Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ აუქმებს პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობას?


პრეზიდენტი ზურაბიშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენპროკურორის გამო. რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებს და ამის მიზეზი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.

ვაშინგტონმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, როგორც საქართველოს საზიანოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებულ, რუსეთის ინტერესებით მოქმედ „ქართველ-რუს ოლიგარქს“.

სალომე ზურაბიშვილმა 19 სექტემბერს თქვა, რომ ის იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შემდეგ ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად გაუუქმებდა. დასკვნის მიღების შემდეგ კი, გადაიფიქრა და გადაწყვეტილების მიღებას აღარ ჩქარობს.

პრეზიდენტის დაყოვნების გამო, ფარცხალაძე, ვიდრე საქართველოს მოქალაქე იქნება, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული საგამონაკლისო წესით, საქართველოში სანქციებისგან თავის არიდებას შეძლებს.

ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილთან მათი დაპირისპირების მიზეზიც გახდა, ვინც პრეზიდენტს ბოლო დროს გულშემატკივრობდა, პრემიერის ნებართვის გარეშე და „ოცნების“ ნების წინააღმდეგ, ევროპული გზის ლობირების გამო.

  • რა არგუმენტებით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ფარცხალაძესთან მიმართებით?
  • როგორ აფასებენ იურისტები მის არგუმენტებს?
  • რას ცვლის პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილება?

პრეზიდენტის განმარტება - რა და რატომ?

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილს „ცილისმწამებლური კამპანიის“ ადრესატად მოიხსენიებს და მისი გადაწყვეტილების ახსნას საქართველოს ინტერესებით ცდილობს.

ფარცხალაძის თემაზე 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახსენებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“. ეს არის სავარაუდო მინიშნება, რომ პრეზიდენტი ამ 3-თვიანი ვადით სარგებლობას გეგმავს.

განცხადების ტექსტში პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ:

  • „პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები“;
  • „როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“.

მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“ და ამიტომ „პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი „ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს“. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პირი ძირითადად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუკი, მათ შორის - მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

და რისთვის არის საჭირო 3-თვიანი პაუზა?

პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია ბევრისთვის, მაშინ როდესაც 19 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილი სრულ მზადყოფნას აცხადებდა დაუყოვნებლივ გაეუქმებინა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა. ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტმა ეს მიდგომა შეცვალა.

„ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორიც არის „ქართული ოცნების“ მთელი დაჯგუფება; თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს?!“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომლის შეფასებითაც, პრეზიდენტის მიერ ნახსენები 3-თვიანი ვადა ისევ ფარცხალაძის წისქვილზე ასხამს წყალს - „სანამ ეს კაცი დაალაგებს თავის საქმეებს საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ“.

25 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ვაშაძემ ჩამოთვალა მაგალითებიც - თუ რა „პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს“ საქართველოს ყოფილ გენპროკურორს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება:

  • ევროპაში, შენგენის ზონის ქვეყნებში "საქართველოს პასპორტით ადამიანს შეუძლია უვიზოდ გადაადგილდეს";
  • რუსეთის პასპორტით ძალიან ბევრ ქვეყანაში გადაადგილება არის შეზღუდული და ვიზაა საჭირო, რომელსაც "ფარცხალაძეს ნამდვილად არავინ მისცემს“;
  • მართალია, "საფინანსო ტრანზაქციები, მთელ ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში შეზღუდული აქვს ფარცხალაძეს", მაგრამ მას აქვს "ძალიან დიდი ქონება, რომლის დაუყოვნებლივ დაყადაღებას მხოლოდ ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ ის იქნება მხოლოდ რუსეთის მოქალაქე".

ოპოზიციაში მიუთითებენ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილი გადამწყვეტ მომენტში „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. ამ რიგში სახელდება საკადრო გადაწყვეტილებები - ცესკოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა თუ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით.

საქართველოს პასპორტით შენგენის ზონაში ფარცხალაძის შესაძლო თავისუფალი გადაადგილების პერსპექტივა დღეს სხვა არაერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც გაიმეორა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ასევე თქვა, რომ - „ის [ფარცხალაძე] სერიოზულ პრობლემას ქმნის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით“.

პრეზიდენტს ვერც არასამთავრობო სექტორში გაუგეს.

„საფუძველს არის მოკლებული პრეზიდენტის პირველი განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, რომ [ფარცხალაძისთვის] საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება უკეთესი იქნებოდა სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის. ეს საკითხი არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლებრივ დევნასთან ან სხვა ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასთან“, - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“(GDI) ხელმძღვანელი, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

მისი განმარტებით:

  • სახელმწიფოს შეუძლია ერთნაირად იმოქმედოს, როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე არამოქალაქის შემთხვევაში, როდესაც საკითხი დანაშაულის ჩადენას ეხება - გამოიძიოს საქმე და დააკავოს დამნაშავე;
  • მოქალაქეობის საკითხი არაფერს წყვეტს არც ქვეყნის დატოვების შემთხვევაში - საქართველოს მოქალაქესაც და არამოქალაქესაც უნდა შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა, ვიდრე არ გაეცემა პასუხი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს;
  • რომელი ქვეყნის მოქალაქეც უნდა იყოს, თუ დანაშაული შენს ქვეყანაშია ჩადენილი, არ გაქვს ვალდებულება, რომ დაკავებული გადასცე ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის დაკავებული;
  • თუკი დანაშაული ჩადენილია შენს ქვეყანაში, გაქვს უფლება, რომ მოითხოვო, ვთქვათ, დაუსწრებლად გასამართლებული, მსჯავრდებული პირის გადმოცემა და არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა მოქალაქეობას.

ამ დღეებში ექსპერტებმა თუ პოლიტიკოსებმა არაერთხელ გაიხსენეს პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში იხდის სასჯელს. სააკაშვილს 2015 წლის დეკემბერში შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა, მალევე მას შემდეგ, რაც მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

იურისტების წრეებში თავი იჩინა ერთმა კონტრარგუმენტმა, რომ - თუკი ფარცხალაძეს გაუუქმდება საქართველოს მოქალაქეობა, მის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო შედეგიან სამართლებრივ დევნას ვერ განახორციელებს და მაგალითად - რუსეთი, გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად, ქართულ მხარეს არ გადასცემს ოთარ ფარცხალაძეს.

პარალელურად, ჩნდება კონტრშეკითხვაც - ვთქვათ, ფარცხალაძეს მართლაც დაუდასტურდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, რამდენად მაღალია შანსი, რომ რუსეთი საკუთარ ჯაშუშს დათმობს იმის გამო, რომ ის საქართველოს მოქალაქეა?!

გარდა ამისა, ფარცხალაძეს ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

ედუარდ მარიკაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთის შემთხვევაში, მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, გადმოცემის შანსები არარეალისტურია.

ოთარ ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ მედია ჯერ კიდევ 7 თვის წინ, თებერვალში ალაპარაკდა. თუმცა „ოცნებაში“ რამდენიმე დღის წინაც ამბობდნენ, რომ ეს ამბავი არ იცოდნენ. ფაქტი იუსტიციის სამინისტრომ - პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი დასკვნით 20 სექტემბერს დაადასტურა.

ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეობის საკითხის წინა პლანზე წამოწევა ყურადღებას ადუნებს მთავარზე.

„ფარცხალაძის მოქალაქეობა მეორე კი არა, მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაშიც არის მხილებული და რა რეაგირებაც უნდა მოახდინოს სახელმწიფომ მის წინააღმდეგ. არ ვიცი, შეიძლება ისიც იყოს მიზანი, რომ სტრატეგიულად, კომუნიკაციაში, აქცენტი მეორად საკითხებზე გადავიდეს და არა ძირითად საკითხზე, რომ - პასუხისგებაში მიეცეს ეფესბეს [ФСБ] აგენტი“, - ეუბნება ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას.

ერთადერთი არგუმენტი, რომელიც დისკუსიებში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილების სასარგებლოდ მოჰყავთ, ეს არის ხელისუფლების იძულება - გააუქმოს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც - საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი სასამართლოს მისი ბრალი არ ექნება დამტკიცებული.

მსხვილი კომერციული ბანკების უმეტესობა არ აპირებს სებ-ის ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სები-სა და კომერციული ბანკების შესაძლო დაპირისპირებაში, შესაძლოა ბანკები დაზარალდნენ.

რა რეაქცია აქვს „ოცნებას“?

ბოლო პერიოდში იყო პრეზიდენტის მრავალი გადაწყვეტილება - როცა „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ძალიან ხისტად დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო - ევროპელ ლიდერებთან პრემიერის ნებართვის გარეშე შეხვედრის, როგორც კონსტიტუციის დარღვევის გამო.

უკვე ცნობილია, რომ იმპიჩმენტის საფუძვლებს [კონსტიტუციურ წარდგინებას] საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოქტომბერს განიხილავენ.

ამჯერად, ფარცხალაძის მოქალაქეობის თემაზე, პრეზიდენტის მიმართ "ოცნების" გულისწყრომა რბილია.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის უარით „შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება“ და მიჰყვებიან გზას, რომელიც „დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას“.

უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ 25 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ, თავდაპირველი მზაობის შემდეგ, პრეზიდენტის უარით „ქართული ოცნება“ „გაკვირვებული დარჩა“. ოდიშარია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ოპოზიცია ისარგებლებს.

„ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანია დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც სუს-ი დაამთავრებს მოკვლევას და გაკეთდება დასკვნები, მართლმსაჯულების საფუძველზე, ქართული ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან მოხდება მისი დასანქცირება, ან არა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

22 სექტემბერს სუს-ში დაადასტურეს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვის შესახებ. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ არ დაუზუსტებია - სისხლის სამართლის რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სუს-ში გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ დაადასტურა. „ოცნება“ აცხადებდა, რომ სუს-ს აშშ-ისთვის ფარცხალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების გადაცემა უნდა მოეთხოვა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ახალი რეგულაციით - გამოძიების დასრულებამდე - ეროვნული ბანკი ანგარიშებს არ გაუყინავს საქართველოს მოქალაქეს, აშშ-ის მიერ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს. ამ გადაწყვეტილებას „რუსულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი და მის გაუქმებას ითხოვს - მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ფარცხალაძის შემთხვევაში არაფერს ცვლის.

ამასობაში გამოჩნდა, რომ ფარცხალაძე აქტიურობს, რათა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა.

მან უკვე ისარგებლა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ და ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის ეკლესიაც კი - დაჩქარებული წესით შვილს გადაუფორმა. 20 სექტემბერს, მან თავის შვილს ანდრია ანზორ ფარცხალაძეს 12 ერთეული უძრავი ქონება გადაუფორმა და დაჩქარებული მომსახურებისთვის 4000 ლარზე მეტი გადაიხადა.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ფარცხალაძემ ბანკებიდან დიდი ოდენობის ფულის გამოტანაც მოასწრო.

რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია 14 სექტემბერს გამოქვეყნდა და სწორედ იქ მოხვდა, რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო, ფარცხალაძის გვარიც.

აშშ-ის განცხადებით, ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, ეფესბეს ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და ეფესბე იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.

იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, ეფესბეს დახმარებით ჰქონდა მიღებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში - „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG