Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აჭმევენ კარანტინში?


ვახშამი კარანტინში
ვახშამი კარანტინში

კარანტინის 14 დღეს ყველა სასტუმროში კვება სამჯერადია. მენიუს და კერძებს სასტუმრო ადგენს და ამზადებს. სახელმწიფო აფინანსებს და ამოწმებს ხარისხს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველ დღეებში კარანტინში მყოფი რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, თუმცა ასეთი შემთხვევები აღარ განმეორებულა.

ლიკა ჩხაიძემ კარანტინში 10-დან 24 მაისამდე დაყო. საკვები საკმარისად ჰქონდა. მისი პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ვეგეტარიანელი გახლდათ და სასტუმროს პერსონალს ეს კარგა ხანს ვერ გააგებინა.

მივედი თუ არა, პირველივე საკვები ხორცით იყო. პერსონალს ვუთხარი, რომ ხორცს არ ვჭამდი. კი ბატონოო, მაგრამ შემდეგ ცვლა შეიცვალა და ისევ ხორციანი საჭმელი მომიტანეს“, - ამბობს ის.

ხორციანი კერძები მანამდე მოჰქონდათ, სანამ ლიკამ სასტუმროს ყველა ცვლას არ აუხსნა, რაც აწუხებდა.

კვირის განმავლობაში 4-5 ტიპის მენიუ იყო: პიურე და კატლეტი, ლობიო მჭადით და ყველით; ცოცხალი ბოსტნეული; დილით შვრია ან ტკბილი ფუნთუშა; მაკარონი ყველით ან წიწიბურა; საღამოს ლობიოს ან კარტოფილის ღვეზელი. ამასთან, ნომერში მუდმივად ჰქონდა ჩაი და ყავა.

მე არა, მაგრამ მეზობლები ზოგჯერ წუწუნებდნენ, კერძები ცივი და ერთფეროვანიაო“, - იხსენებს ლიკა.

ნინი გელაშვილმა კარანტინში 13-26 ივლისი გაატარა. კვების მხრივ პრობლემა არ შეჰქმნია. დიდი ულუფები მოჰქონდათ, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჭამდა. მის რაციონში კვერცხი, სოსისი, მაფინი, წვნიანი, ხორცი და ბოსტნეული შედიოდა.

თუ რამე გვჭირდებოდა და ვთხოვდით პერსონალს, უარი არასდროს უთქვამთ“, - ჰყვება ნინი.

პრობლემები შეექმნა ანა არგანაშვილს, რომელიც კარანტინში ბავშვთან ერთად იყო. ახალციხის სასტუმროში განაწილების შემდეგ მან ფეისბუკგვერდზე დაწერა:

ჯერ შოკის გამო ვერ ვწერ. მარტო ერთს ვიკითხავ, თქვენ სახლში თეფში, დანა და ჩანგალი არ გჭირდებათ, თუ პარკში ჩაყრილიდან ჭამთ ხელით?“

საკვები კარანტინში, ანა არგანაშვილის მენიუდან.
საკვები კარანტინში, ანა არგანაშვილის მენიუდან.

მაშინ სასტუმროში უპასუხეს, რომ ჩვეულებრივ დანას და ჩანგალს ვერ მიუტანდნენ, რადგან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, ის უნდა გადაეყარათ.

აღარაფერს ვამბობ საკვებზე - ყოველ დილას ერთი და იგივე საკვებია: 2 სოსისი, 2 კვერცხი, ერთიიუბილეინოესორცხობილა, ხაჭო ან არაჟანი. მე, მაგალითად, სოსისს საერთოდ არ ვაჭმევ ჩემს შვილს. საბოლოოდ, ის გამორიცხავს ხოლმე ყველაფერს და ჭამს მხოლოდ ამ ერთ ცალ ორცხობილას“, - უთხრა ანამ რადიო თავისუფლებას.

ლაშა ქავთარაძე, მესამე დღეა, კარანტინშია. პლასტმასის დანა-ჩანგლის გამო არ ჩივის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხან მხოლოდ დანა მოაქვთ, ხან მხოლოდ ჩანგალი. სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმალურადაა. რა თქმა უნდა, ისე არ არის, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მაგრამ ასეთი კვებაც შეიძლება საქართვლოში ყველას არ ჰქონდეს“, - ამბობს. მხოლოდ ის უკვირს, რომ რაც არ უნდა მოიტანონ, პურს ყველაფერს ამატებენ, მათ შორის მაკარონს და ფუნთუშასაც კი.

ვერმიშელი ბლინებით და რა თქმა უნდა, პურით ლაშა ქავთარაძის მენიუდან.
ვერმიშელი ბლინებით და რა თქმა უნდა, პურით ლაშა ქავთარაძის მენიუდან.

ლაშასთან საჭმლის მიტანა კურიერსაც შეუძლია და ოჯახის წევრებსაც.

მხოლოდ ალკოჰოლი და შუშის ჭურჭელია აკრძალული. სხვა სასტუმროში გამიგია, რომ თუ პროდუქტები ქარხნულად შეფუთული არ არის, არ შეგატანინებენ, მაგრამ ჩვენთან არა. დღეს დედაჩემმა ჩვეულებრივი პარკით მომიტანა ხილი“.

ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ საქართველოში დაინფიცირდა 1131 ადამიანი, აქედან 16 გარდაიცვალა, 922 კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 6 459 ადამიანი იმყოფება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG