2023 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის ჯარების სატანკო კოლონა და რამდენიმე ასეული საზღვაო ქვეითი დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის (უკრ. უჰლედარის) მახლობლად უკრაინის დამცველთა ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. დამამცირებელმა მარცხმა, აგრესორმა რომ იწვნია, კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინელთა სიმამაცე და რუსების მოუქნელობა, ასე ხშირად რომ ახლავს მათ მიერ წარმოებულ ოპერაციებს.
მაგრამ დრო გავიდა. ვითარება შეიცვალა.
2 ოქტომბერს უკრაინის სარდლობამ დაადასტურა უგლედარიდან საკუთარი ქვედანაყოფების გაყვანა, დონბასის რეგიონის ვრცელ ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთის მრავალთვიანი უწყვეტი სამხედრო იერიშების გამო.
ეს ცხადყოფს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკრაინელი სამხედროები, რომელთა გადარჩენის მიზნითაც იქნა მიღებული უგლედარიდან პირადი შემადგენლობის გაყვანის გადაწყვეტილება.
აი, ზოგიერთი საინტერესო დეტალი ქალაქ უგლედარის გარშემო მიმდინარე ორწლიანი ბრძოლების ისტორიიდან.
დაბლობზე გადაჭიმული ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა
მოსკოვის სამხედრო აგრესიამდე, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონის დედაქალაქ დონეცკიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარე მაღაროელთა ქალაქ უგლედარში, 14 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის საბჭოთა სტილის რუხი ფერის მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებშიც ბოლოს ასამდე ადამიანი იყო დარჩენილი, საბრძოლო მოქმედებების გამო ამჟამად სრულიად დანგრეული და გაპარტახებულია.
ქალაქი უგლედარი შემაღლებულ ტერიტორიაზეა, რაც იდეალურ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ საარტილერიო და სარაკეტო სისტემის განლაგების შემთხვევაში საფრთხე დაემუქროს აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ მაგისტრალს ( ე.წ. Т-0509) და ქალაქიდან 30 კილომეტრით დაშორებულ მსხვილ სარკინიგზო კვანძს.
ამიტომაც არის, რომ რუსეთი მთელი 2 წლის განმავლობაში არ იშურებდა ძალებს, რათა ხელთ ეგდო უგლედარი.
2022 წლის ნოემბერში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის მე-9 თვეს, რუსეთის ჯარი, რომლის ავანგარდშიც ელიტური, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იმყოფებოდა, უგლედარიდან სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ პავლოვსკში შეიჭრა. მაგრამ ეს იერიში ბრიგადას დიდ დანაკარგად შემოუტრიალდა, რის გამოც ოფიცერთა ერთმა ჯგუფმა მოგვიანებით გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც ბრიგადის სარდლობა იყო გაკრიტიკებული.
ამ ეპიზოდიდან 2 თვის თავზე, 2023 წლის იანვრის ბოლოს უგლედარს რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფმა შეუტია, მაგრამ ბრძოლების შედეგად დიდი დანაკარგი განიცადა. სხვადასხვა მონაცემით, მაშინ უგლედარში რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
უგლედართან რუსეთის არმიის ორი წარუმატებელი იერიშის მცდელობამ, მიმომხილველების აზრით, წარმოაჩინა ღრმა პრობლემები, პირველ ყოვლისა მართვის დონეზე, რის გამოც მოისუსტებდა კავშირი და კოორდინაცია სამხედრო ქვედანაყოფებს შორის.
რა ხდება დღეს?
დაახლოებით 2024 წლის დასაწყისში, რუსეთის არმიამ გააძლიერა ზეწოლა უკრაინის მთელი 1100-კილომეტრიანი სიგრძის ფრონტის ხაზზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზეა გადაჭიმული: ხარკოვიდან სამხრეთით უგლედარის მიმართულებით და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთით მდინარე დნეპრის გაყოლებით ხერსონის ოლქის მიმართულებით.
სულ მცირე, სამ მიმართულებაზე, ძირითადად დონბასის რეგიონში, რუსეთის ჯარმა, რომელიც კარგად ანაზღაურებადი დაქირავებული ჯარისკაცებით გაძლიერდა, პირადი შემადგენლობის რიცხოვნობისა და ტექნიკის მხრივ არსებული უპირატესობის წყალობით, შეძლო უკრაინის თავდაცვის გარღვევა და წინ წაწევა.
დასახლებულ პუნქტ ჩასივ-იარში, რუსეთის ჯარებმა მრავალთვიანი ბრძოლების შედეგად შეძლეს ქალაქის აღმოსავლეთ რაიონის დაკავება და ცდილობენ არხის გადალახვას, რათა მთელი ქალაქი იგდონ ხელთ.
როგორც უგლედარის შემთხვევაში, ჩასივ-იარიც მაღლობზეა განლაგებული და მისი კონტროლი რუსეთის არმიას შესაძლებლობას მისცემდა, რომ საფრთხე შეუქმნას დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით - ქალაქ კონსტანტინოვკას, რომელიც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. დონბასში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის შევსება და როტაცია მთლიანად ამ სარკინიგზო კვანძსა და მის მახლობლად გამავალ ტრასაზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ, კონსტანტინოვკიდან დაახლოებით 80 კილომეტრ მანძილზეა დაშორებული უკრაინული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საყრდენი პუნქტი, ქალაქი პოკროვსკი. სულ ცოტა ზაფხულიდან მოყოლებული, რუსეთის არმია სულ უფრო ხშირად ახორციელებს საჰაერო იერიშებს, მათ შორის დიდი გამანადგურებელი ძალის მქონე კორექტირებადი საავიაციო ბომბებით.
საავიაციო იერიშებს იმავდროულად ახლავს ქვეითი ჯარის სახმელეთო ოპერაცია, რომლის შედეგად მოწინააღმდეგემ შეძლო რამდენიმე სოფლის დაკავება.
რუსეთის ჯარებს ამჟამად დაახლოებით 5 კილომეტრი აშორებთ ტრასა N32-ს, რომელიც პოკროვსკს კონსტანტინოვკასთან აკავშირებს. ამ ტრასის ხელში ჩაგდებით გადაიჭრება უკრაინის არმიის მომარაგების ძირითადი მაგისტრალი.
მაგრამ უკრაინის სამხედრო სარდლობამ და დაგეგმვის სპეციალისტებმა, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისადმი არასათანადო ყურადღების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში მოახერხეს პოკროვსკის აღმოსავლეთით თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება და შეაჩერეს რუსეთის არმიის წინსვლა ქალაქის მიმართულებით.
მიმდინარე წლის აგვისტოში კი უკრაინის სარდლობამ თავზეხელაღებული რეიდი განახორციელა მოსაზღვრე კურსკის ოლქში, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხოეთის არმიის ყველაზე დიდ შეჭრას წარმოადგენს.
უკრაინის ამ ნაბიჯს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა კიევის დასავლელი მოკავშირეებისთვისაც, სრულიად მოუმზადებელი შეხვდა რუსეთი. კურსკის ტერიტორიაზე განხორციელებულმა რეიდმა ძლიერ შეარყია რუსეთის შეიარაღებული ძალების სიძლიერისა და მისი სარდლობის კომპეტენტურობის თაობაზე არსებული წარმოდგენა.
კურსკის ოპერაცია, რომელიც კვლავაც გრძელდება, ნაწილობრივ მიზნად ისახავდა დონბასის სხვა პოზიციებიდან რუსეთის ძალების მოწყვეტას, მათ შესუსტებასა და უკრაინის თავდაცვით ძალებზე ზეწოლის შემცირებას.
მაგრამ, ეს არ მოხდა.
ამასთან, თავის მხრივ, რუსეთმა საკუთარი იერიშების პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია ქალაქი უგლედარი, რითაც შეეცადა ფლანგიდან შემოევლო პოკროვსკის მიმართულებაზე ორგანიზებული უკრაინის თავდაცვისათვის და კურსკში რუსეთზე მთავარი დარტყმის საფრთხე აეცილებინა თავიდან.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის დანაყოფები უგლედარში შევიდნენ.
2 ოქტომბერს უკრაინის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სარდლობამ დონეცკის ქალაქ უგლედარიდან უკრაინის ქვედანაყოფების გაყვანა დაადასტურა. ეს მოხდა „პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის შენარჩუნების, შემდგომი საბრძოლო მოქმედებებისათვის ახალი პოზიციების დაკავების მიზნით“, - ნათქვამია „ხორტიცას“ განცხადებაში.
72-ე ბრიგადის წარმომადგენელმა უგლედარის დატოვება იმით ახსნა, რომ ქალაქის შემდგომი შენარჩუნება კრიტიკულად რთული იქნებოდა და ქვედანაყოფს უფრო მეტი დანაკარგი ექნებოდა.
„მოხდა დაჭრილების ევაკუაცია, პირობები ძალიან რთული იყო, რადგან მტერი ფლანგებიდან გვიტევდა და ეს ლოგისტიკას ძალიან ართულებდა. მაგრამ დაჭრილები გაგვყავდა. ბუნებრივია, ეს არის ომი. იქ დანაკარგების გარეშე შეუძლებელია. მაგრამ იმის გამო, რომ [ქალაქიდან] სხვა პოზიციებზე გადავინაცვლეთ და დავიკავეთ იგი, ამით მაქსიმალურად შევამცირეთ დანაკარგი“, - რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში ისაუბრა უკრაინის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერმა არსენი პრილიპკომ.
ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავდნენ რუსი ჯარისკაცები სახელმწიფო დროშებს ქალაქ უგლედარის შენობებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2 ოქტომბრის შემდეგ თავის ყოველდღიურ ანგარიშებში შეწყვიტა უგლედარის ხსენება.
რამდენად ცუდია უკრაინისათვის უგლედარის დაკარგვა?
ქალაქ უგლედარზე კონტროლის დაკარგვა გააძლიერებს ზეწოლას უკრაინულ თავდაცვაზე პოკროვსკში. მაგრამ პირველად რუსეთის სამხედრო ნაწილებს მოუწევთ ბრძოლების გამართვა კურახოვოს მიმართულებით, წყალსაცავის ხელში ჩასაგდებად. წყალსაცავის ჩრდილოეთით მდებარეობს ასევე კურახოვსკის თბოელექტროსადგურიც.
როგორც პირველ რუკაზე ჩანს, კურახოვოს წყალსაცავი უგლედარსა და პოკროვსკს შორის მდებარეობს.
ზოგიერთი ანალიტიკური სამსახურის, მაგალითად, ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის მიერ უგლედარის ხელში ჩაგდება, სავარაუდოდ, არსებითად არ შეცვლის საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას დონეცკის ოლქის დასავლეთით, რადგან ქალაქი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს.
რუსი ბლოგერები კი, პირიქით, ხაზს უსვამენ უგლედარის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას.
ქალაქიდან აღმოსავლეთით 18 კმ-ში გადის რკინიგზა, რომლითაც რუსეთის არმიას შეუძლია ჯარებისა და აღჭურვილობის გადასროლა დონეცკი-ვოლნოვახის ხაზის მიმართულებით და უფრო შორს, სამხრეთში.
„პრინციპში, ნებისმიერი უკუქცევა აუარესებს ნებისმიერ სიტუაციას“, - განუცხადა ისრაელის სამხედრო ანალიტიკოსმა დევიდ ჰენდელმანმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს. „კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ გადავხედავთ ფრონტის წინა ხაზის რუკას, უგლედარი, პოკროვსკისგან განსხვავებით, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის პოზიციებს. ამ ფრონტზე ის დიდი ხნის განმავლობაში, ყელზე დაჭერილი ჩექმასავით იყო რუსეთის არმიისთვის. შესაბამისად, ამ ჩექმისგან გაათავისუფლება შეამსუბუქებს მათ პოზიციებს“.
ამ მოსაზრებას ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო ექსპერტიც იზიარებს, მაგრამ რაც შეეხება მოვლენათა შემდგომ განვითარებას, ისინი არ ფიქრობენ, რომ უგლედარის დაკავების შემდეგ რუსეთი იოლად შეძლებს დაწყებული წინსვლის გაგრძელებას.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი პავლო ლაკიიჩუკი, რუსეთის სამხედრო წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად, მათ შორის, მოახლოებულ უამინდობასაც ასახელებს.
„შემოდგომა ზენიტშია, სიტუაცია რთული იქნება როგორც მოწინააღმდეგისთვის, ისე ჩვენთვის. მაგრამ თუ ისინი [რუსები] შეძლებენ უგლედარის აღებით მოპოვებული წარმატების ტალღაზე ამ უპირატესობის ბრძოლის ველზე გაფართოებას, მაშინ, სავარაუდოდ, გააგრძელებენ წინსვლას ჩრდილო-დასავლეთით“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პავლო ლაკიიჩუკმა.
ფორუმი