გასული კვირის ბოლოს ესპანეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები გამოდგება იმის ინდიკატორად, თუ რა მოხდება მაისში ევროპარლამენტის არჩევნებზე - პოპულისტი ულტრამემარჯვენეების გაძლიერებისა და პოლიტიკური ლანდშაფტის ფრაგმენტაციის ფონზე. თუმცა სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის, წარმატებით ესპანეთი, შესაძლოა, გეზს აძლევდეს ევროპის დასუსტებულ მემარცხენე ცენტრისტებს. სანჩესს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს არა მარტო მოძრაობის ახალი სახე, არამედ გადამწყვეტი სიტყვა თქვას, როცა წლის ბოლოს ბრიუსელში მთავარი თანამდებობები განაწილდება.
ესპანეთი ყოველთვის რჩებოდა, რაღაცნაირად, ევროპის განაპირას. ასე გრძელდებოდა, ვიდრე ევროპაში ძალაუფლება ნაწილდებოდა მემარჯვენე ცენტრისტებსა (ესპანეთში „სახალხო პარტია“ PP) და მემარცხენე ცენტრისტებს (ესპანეთის შემთხვევაში, სოციალისტური მუშათა პარტია PSOE) შორის. ეს მოდელი, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილში, ბოლო წლებში თანდათან შეარყია სხვა პარტიების - მათ შორის ულტრა-მემარცხენე „უნიდოს პოდემოსის“ („ერთად შევძლებთ“) და ლიბერალური „სიუდედანოს“ („მოქალაქეთა“) - გაძლიერებამ, თუმცა კვირას ჩატარებულ არჩევნებამდე ესპანეთისთვის უცხო რჩებოდა ულტრამემარჯვენე ტალღა, რომელიც ასეა გაძლიერებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მაგრამ „ვოქსით“, რომელსაც არჩევნებში ხმების 10 % ერგო, ქვეყანაში დაბრუნდა ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის აჩრდილი - აჩრდილი რეჟიმისა, რომელიც ესპანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბატონობდა.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ესპანელი ულტრამემარჯვენეები განსხვავდებიან თავიანთი ევროპელი ნათესავებისაგან. „ვოქსს“ ჰომოფობიურს, მულტიკულტურული საზოგადოების მოძულესა და ისლამოფობიურსაც კი უწოდებენ, თუმცა ის არ არის მკაფიოდ ევროკავშირის მოწინააღმდეგე. ქვეყანაში, სადაც ევროკავშირ ძირითადად დადებითად ახასიათებენ და მის წევრობას ბოლო ათწლეულების დიდ წინსვლას უკავშირებენ, ასეთი პოზიცია საარჩევნო თვითმკვლელობის ტოლფასი იქნეოდა.
ამდენად, „ესპექსიტი“ - ბრექსიტის ანალოგიით - მოსალოდნელი არ არის.
ბრიუსელის ნაცვლად, „ვოქსის“ სიძულვილი ბარსელონისაკენ არის მიმართული. 2017 წელს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა ჯერაც არ კარგავს პოლიტიკურ აქტუალობას და ვოქსელი ქორები ესპანეთში რეგიონებისთვის დათმობილ უფლებამოსილებათა შესაკვეცად იბრძვიან. ამდენად, თუ არ ჩავთვლით სეპარატიზმით გამოწვეულ შიშებს, პარტიად, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად წააგავს „ვოქსს“, უნდა მივიჩნიოთ პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტია“, კათოლიციზმსა და ტრადიციულ ფასეულობებზე აქცენტით - პარტია, რომლისთვისაც, ამავე დროს, მისაღებია ბრიუსელი (არცთუ დიდი ენთუზიამზით).
ორი რამ, რაც ესპანეთის არჩევნებში ვიხილეთ, სავარაუდოდ, განმეორდება სამი კვირის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნების დროს. პირველია მემარჯვენე ცენტრისტების მოყოლა საბედისწერო ხაფანგში: მათი სახიფათო კონკურენცია მემარცხენე ცენტრისტებთან. PP და PSOE ერთად ჯერ კიდევ ფლობენ უმრავლესობას ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, მაგრამ ევროპის პარლამენტში 2019 წლის შემდგომ ალბათ ვნახავთ, რომ პარტიული ოჯახები, რომელთაც ისინი ევროპაში მიეკუთვნებიან, - ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტები და დემოკრატები (S&D), - ერთად აღებული, პირველად ვერ მოიპოვებენ 50 %-ს. მეორეც, მემარჯვენე-პოპულისტების გაძლიერების მიუხედავად, ტრადიციული პარტიები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ უმრავლესობას. ასეა მადრიდში და, სავარაუდოდ, ასე იქნება ევროპული არჩევნების შედეგადაც. მაგრამ ეს მოასწავებს პოტენციურად უხერხულ და ფართო ალიანსებს დაქუცმაცებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. მადრიდში ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება სოციალისტების კოალიცია ულტრამემარცხენეებსა და კატალანელ და ბასკ სეპარატისტებთან.
ჯერ არ არის ნათელი, როგორ მორიგდებიან მაისის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში თანამდებობების განაწილებაზე ქრისტიან-დემოკრატები, სოციალისტები, ლიბერალები და მწვანეები, მაგრამ რახან, სავარაუდოდ, ვერც ერთი ფრაქცია ვერ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, სამი სხვადასხვა პარტიული „ოჯახი“ გაინაწილებს სამ მთავარ თანამდებობას: ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პოსტებს. კვირას არჩევნებში წარმატებით გამხნევებული ტელეგენური პედრო სანჩესი უთუოდ შეეცდება ესპანეთის ინტერესების გატანას. თუ იტალიელმა მემარცხენე-ცენტრისტმა პრემიერ-მინისტრმა მათეო რენციმ 2014 წელს გამოიყენა საარჩევნო წარმატებები ევროკავშირის დიპლომატიის სათავეში თავისი პროტეჟეს, ფედერიკა მოგერინის, დასაყენებლად, ახლა, შესაძლოა, ასე მოიქცეს სანჩესიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგერინის შემცვლელად ნოემბერში ესპანელ სოციალისტს იხილავთ.