Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უჩვენებს მოსკოვზე დრონებით გახშირებული თავდასხმა?


უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები იკვლევენ დრონების თავდასხმით დაზიანებულ საოფისე შენობას მოსკოვში (2023 წლის 1 აგვისტო). მოსკოვში უპილოტოების ბოლო შეტევას კრემლის ნერვული რეაქცია მოჰყვა.
უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები იკვლევენ დრონების თავდასხმით დაზიანებულ საოფისე შენობას მოსკოვში (2023 წლის 1 აგვისტო). მოსკოვში უპილოტოების ბოლო შეტევას კრემლის ნერვული რეაქცია მოჰყვა.

ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა მოხდა „მოსკვა-სიტიდ“ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტრო, კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტებია.

უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს მოსკოვზე დრონებით შეტევასთან კავშირს. მაგრამ, როდესაც მოსკოვზე დრონების მორიგი თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მის ტერიტორიაზე ბრუნდება.

ამ ფონზე, დასავლეთში და ასევე კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ბლოგერებში სულ უფრო იზრდება იმის რწმენა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ომისაგან დაიცვას საკუთარი მოსახლეობა.

„გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესი”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ გასულ ღამით, „კიევის რეჟიმმა“ სცადა „ტერორისტული შეტევა“ ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, „მოსკვა-სიტის“ შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ბოლო დროს უპილოტო თვითმფრინავების თავს სულ უფრო ხშირად ესხმიან არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე, არამედ რუსეთის ცენტრალურ რეგიონებსაც.

ეს მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დრონებით მოსკოვზე თავდასხმის მეხუთე მცდელობაა. 24 ივლისს ერთი უპილოტო თვითმფრინავი ლიხაჩოვის გამზირზე მშენებარე ბიზნესცენტრს დაეჯახა, მეორე კი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობას დაეცა. კვირას ღამით, ქალაქ მოსკოვში ცათამბჯენებს ორი უპილოტო თვითმფრინავი დაეჯახა, მეორე კი მოსკოვის მახლობლად ჩამოაგდეს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მიაღწია იმავე კოშკამდე, სადაც თავდსახმისას იყო 30 ივლისსაც და დააზიანა 21-ე სართულის ფასადი. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა.

რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში კიევს ადანაშაულებს. ამ თავდასხმებზე უკრაინული მხარე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, 31 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, მოსკოვის ქალაქის კომპლექსზე ღამის დარტყმის კომენტირებისას თქვა, რომ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ხშირად მოხდებაო.

მან, ფაქტობრივად, გაიმეორა წინა დღით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმრი ზელენსკის მიერ მოსახლეობისადმი მიმართვაში, რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანის თაობაზე, გახმოვანებული შეფასება

„თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოსკოვში უპილოტოების ბოლო შეტევას კრემლის ნერვული რეაქცია მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ მოსკოვისთვის აშკარაა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების საფრთხე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ კრემლი ვერ ხედავს „მოსკვა-სიტიზე“ სავარაუდოდ უკრაინული დრონებით განხორციელებულ იერიშსა და 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ საავიაციო ტერაქტებს შორის მსგავსებას, რომელსაც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოუხმო.

22 წლის წინანდელ ტერაქტს აშშ-ში სამი ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

„მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ ომის შეჩერება“

31 ივლისს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ახალი ანგარიში, რომელზეც რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის რუსეთის დედაქალაქზე ბოლო ხანს გახშირებული დრონების იერიშებზეც, არის გამახვილებული ყურადღება.

„მოსკვა-სიტიდ“ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე დრონებით მომხდარ თავდასხმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ სოციალურ სივრცეში.

„მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავების იერიში, შიდა რეპრესიების განსაკუთრებული დონე და კსკ „ვაგნერის“ ამასწინადელი ამბოხი, ჯამში, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს არ შესწევს ომისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვის უნარი“, - წერს ტვიტერში ბრიტანეთის სამხედრო უწყება.

მრავალ ანალიტიკოსს, ბლოგერსა თუ საზოგადო მოღვაწეს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი შემდგომშიც მიიტანონ იერიში რუსეთის დედაქალაქზე, რომელიც არც ისე დაცულია, როგორც რუსული პროპაგანდა აცხადებს.

„ანონიმურმა, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ უკრაინელმა ოპერატორებმა განახორციელეს ახალი სიმბოლური იერიში რუსეთის დედაქალაქზე. დარტყმის ადგილიდან კრემლამდე, ჰაერით, კუტუზოვის პროსპექტიდან ახალ არბატამდე, პირდაპირი გზით სულ რამდენიმე კილომეტრია. მოსკოვი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრის მანძილზე იმყოფება. ბოლო ხანს მოსკოვზე დრონებით რამდენიმე დარტყმა განხორციელდა. უკანასკნელი - თავდაცვის სამინისტროს შენობათა კომპლექსის რაიონში. ამასწინანდელი რეზონანსული იერიში - პუტინის „გორკის“ რეზიდენციის, სარაკეტო-კოსმოსური ძალების შტაბისა და მოსკოვის ელიტის აგარაკების (რუბლიოვკა, ბარვიხა, სნეგირები) რაიონებში მოხდა“, - წერს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

მწერალ-სატირიკოსი და პუბლიცისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი კი იმედოვნებს, რომ მოსკოვზე ბოლო შეტევა გამოაფხიზლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც „მადას არ უფუჭებს“ კიევზე ჩამოყრილი ბომბები.

„ცოტა ხნის წინ სიტყვა „მოფრენა“ (რუსეთში სიტყვა "прилет" ასევე იხმარება რაკეტის დანიშნულების ადგილამდე მიფრენის აღსანიშნავად - რედ.) ნიშნავდა გარკვეულ ყოველდღიურობას აეროპორტის ცხოვრებიდან... „მოსკვა-სიტიში“ მოფრენა მე ძალიან წარმატებულად მიმაჩნია. მსხვერპლი არ არის, შთაბეჭდილება კი მკაფიო და ძლიერია... და თანაც სწორ მისამართზე მიფრინდა - იმ ელიტური აპარტამენტებისა და კაბინეტების ბინადართა დასახმარებლად, რომლებსაც მადას არ უფუჭებს კიევზე ბომბების ცვენა. მე კი ვამბობ: რადგან ისტორიის სახელმძღვანელოებიდან მათ თავებში არაფერი შედის, მაშინ სხვა რეცეპტორებით შევა. ეი, თქვენ, ზნეობრივო იდიოტებო, მკვლელების ამფსონებო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - წერს შენდეროვიჩი.

რუსეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ აშშ, მთლიანობაში, მხარს არ უჭერს რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე იერიშებს. ამავე დროს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და „უკრაინიდან ჯარის გაყვანით მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამ ომის დამთავრება“.

  • 1 აგვისტოს 524-ე დღე შესრულდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყებიდან.
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". მაგრამ ამ ოპერაციის განმავლობაში რუსეთმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია - ვერ შეცვალა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლება და ვერ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო და ფინანსური დახმარების შედეგად.
  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 9369 და დაიჭრა 16 646 სამოქალაქო პირი. ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან გაეროს ექსპერტებს არ აქვთ წვდომა მარიუპოლზე, ლისიჩანსკსა და სხვა ისეთ ქალაქებზე, სადაც, არსებული ცნობებით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG