სააპელაციო სასამართლოს 16 იანვრის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გააწბილა მედია და სამოქალაქო სექტორი, რომლებიც პირველივე დღიდან მოითხოვენ, სახელმწიფომ აღიაროს, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა იყო ორგანიზებული და ჯგუფური, და დააკავოს მისი ორგანიზატორები.
16 იანვრის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა დაადასტურა, რომ ბრალდებულებმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფსა და პირველი არხის ოპერატორს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში (154-ე მუხლი), დევნეს (156-ე მუხლი) და ჯანმრთელობა დაუზიანეს მათ (118-ე მუხლი).
თუმცა მოსამართლე თეთრაულმა ბოლომდე ვერ დაინახა ის, რაც აშკარა იყო მისი კოლეგისთვის პირველ ინსტანციაში და თქვა, რომ დაკავებულებს არ დაურღვევიათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში არა ხუთ, არამედ ოთხ წელს გაატარებენ, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებს სხვა ათობით მოძალადესთან ერთად დაესხნენ თავს.
იმ დღეს თბილისში პირველი ლგბტქ „ღირსების მარშის“ გასაშუქებლად გამოსული სხვადასხვა მედიასაშუალების 50-ზე მეტ თანამშრომელზე იძალადეს. მათ შორის, ყველაზე მძიმედ გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ხელისუფლების მტკიცებით, ის ჰეროინის ზედოზირებით დაიღუპა და მძიმე ტრავმებს, რის გამოც მას ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ექიმის დანიშნულებით ჰქონდა გამოწერილი, მის სიკვდილთან კავშირი არ ჰქონია.
საერთო ჯამში, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეობის ბრალებით 31 პირი დააკავეს.
ლაშქარავას ეპიზოდი ერთადერთია, სადაც სასამართლოს ერთმა ინსტანციამ მაინც ჯგუფური ძალადობა დაადგინა. ამის მტკიცებულება, უფლებადამცველებისა თუ პროკურატურის აზრით, არაერთია.
მაგალითად, საქმეში მტკიცებულებად დევს ვიდეომასალა, რომელიც აჩვენებს ულტრაკონსერვატორული გაერთიანება „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და პრაიდის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, კოკა მორგოშიას მოწოდებას:
„ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი [მოძრაობა „სირცხვილიას“] ოფისისკენ“, - მიმართავს მორგოშია პარლამენტის წინ შეკრებილებს.
ოფისში იყვნენ აქტივისტები, რეპორტიორებთან ერთად. იქ იყო ტვ პირველის გადამღები ჯგუფიც. ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩაამსხვრიეს თავდამსხმელებმა კორპუსში შესასვლელი კარის მინა და შენობაში შეიჭრნენ. ამ წუთებს ბაღათურია დეტალურად აღწერს საკუთარ ჩვენებაშიც.
საქმეში მტკიცებულებად, ასევე, დევს ლაშქარავას გადაღებული 47-წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ესხმის მას თავს მოძალადეების ჯგუფი.
„6 ადამიანია დაკავებული. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ ისინი ჯგუფის წევრები არიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მირანდა ბაღათურია, რომელმაც ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტური პრაქტიკა შეწყვიტა.
ამასთანავე, ბაღათურიას მტკიცებით, პროკურატურას შეეძლო მეტი მტკიცებულების მოპოვება, თუმცა ეს არ გააკეთა. ყოფილი ჟურნალისტი იხსენებს, რომ „სირცხვილიას“ ოფისში იყო ერთი პოლიციელი, რომელსაც სამხრე კამერა ჰქონდა ჩართული, თუმცა ეს ჩანაწერები არ დევს საქმეში. არ არის გარე კადრებიც, რომლებიც აჩვენებდა თავდამსხმელების სახეებს.
„პროკურატურამ იმუშავა ძალიან ცუდად“, - ამბობს ის და ამატებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამოკვეთოს და დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის „მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითი“.
საია მიიჩნევს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს ძალადობის მთავარ ორგანიზატორებს და ამას ადასტურებს საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი განმარტებაც:
„იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს იმის სამტკიცებლად, რომ ბრალდებულები სტრუქტურულად და მყარად ორგანიზებული ჯგუფის მონაწილენი იყვნენ [...] შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენა, რომ ბრალდებულებმა ამ სახის ჯგუფურ მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა“.
საია და სხვა უფლებადამცველები ულტრაკონსერვატორული გაერთიანება „ალტ-ინფოს“ ლიდერების, ზურაბ მახარაძის, შოთა და ირაკლი მარტინენკოებისა და გიორგი ქარდავას მიმართ დევნის დაწყებას გამუდმებით ითხოვდნენ. დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის.
ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე სახალხო დამცველმაც მიმართა პროკურატურას, თუმცა უწყებამ წინადადება არ გაიზიარა.
პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
უწყების მტკიცებით, მათი შეგროვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე იძალადეს ორგანიზებულად, ჯგუფურად, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
„ჩემთვის სულერთია“, - ამბობს მირანდა ბაღათურია და ამატებს: „მოლოდინი მაქვს, რომ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ. შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ აღარ მაინტერესებს. პირდაპირ გვითხრეს, რომ არანაირი უფლება არ გვაქვს ამ ქვეყანაში. არც უზენაეს სასამართლოს ველოდები. ერთადერთი, რაც მამხნევებს, არის სტრასბურგი“.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 5 ივლისს დაზარალებული 16 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი ჩივის. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.
„სამართლიანობის გრძნობა მანამდეც არ მქონდა, მაგრამ 5-მა ივლისმა ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ადამიანის უფლებები იმდენად შელახა, რომ იმედი არ დამიტოვა ამ პროფესიით მუშაობის. პროფესიით, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ვემსახურე 7 წელი“, - ამბობს მირანდა ბაღათურია.