Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

და მაინც, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?


2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება და იმოქმედებს 5%-იანი ბარიერი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება და იმოქმედებს 5%-იანი ბარიერი

საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ნიშნავს ეს და რატომაა მნიშვნელოვანი.

პროპორციული სისტემის პრინციპი მარტივია - პოლიტიკური პარტიები იღებენ არჩევნებში მიღებული ხმების წილის პროპორციულ მანდატებს.

აბა, აქამდე როგორ იყო?

აქამდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარების ნაწილს პროპორციული წესით, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით ვირჩევდით.

მაგალითად, 2016 წლის არჩევნებზე, 150 პარლამენტარიდან 77 პროპორციული წესით იყო არჩეული - ამომრჩეველმა ხმა პარტიულ სიებს მისცა, 73 - მაჟორიტარულით - ანუ ამომრჩეველმა ხმა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში პარტიების წარდგენილ ან მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა.

2019 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილება მოგვიანებით თავად „ოცნების“ დეპუტატებმა ჩააგდეს.

საბოლოოდ, 2020 წელს მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე შემცირდა. თუმცა ამას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები და ხანგრძლივი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასავლელი დიპლომატების მედიაციით.

იმის გასაგებად, თუ რატომ ითრევდა ფეხს ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად და რატომ იყო ოპოზიციისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, ცვლილება რაც შეიძლება მალე მიეღოთ, საკმარისია, ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შევხედოთ.

2016 წლის არჩევნები ჯერჯერობით ერთადერთია, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ამ არჩევნებზე მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო - 2012 წელს მათ ხმების 55% მიიღეს, 2016 წელს კი დაახლოებით 49%.

ამისდა მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ხმების ნახევარზე ნაკლებით მიეღო მანდატების სამ მეოთხედზე მეტი და, შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ეს მაჟორიტარულმა ოლქებმა განაპირობა. მმართველმა პარტიამ თითქმის ყველა ოლქში მოიგო, რამაც მიღებული ხმების არაპროპორციული მანდატები მისცა.

2020 წელს, როცა „ქართულმა ოცნების“ პარტიულმა სიამ დაახლოებით იმხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელაც 2016 წელს, მმართველმა პარტიამ ნაკლები მანდატი მოიპოვა. ამის მიზეზი კი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის შემცირება იყო და ისიც, რომ 2020 წელს 5%-იანი ბარიერი მოიხსნა, რის გამოც საპარლამენტო მანდატები მეტ პარტიაზე გადანაწილდა.

რა მოხდებოდა, 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ პირობა რომ არ დაერღვია და არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებულიყო?

ვის ხვდება საპარლამენტო მანდატები?

„Ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე საკუთარი პარტიისთვის მაჟორიტარების ნაცვლად „დელეგატის“ ცნება შემოიღო, თუმცა ეს არ ცვლის მთავარს: პოლიტიკურ პარტიებს ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები აღარ ეყოლებათ და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს მისცემს, სადაც პოლიტიკოსები რიგითობის მიხედვით იქნებიან ჩაწერილი - სიაში ყველას თავისი ნომერი ექნება. შედეგების გამოცხადების შემდეგ, რამდენ მანდატსაც პარტია მიიღებს, სიიდანაც შესაბამისი რაოდენობის კანდიდატს შეიყვანს პარლამენტში.

მანდატები კი ასე გადანაწილდება: შედეგების მიღების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დააჯამებს იმ პარტიების ხმებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და მიღებული ხმების წილის პროპორციულად გადაანაწილებს მათზე საპარლამენტო მანდატებს.

აი, რა წერია საარჩევნო კოდექსში:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების (არ ითვლება გაბათილებული ბიულეტენები - რ.თ.) 5 პროცენტი მაინც მიიღეს“.

კარგია თუ ცუდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დემოკრატიისთვის?

იმის მსგავსად, კარგია თუ არა 5%-იანი ბარიერი, ზუსტი პასუხი არც ამ კითხვას აქვს.

პოლიტიკის მეცნიერები გამოკვეთენ ხოლმე დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც ამა თუ იმ სისტემას შეიძლება გააჩნდეს, თუმცა რომელია მეტად მისაღები, უკვე კონკრეტულ ქვეყანასა და იქაურ კონტექსტზეა დამოკიდებული.

არსებობს დემოკრატიული ქვეყნები, სადაც პარლამენტს სრულად მაჟორიტარული წესით ირჩევენ. ასეთია, მაგალითად, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ზოგან საპარლამენტო არჩევნები შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება, როგორც, მაგალითად, გერმანიაში, იტალიასა და იაპონიაში.

ბევრი ქვეყანა კი საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული წესით ირჩევს. ასეთია, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები, ნიდერლანდი და ისრაელი.

საარჩევნო სისტემის შემუშავებისას ცდილობენ, ოქროს შუალედი იპოვონ პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და სტაბილურობას შორის.

მაჟორიტარულ სისტემებში, როგორც წესი, პარლამენტში ნაკლები პარტია ხვდება. ასეთ დროს უფრო ხშირია ერთპარტიული მთავრობები.

პროპორციულ სისტემებში კი პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო ფრაგმენტირებულია და პარლამენტში ბევრი პარტია შედის. ასეთ დროს დგება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობაც.

მაგალითად, ბრიტანეთში, სადაც „ლეიბორისტებმა“ ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ხმების 33.7% მიიღეს, მაჟორიტარული სისტემის გამო მანდატების 63% შეხვდათ და მთავრობა მარტოებმა ჩამოაყალიბეს.

ნიდერლანდში 2023 წლის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ხმების 23.49% მიიღო, რაც 150-დან 37 მანდატში გადაითარგმნა. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიებს შორის შვიდი თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ნიდერლანდმა ხუთპარტიული სამთავრობო კოალიცია მიიღო.

პროპორციული სისტემის ბუნებას კარგად გამოხატავს ბოლო წლებში ისრაელში განვითარებული მოვლენებიც, სადაც ასევე სრულად პროპორციული სისტემა აქვთ, 3.25%-იანი ბარიერით. 2019 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე ხუთი არჩევნები ჩატარდა - ამ პერიოდში მთავრობამ ყველაზე მეტხანს წელიწად-ნახევარს გასტანა.

ანალოგიური ვითარებაა ბულგარეთშიც, სადაც სრულად პროპორციული სისტემა და 4%-იანი ბარიერი აქვთ. 2021 წლიდან მოყოლებული, იქ უკვე ექვსი არჩევნები გაიმართა - სამი 2021 წელს, თითო-თითო 2022 და 2023 წელს, ერთიც 2024 წლის ივნისში. 27 ოქტომბერს, საქართველოს არჩევნების მეორე დღეს, ბულგარეთში კიდევ უნდა ჩატარდეს არჩევნები.

ეყოლება თუ არა საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობა? ამ კითხვაზე პასუხი ოქტომბერში გახდება ცნობილი, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით დღესვე შეიძლება, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის შანსს ზრდის.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ

ფორუმი

XS
SM
MD
LG