Accessibility links

სოხუმი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
არძინბა თუ გუნბა - რომელი ურჩევნიათ გალელებს?

არძინბა თუ გუნბა - რომელი ურჩევნიათ გალელებს?


2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ სოხუმში (საილუსტრაციო ფოტო)
2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ სოხუმში (საილუსტრაციო ფოტო)

შაბათს, 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და ამ არჩევნებით, დიდი ალბათობით, აფხაზეთში პოლიტიკური თაობა შეიცვლება.

პოსტის დასაკავებლად 5 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მთავარი გამოკვეთილი კანდიდატი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბაა. ორივე 43 წლისა.

დანარჩენი კანდიდატები არიან კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი, 50 წლის რობერტ არშბა; “აფხაზეთის სავაჭრო პალატის” ყოფილი წარმომადგენელი რუსეთში, 57 წლის ოლეგ ბარციცი და “შავი ზღვის ბანკის განვითარების” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, 42 წლის ადგურ ხურხუმალი.

“საპრეზიდენტო კანდიდატები” წინასაარჩევნოდ გალშიც ჩავიდნენ, სადაც 30 000-მდე მცხოვრებლიდან ხმის მიცემის უფლება, აფხაზეთის მოქალაქეობის არქონის გამო, მხოლოდ 1 200-მდე ადამიანს აქვს.

საარჩევნო კამპანია აფხაზეთში 10 იანვარს დაიწყო. სოხუმიდან პირველი გალში 24 იანვარს ადგურ არძინბა ჩავიდა. ის 2020 წლის “საპრეზიდენტო არჩევნებშიც” მონაწილეობდა, თუმცა ასლან ბჟანიასთან დამარცხდა. ბჟანია-ანქვაბის გუნდის მთავარი მოწინააღმდეგე არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში, 2015-2020 წლებში, ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო. ის ამჟამად “აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ლიდერია.

პარტაქტივთან შეხვედრა გალის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც არძინბამ თქვა, რომ მან იცის გალელების პრობლემები და, რომ გასული 5 წლის განმავლობაში არაერთხელ ჩასულა “სასაზღვრო რაიონში, რომელიც სატრანსპორტო ჩიხად იქცა”.

გალელები ადგურ არძინბასთან შეხვედრაზე.
გალელები ადგურ არძინბასთან შეხვედრაზე.

“ეს [სატრანსპორტო საკითხი] უნდა გადაწყდეს მომავალ წლებში, იმიტომ რომ ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებსაც საქართველოში ვაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი გალღვება.

ბუნებრივია, ქართული მხარე, 32 წლის შემდეგ მიდის აზრამდე, რომ მეზობლებთან უნდა იმეგობრო და არა იომო.

ჩვენ უკვე ახალი თაობა ვართ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან, პრაქტიკულად ჩემი თანატოლები არიან, მათი შვილები ჩემი შვილების ტოლები არიან. დარწმუნებული ვარ, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი შვილები ერთმანეთს იარაღით ხელში შეხვდნენ ამ მიწაზე. ყველას მშვიდობა გვინდა”, - თქვა არძინბამ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა დარჩა და ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებაა.

“მიიღონ ის რეალობა, რომელიც 1993 წლის სექტემბერში დადგა და გაიხსნება სატრანსპორტო კორიდორი, დაიწყება ეკონომიკური ურთიერთქმედება და გალის რაიონი სხვაგვარად იცხოვრებს”, - უთხრა არძინბამ გალელებს და დასძინა, რომ აქვთ ნათელი გეგმა და მოკლე ვადაში აღადგენენ ვარდნილჰესებს გალში, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს.

29 იანვარს გალის კულტურის სახლთან შეკრებილებს მიმართა ბადრა გუნბამ. ის ბჟანია-ანქვაბის გუნდის წარმომადგენელია და მის საარჩევნო შტაბს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2011-2014 წლებში ალექსანდრ ანქვაბი ხელმძღვანელობს. გუნბა 2020 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ბჟანიას გადადგომის შემდეგ, 2024 წლის ნოემბრიდან კი, “პრეზიდენტის” მოვალეობას ასრულებდა. გალის კულტურის სახლის გარეთ შეკრებილ ადგილობრივებთან გუნბამ ძირითადად გალელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პრობლემებზე, ხელფასებისა და პენსიების საკითხზე ისაუბრა.

გალელები ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე გალის კულტურის სახლის წინ.
გალელები ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე გალის კულტურის სახლის წინ.

“ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ მექანიზმი, რომ პენსიონერებმა მიიღონ პენსიები. მჯერა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გამოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც აფხაზეთის მოქალაქეების და იმ ადამიანების პენსიები გათანაბრდება, ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს”, - განაცხადა გუნბამ.

ის გალის ნაგავსაყრელის ამ დრომდე მოუგვარებელ პრობლემასაც შეეხო, რომელიც სოფელ შაშიკვარაში მდებარეობს და ადგილობრივ მოსახლეობას გაუსაძლის პირობებს უქმნის.

“გულრიფშის რაიონში უკვე 3 წელია ვახორციელებთ ნაგავსაყრელის მშენებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ წელს ვეცდებით ამ ნაგავსაყრელის შექმნის დასრულებას”, - თქვა მან.

გუნბას ტრიბუნაზე 2023 წლის ივლისში ფემიციდის ნიადაგზე მოკლული ნათია ბახტაძის დედის წერილი გადასცეს, რომელიც ხმამაღლა არ წაიკითხა, მაგრამ თქვა, რომ ამ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს.

გალში პარტაქტივთან და ადგილობრივებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგურ ხურხუმალი და რობერტ არშბა გუნდთან ერთად. არშბამ ვიზიტი სავალალო მდგომარეობაში არსებული გალის ნაგავსაყრელის მონახულებით დაიწყო სოფელ შაშიკვარაში.

გალში კანდიდატებთან შეხვედრაზე მისული ადამიანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გალელები ბადრა გუნბას იწონებენ. ადგილობრივები რადიო თავისუფლებასთანაც ამბობენ, რომ გუნბას გამარჯვება ურჩევნიათ, რადგან შიშობენ, არძინბამ შესაძლოა 2014-2020 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მკაცრი და ხისტი პოლიტიკა გააგრძელოს გალში. ხაჯიმბას პერიოდში არძინბა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო.

“არცერთ კანდიდატს არ ვიცნობ, მაგრამ რადგან ადგურ არძინბა ადრე ხაჯიმბას გუნდის წევრი იყო, მეშინია, ხაჯიმბას გუნდის მკაცრი პოლიტიკა არ გააგრძელოს ჩვენზე, ამიტომ გუნბას გამარჯვება ჯობია მგონი ჩვენთვის”, - ამბობს გალის რაიონის მცხოვრები.

“ვიცით, რომ რადიკალურ ცვლილებებს ჩვენთვის არავინ მოიტანს. ბოლო წლებში გადაადგილება შედარებით არ იზღუდება, საზღვარი საარჩევნოდ ჩაკეტეს, როგორც მახსოვს, მხოლოდ. ხაჯიმბას დროს არავინ იცოდა, ვის რა მოუვიდოდა აზრად და როდის ჩაგვიკეტავდნენ გზას, ამიტომ იმ დროის დაბრუნებას მირჩევნია, რაც გვაქვს ის შენარჩუნდეს”, - ამბობს გალის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები.

2014 წლიდან რაულ ხაჯიმბას პერიოდში გალელ ქართველებს მათზე გაცემული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები ჩამოართვეს და 2017 წლიდან მათზე ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყეს. დოკუმენტის მოპოვება დროში გაწელილი პროცესი იყო და რამდენიმე წელი ათასობით გალელს შეექმნა გადაადგილების პრობლემა ენგურის მეორე მხარეს. გარდა ამისა, პერიოდულად იკეტებოდა ენგურის ხიდი, რის გამოც რაიონში ადამიანები ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდნენ.

2020 წლის მარტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ასლან ბჟანია/ალექსანდრ ანქვაბის დე ფაქტო მთავრობა ჩაუდგა სათავეში. მათი ხელმძღვანელობაში მოსვლიდან მალევე გალის მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევასა და ინტეგრაციაზე დაიწყო საუბრები, თუმცა პროცესები შორს არ წასულა.

გალელების წინაშე მდგარ მრავალ განგრძობით პრობლემას შორის უმთავრესი სამართლებრივი სტატუსია, რაც აფერხებს მათ ხელმისაწვდომობას ძირითად უფლებებსა და სერვისებზე. პირადი უსაფრთხოება და დანაშაულისგან დაცვა ბევრი გალელისთვის დღემდე გამოწვევაა. გალის რაიონში ასევე შეზღუდულია ქართულ ენაზე სწავლა.

“ძალიან დამთრგუნველი ინფორმაცია გვესმოდა ხაჯიმბას დროს. საბუთებზე პრობლემები მაშინ გამწვავდა, ძალიან ვიწვალეთ, გზა სულ იკეტებოდა და სულ სანერვიულო გვქონდა. ხაჯიმბას შემდეგ ვინც მოვიდა, თითქოს უკეთ ესმით ჩვენი. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ძალიან გამგებიანი ადამიანია, წინა არ იყო მასეთი და ამიტომ გვეშინია სულ”, - ამბობს გალელი ქალი.

ბადრა გუნბას კრემლის მხარდაჭერაც აქვს. თებერვლის დასაწყისში გუნბას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა მოსკოვში სხვადასხვა მინისტრთან, მათ შორის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მოსკოვში შეხვედრების შემდეგ, გასული წლის ბოლოს შეჩერებული პენსიები და ხელფასები გადაირიცხა და რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებაც მალევე აღდგა.

კრემლმა აფხაზეთში პირველად ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით, ბადრა გუნბა ორჯერ უსწრებს ადგურ არძინბას პირველ ტურში და 32%-ით იმარჯვებს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ადგურ არძინბას მხოლოდ 15% უჭერს მხარს, ოლეგ ბარციცს - 7%, რობერტ არშბას - 5%, ადგურ ხურხუმალს - 2%.

ამ სოციოლოგიურ გამოკითხვას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა. აფხაზურ ტელეგრამარხებზე ჩატარდა გამოკითხვა კითხვით - მიიღეთ თუ არა ВЦИОМ-ის გამოკითხვაში მონაწილეობა. უმრავლესობა პასუხობდა, რომ არა. ტელეგრამარხის გამოკითხვებში კი პირველ ადგილს ოპოზიციონერი ადგურ არძინბა იკავებდა.

დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ ВЦИОМ-ის გამოკითხვა არ იყო შეთანხმებული მათი სტატისტიკის კომიტეტთან.

აფხაზეთის გარდა, 15 თებერვალს “არჩევნები” ჩატარდება მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს. საარჩევნო უბანი იყო გახსნილი თურქეთის საქარიის პროვინციაში, თუმცა აფხაზური აფსნიპრესის თანახმად, თურქეთში საარჩევნო უბანი დაიხურა.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG