერთ-ერთი გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც სახელმწიფომ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი დახარჯა სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად.
მიზეზი
რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ასეთი მკვეთრი გაუფასურების მიზეზი ისაა, რომ კრიზისმა განსაკუთრებით დააზარალა ტურიზმი:
„ტურიზმის მთლიანმა გაჩერებამ გამოიწვია ის, რომ ამ ეტაპზე დაგვაკლდა დიდი თანხა. ამ ვითარებამ ასევე გამოიწვია პანიკა ბაზარზე. ჩვენ გენეტიკური სიფრთხილეც გვაქვს - კრიზისების დროს ვცდილობთ, რომ ლარის ანგარიშები გადავიტანოთ დოლარში“.
თუმცა ექსპერტი ლარის კურსის „დაბალანსებას“ ელოდება ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში.
„თუ ჩვენ უფრო მეტად "გავუფასურდით", ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ეს რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაბალანსდება და მივალთ წონასწორობის წერტილთან. ის რომ ჩვენთან მოკლე ვადაში ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა, ეს არის პანიკის და გაურკვევლობის შედეგი“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.
ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას კი ლარის განსაკუთრებული გაუფასურების ასეთი ვერსია აქვს:
„საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მკაცრი ნაბიჯები გადადგა და უფრო მეტად ზიანი მიაყენა ეკონომიკას ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, ვიდრე, მაგალითად, თურქეთმა ან რუსეთმა. ქართულ ეკონომიკას მოლოდინის ჭრილში ეს უფრო მეტად უარყოფითად დაეტყო, თუმცა მომდევნო პერიოდშიც უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს“
რეზერვები
29 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 3 მილიარდ 438 მილიონ დოლარს შეადგენდა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად უკვე 100 მილიონი დოლარი გაიყიდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზერვების ხარჯვა ამ სიტუაციაში გაუმართლებელია და უმჯობესია „ლარი მიყვეს დინებას“.
„შესაძლებლობა, რომ კურსი იყოს სტაბილური, რეზერვების ხარჯზე ან რაღაც პატარ-პატარა სხვა აქტიურობების ხარჯზე, არსებობს, მაგრამ დიდხანს ეს არ გადაგვარჩენს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ.
თუკი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ზაფხულისთვის დასრულდება, ქვეყანა ტურისტული სეზონის ჩავარდნას გადაურჩება. სხვა შემთხვევაში კი, ეკონომიკისთვის და ლარისთვის საიმედო პროგნოზის გაკეთება გაჭირდება.