Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებენ სულ სხვა არძინბას?


ინალ არძინბა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი
ინალ არძინბა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი

4 სექტემბერს აფხაზური და რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, 5 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში უარყო სამინისტროს პრესცენტრმა.

„ინფორმაცია აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, თუმცა ინალ არძინბას გადადგომის უარყოფამდე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოასწრო ორი მაღალი თანამდებობის პირის მოხსნა: სამსახურიდან გაუშვა ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ჯანსუღ ნანბა. პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ცნობებსაც საფუძველი ჰქონდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წელია (2021 წლის ნოემბრიდან) ხელმძღვანელობს „პუტინის კარზე გაზრდილი“ სახელმწიფო მოხელე, 33 წლის ინალ არძინბა, რომელმაც სოხუმში თანამდებობის მიღებამდე ბევრი წელი გაატარა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც მას, მუშაობის მკაცრი სტილის გამო, მეტსახელად „დობერმანიც“ კი შეარქვეს.

თავის დროზე სოხუმში მისი გადაყვანა ბევრმა აღიქვა მოსკოვის შორს მიმავალი გეგმის ნაწილად, თუმცა ორი წლის შემდეგ აფხაზეთი კვლავ ჭირვეულობს ე.წ. სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემისა და აპარტამენტების შესახებ კანონის მიღების საკითხებში.

გარდა ამისა, რუსეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივი საზოგადოების მწვავე რეაქცია აფხაზეთის ანექსიის, რუსეთთან შეერთების იდეაზე, რომელიც „აფხაზეთის აღიარების“ წლისთავზე რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გაახმოვანა.

ინალ არძინბა აფხაზეთში რუსული ინტერესების ყველაზე ღია გამტარებლად მიიჩნევა და, როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, თამთა მიქელაძე ამბობს, არძინბა ამ ინტერესებს ატარებს თავხედურად და სწორხაზოვნად.

„ინალ არძინბამ სრულად მოშალა აფხაზეთის ე.წ. მულტივექტორული და აღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის მტრადაც კი აღიქმებოდა საზოგადოებაში. ინალ არძინბამ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი პრობლემა შეუქმნა და მათ კონტროლსა და შევიწროებაში უშუალოდ იყო ჩართული“, - დაწერა თამთა მიქელაძემ მას შემდეგ, რაც აფხაზურ მედიაში ინალ არძინბას თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გავრცელდა.

ინალ არძინბა მხარს უჭერს დე ფაქტო მთავრობის ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელშიც აფხაზეთის საზოგადოება დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავს. საუბარია როგორც ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რუსული კომპანიებისთვის მიყიდვაზე, ასევე ე.წ. აპარტ-ოტელების შესახებ კანონის მიღებაზე, რაც, ბევრი ექსპერტის თქმით, უცხოელებს (რუსეთის მოქალაქეებს) აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

ინალ არძინბა
ინალ არძინბა
ინალ არძინბა - დაიბადა სოხუმში 1990 წლის 26 ივლისს - რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე; რუსეთის პრეზიდენტის აპარატის დსთ-ს ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელი.
2007-2012 წლებში სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე.
2014 წლიდან დაიწყო არძინბას კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც იყო დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს კონსულტანტი, შემდეგ კი ვლადიმირ სურკოვის პირველი მოადგილე. სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არძინბა კურირებდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას. ამ ყველაფრის გამო უკრაინამ ინალ არძინბა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
2021 წლის ნოემბერში აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად.

ინალ არძინბამ სახელი სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული შევიწროებითაც „გაითქვა“. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს მოქმედების არეალი შეუზღუდოს ავტორიტეტიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხოლო ადგილობრივი არასამთავრობოები დასავლეთის აგენტებად წარმოაჩინოს. როგორც აფხაზი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი ამბობს, არძინბა რუსულ ტელემედიაში გამოჩენისას ყოველთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მავნებლობაზე ლაპარაკობს.

„ის არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც დღეს რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებშია. აქცენტს აკეთებს დასავლეთიდან მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით მას სურს ასიამოვნოს კრემლს, სადაც ოდესღაც დაიწყო მისი კარიერა... ინალ არძინბას რიტორიკა აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების მესიჯია.

პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია გრანდიოზული ეკონომიკური პროექტების განხორციელების ზღვარზეა. ეს პროექტები აშინებს აფხაზურ საზოგადოებას. ვინაიდან აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებით, ირიბად მოიხსნება უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვა, რაც აფხაზური საზოგადოების აზრით, ენერგეტიკის სფეროს დენაციონალიზაციასთან ერთად, საფრთხეს შეუქმნის რესპუბლიკის სუვერენიტეტს“, - ეს მოსაზრება აფხაზმა ჟურნალისტმა 2023 წლის ივნისში გამოთქვა, როცა ინალ არძინბამ რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას მორიგ ჯერზე „ამხილა“ სამოქალაქო სექტორი დასავლეთთან თანამშრომლობაში. არძინბა, როგორც წესი, ტოლობის ნიშანს სვამს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის და ამასაც შეგნებულად აკეთებს.

აფხაზი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი
აფხაზი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ინალ არძინბა უკიდურესად არაპოპულარულია აფხაზეთში:

„ყველა ხედავს, რომ არძინბა მხოლოდ გვარია, დანარჩენით, ის რუსი ჩინოვნიკია, რომელიც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს აფხაზებისათვის. ინალ არძინბა აფხაზებისთვის სერიოზული გამოწვევაა. არ გამორიცხავენ, რომ როცა მას ასაკი მისცემს შესაძლებლობას (35 წლის უნდა იყოს), პრეზიდენტობაზეც იყაროს კენჭი და გამორიცხული არ არის, რომ არძინბამ დაიწყოს მოძრაობა რუსეთთან შეერთებისკენ. ეს საფრთხე არსებობს და აფხაზებს ამის ეშინიათ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ამას არ დაუშვებენ“.

ინალ არძინბა მართლაც რუსი პოლიტიკოსივით მოქმედებს და მეტყველებს.

„შემაშფოთებელი სიგნალია, რომ ქართული რადიკალური შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეზე იბრძვიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილის მსგავსი ადამიანები ელოდებიან საქართველოში მათ დაბრუნებას, რათა კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. პირველი, რასაც გეგმავენ, ეს არის პროვოკაცია საზღვარზე, ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება“, - ეს თქვა ინალ არძინბამ ორიოდე კვირის წინ, როცა მთელი ადგილობრივი საზოგადოება აღშფოთებული იყო აფხაზეთის შესაძლო ანექსიის შესახებ მედვედევის განცხადების გამო.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კრემლიც ინალ არძინბას თავის საკუთარ რესურსად აღიქვამს და, შესაბამისად, ცდილობს მის ეფექტიანად გამოყენება-განკარგვას. სწორედ ამ კონტექსტში განიხილეს Telegram-არხის „აფხაზია-ცენტრის“ ანალიტიკოსებმა ინალ არძინბას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობა. დასახელდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:

  • ინალ არძინბა გადაჰყავთ მოსკოვში

უკრაინის საკითხებზე. ეს ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვერსიაა. 1,5 წელია ომი მიდის, შესაბამისად, გვიანი დანიშვნა იქნება. სურკოვთან დონბასის საკითხში თანამშრომლობის გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ესეც დაგვიანებულია, თანაც სურკოვიც აღარ არის ის, რაც ომამდე იყო. ომის კატასტროფული დაწყებაც დიდწილად სურკოვისა და კომპანიის „დამსახურებაა“.

  • ინალ არძინბას ამზადებენ აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინალ არძინბა მოსკოვისთვის ყველაზე კომფორტული ფიგურაა აფხაზეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. არძინბა არის კლასიკური რუსი მოხელე და არა ადგილობრივი არაპროგნოზირებადი ლიდერი. რუსი პოლიტიკოსებისთვის მოსახერხებელია მასთან ურთიერთობა, არძინბას მშვენივრად ესმის მათი. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ექვს თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა არძინბას პრეზიდენტობას ხელს უშლის ასაკი: ის 33 წლისაა, არჩევნები გაისად იმართება, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ქვედა ზღვარი კი 35 წელია.

  • ინალ არძინბას არიდებენ დარტყმას

აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები სავალალო მდგომარეობაშია. მოსკოვს მოჰბეზრდა გაჯანჯლებული ცალმხრივი სიყვარული, კრემლი პრაგმატულად ითხოვს დათმობებს მნიშვნელოვან საკითხებში, რაც იწვევს უკმაყოფილებას აფხაზეთში. უხეში განცხადებები კეთდება როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას ესმის, რომ მოსკოვი თავის მოთხოვნებს მაინც გაიტანს და, ალბათ, ამიტომ საჭიროა არძინბას ცოტა ხნით განრიდება, რათა მისი იმიჯი გადარჩეს და არ იქცეს იგი აფხაზური საზოგადოების კრიტიკის ობიექტად. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ანექსიას და პროცესის დასრულების შემდეგ არძინბას სოხუმში დაბრუნებას.

  • ინალ არძინბას არც ისე გავლენიანია, როგორც ჩანს

მისი საქმიანობა თვისებრივად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან (აქტიურობს მედიაში, ბევრს მოგზაურობს, ხვდება პოლიტიკოსებს, მუშაობს ახალგაზრდებთან), მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი საკმაოდ ვირტუალურია. ვენესუელასა და ნიკარაგუასთან კონტაქტები სხვა არაფერია, თუ არა ლამაზი სურათი, რომლის მიღმაც არაფერია. ლუკაშენკაც დიდი არაფერი პარტნიორია. საკუთრივ აფხაზეთში ინალ არძინბას არცთუ ისე ძლიერი პოზიცია აქვს, მოსკოვის პროტეჟედ ითვლება და არ მოსწონთ ზედმეტად ამბიციურობის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე, ის ვერ გაუწევს კონკურენციას ადგილობრივ კრიმინალურ მაგნატებსა და შეიარაღებულ პოლიტიკოსებს.

4 და 5 სექტემბერს ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმაც, მათ შორის, ინტერფაქსმა და ТАСС-მა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საინფორმაციო ხმაურს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი ანუ იგეგმებოდა ინალ არძინბას „გადაადგილება“.

შესაძლოა ამის მიზეზი დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ავადმყოფობის დროს ინალ არძინბას უჩვეულო გააქტიურება იყო, მით უფრო, რომ ბჟანიამ მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნების შემდეგ ერთგვარი საკადრო წმენდა წამოიწყო... ასლან ბჟანიას ასევე უნდა ახსოვდეს 2022 წლის 3 ოქტომბერს საველე მეთაურისა და აფხაზეთის გმირის, ახრა ავიძბას განცხადება:

„საგარეო საქმეთა მინისტრი გატაცებულია იმით, რომ თავს მომავალ პრეზიდენტად აღიქვამს, თუმცა მას აქვს ერთი ტრაგედია: მომავალ არჩევნებზე არ იქნება 35 წლის. მან გარკვეული ადამიანების შუამავლობით მთხოვა, მომეწყო გადატრიალება და ერთი წელი გამეყვანა დრო. ასეთ შემთხვევაში ინალ არძინბა შეძლებდა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას“.

საველე მეთაური და აფხაზეთის გმირი, ახრა ავიძბას
საველე მეთაური და აფხაზეთის გმირი, ახრა ავიძბას

ასლან ბჟანია 2024 წლის არჩევნებისათვის 61 წლის იქნება (პრეზიდენტობის ასაკის ზედა ზღვარი 65 წელია), შესაბამისად, ბუნებრივია, რომ იგი კვლავ აპირებს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას, ხოლო ინალ არძინბას თავის კონკურენტად ხედავს. ასე რომ, ინალ არძინბას აფხაზეთიდან გაშვებით ასლან ბჟანია მხოლოდ იხეირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეიცვალა და თანაც არა სოხუმში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ინტერფაქსისა და ТАСС-ის „ცოდვები“ რატომღაც უკრაინელებს აჰკიდა.

„უკრაინელი საინფორმაციო დივერსანტები არ წყნარდებიან. ახლა ახალი გასართობი ნახეს - "გაათავისუფლეს" და მაშინვე ახალ თანამდებობაზე "დანიშნეს" აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც დიდი ხანია არ აძლევს მათ მოსვენებას“, - დაწერა მარია ზახაროვამ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG