Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ელოდებიან კახეთში გაზაფხულის წვიმებს შიშით


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მაისის მოახლოებას შიშით ელოდებიან. წლის ეს პერიოდი ხშირად წყალუხვობით გამოირჩევა და მდინარეებიდან გადმოსული წყალი მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ანადგურებს.

სოფელ კაბალში გასულ წელს იხსენებენ. 2020 წლის მაისის დასაწყისში მდინარე კაბალმა დიდი რაოდენობით მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და სოფლის ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯიც.

გასულ წელს დაზარალებულთა შორის იყო რამილაშ გულიევი. მას წელსაც 3 სათბური აქვს, სადაც საადრეო კიტრი, პომიდორი და სხვა ბისტნეული მოჰყავს. ამბობს, რომ კაბალის ხევის ნაპირები არც წელს გაუმაგრებიათ და შესაძლოა ძლიერი წვიმების დროს კვლავ მოსავლის გარეშე დარჩეს.

„მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ დამბა გაასწორონ, რათა წყალი არ მოვარდეს და მოსავალი არ გაგვიფუჭოს. გასულ წლებში შემოსავლის გარეშე დავრჩით. წყალი რომ გადმოვარდება, სოფელში ყველაფერს ძირფესვიანად გლეჯავს და მიაქვს. ჩვენამდე არავინ მოსულა და უკვე აღარც ველოდებით, რომ დაინტერესდებიან, რადგან არც პრეზიდენტი გვყავს წესიერი და არც მთავრობა... აქ რასაც ვხედავთ, არაფერია გაკეთებული. წელს 3 000 ლარის ღირებულების სათესლე მასალა მაქვს ნაყიდი. ეს რომ წყალმა წაიღოს, ვინ არის პასუხისმგებელი?“

გასული წლის მაისში გადაუღებელმა წვიმებმა სოფლების მსხალგორისა და ბაისუბნის მოსახლეობაც დააზარალა. ასეულობით ოჯახში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურდა ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, მდინარის კალაპოტები და სანიაღვრე არხები ყოველ წელს რომ იწმინდებოდეს, სტიქიის შედეგები მათზე ნაკლებად აისახებოდა. ბაისუბანში მცხოვრებ ვახტანგ დევიძის თქმით, პრევენციული სამუშაოები არც წელს ჩატარებულა და თუ რამდენიმესაათიანი წვიმა მოვიდა, მოსავალს წალეკვის საფრთხე ემუქრება.

„აქ რომ ჯებირი გაეკეთებინათ, შესაძლოა 100 პროცენტით ვერ დაიცავდა მოსახლეობას, მაგრამ პრევენციისთვის იქნებოდა ძალიან კარგი ღონისძიება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ადგილობრივი ხელისუფლება პრევენციულ სამუშაოებს აღარ ატარებს. აქ არის მიწაყრილები, რომელიც ჩვენი რვათვიანი დაჟინებული მოთხოვნით ორი წლის წინ გააკეთეს, მაგრამ ამ მიწის დიდი ნაწილი უკვე წყალმა წაიღო. მას შემდეგ აქ ტექნიკას აღარ უმუშავია“.

მდინარე კაბალის ორივე სანაპიროზე რამდენიმე დასახლებაა. შესაბამისად, წყალდიდობის დროს საფრთხე დიდია. მიმდინარე წელს 314 ათას ლარზე მეტი გამოიყო იმისთვის, რომ კაბალის ხევში დამცავი გაბიონები აშენებულიყო. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სამუშაოები საფრთხის შემცველი მდინარის მხოლოდ 330 მეტრზეა შესრულებული და ისიც დაგვიანებით. ამის გამო მერიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს საქუოიას წარმომადგენელს, როინ აბუსერიძეს, პროექტის შესახებ დეტალებზე საუბარი არ სურს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხელი შეეშალათ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო.

„მერიამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაგვიწია, რადგან იყო პანდემია და უამინდობა. სამუშაოები დასრულებულია და ექსპერტიზას გადის. რაც შეეხება ჯარიმებს, ჯარიმები ყოველთვის არის...“

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ადასტურებს, რომ კომპანიამ სამუშაოები დათქმულ დროში ვერ შეასრულა და ამის გამო შესაძლოა კიდევ ერთხელ დააჯარიმონ. მდივნიშვილის თქმით, რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული სამუშაოები, ესეც დასადგენია და ამისთვის ახლა სპეციალისტები მუშაობენ. ლაგოდეხის მერის თქმით, კაბალის ხევში სამუშაოები კიდევ არის ჩასატარებელი, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო ის ეტაპობრივად განხორციელდება.

„კომპანიას რამდენჯერმე გადაეწია ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არა სამუშაოების შესრულების ვადა. შესაბამისად, როდესაც სამუშაოებს ჩავიბარებთ, მათ დაეკისრებათ პირგასამტეხლო და ჯარიმა, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. კაბალის ხევში სამუშაოები ჩატარდა (გაბიონების მოწყობა) იმ ადგილზე, რომელიც ყველაზე საფრთხის შემცველად შეფასდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ გვაქვს სხვა პროექტებიც, რომლებიც არამარტო მდინარე კაბალზე განხორციელდება და მოხდება სტიქიური ადგილების გამაგრება“.

ღვარცოფული მდინარეები ლაგოდეხში მრავლადაა. შესაბამისად, ყოველ წელს რამდენიმე ასეულ ოჯახს აღემატება სტიქიით დაზარალებულთა რაოდენობა. ბოლო წლებში ასეთ ოჯახებს არავინ დახმარებია. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიუთითებენ, რომ თუკი ზიანის ანაზღაურება სურთ, მათ უნდა დააზღვიონ უძრავ-მოძრავი ქონება, ზარალს კი სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG