ამ დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა მაშინ, როცა დაზარალებული ითხვისელები მიწის ჩაქცევას ამ კომპანიის საქმიანობასაც უკავშირებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამას თავიდანვე უარყოფდა.
ნოემბრის დასაწყისში, როცა სახელმწიფო კომისიის დასკვნას გაეცნენ, დაზარალებულმა ითხვისელებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, უწყებათაშორისი კომისიისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს და მას შემდეგ, რაც შედეგს ვერ მიაღწიეს, 15 ნოემბერს აქცია გამართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან.
ითხვისის მცხოვრებმა ზურაბ გოგატიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქვთ დოკუმენტები, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს ბოლო 15 წლის განმავლობაშიც აქტიურად მოიპოვებს, ამიტომ, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს:
„არ ვეთანხმებით კომისიის დასკვნას, რადგან კომპანიის ბრალეულობა ფაქტობრივად, არ იკვეთება. თითქოს, არ მუშაობს მაღარო 2006 წლიდან. გვაქვს საბუთები, რომ კომპანია მუშაობს სოფლის ტერიტორიაზე. დოკუმენტების მიხედვით, ბოლო წლებში დაახლოებით 50 ოჯახს მისცეს სახლის, ან მიწის კომპენსაცია, რაც ადასტურებს, რომ მუშაობს მაღარო ჩვენს ქვემოთ. სადაც მიწა ჩავარდა, იქ ორი წლის წინ გაიყვანეს გვირაბი და მალავენ“.
ზურაბ გოგატიშვილის თქმით, 100-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც სახელმწიფო კომისიის დასკვნით, განსახლებას ექვემდებარებიან, უსაფრთხო ადგილზე დროულად გადაყვანას და ახალ გარემოში საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ითხვისში არსებული ქონების ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვენ. ითხვისელი ბადრი მახათაძე გვეუბნება, რომ კომისიამ მხოლოდ სახლი შეუფასა 60 ათას ლარად, ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობები, ორ ჰექტრამდე მიწაზე გაშენებული ვენახი, ხეხილი და სხვა ქონება კი, თითქოს არც არსებობს:
„საუკუნოვანი სოფელია და ერთ წუთში დავტოვოთ?! თუ აქედან უნდა გადავსახლდეთ, აუდიტმა შეაფასოს ქონების ღირებულება. რა უნდა აშენდეს და სად 60 ათას ლარად?! ამ თანხით მიწაც უნდა იყიდო, სახლიც ააშენო და გაარემონტო?! 24 ოჯახის სახლი დანგრეულია და დანარჩენები დანგრევას ველოდებით“.
როგორც ბადრი მახათაძემ გვითხრა, მარტში, მიწის ჩაქცევის შედეგად მისი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა, ოჯახი იქ ცხოვრებას განაგრძობს, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, არადა, ბოლო თვეებში კედლებზე ბზარები კიდევ უფრო გაფართოვდა და სახლში ყოფნა სახიფათოა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ითხვისში ყველაზე მეტად დაზარალებული 20 ოჯახი რვა თვის წინ, საცხოვრებლად სხვაგან გადაიყვანა და ქირას უხდის. სახელმწიფო კომისიის დასკვნით, სოფელში რისკის ქვეშ რჩება 86 ოჯახი, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადაიყვანონ გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე. კომისიამ სახლების დაზიანების ხარისხი პირობითად სამ კატეგორიად დაყო. 34 სახლი საცხოვრებლად საშიშადაა მიჩნეული, 20 სახლი ავარიული, ან დეფორმირებულია და მათი დაზიანების დონე საშუალოა, თუმცა, აუცილებელია მონიტორინგის გაგრძელება, კიდევ 32 სახლი კი - ნაკლებად დაზიანებულია და დაკვირვებას საჭიროებს.
სახელმწიფო კომისიის მუშაობით და დასკვნით უკმაყოფილოა შორენა მეგრელიშვილიც. მისი ინფორმაციით, ოჯახს განსახლებისთვის 60 ათასი ლარი შესთავაზეს, რაც არსებული ქონების საფასურის მხოლოდ მცირე ნაწილია:
„მე საერთოდ არ მინდა ჩემი სახლიდან წასვლა. მილიონის ფასადაც კი არ მიღირს, რაც ჩვენ ვიშრომეთ და ვიწვალეთ, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ, თუ სოფელში აღარ გვეცხოვრება და არ გვაქვს გარანტია, რომ უსაფრთხოდ ვიქნებით, ვითხოვთ, სწორად და სამართლიანად შეაფასონ, რა არის ნაკეთები. მხოლოდ სამშენებლო მასალას არ ვგულისხმობ. შეაფასონ ნაკვეთი, ხეხილი...“
შორენა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიამ ერთნაირად უნდა აიღონ.
ჭიათურის მერიასთან აქციაზე შეკრებილი ითხვისელების ნაწილს მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შეხვდა. მას დაზარალებულებმა სახელმწიფო კომისიის წევრებთან, გეოლოგებთან და წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის მიმართეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. დაზარალებული ითხვისელების ინტერესებს იცავენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული შეფასებით, სახელმწიფო კომისიის დასკვნა ვერ ქმნის ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს.