Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ლტოლვილად ჩაბარება საქართველოს მოსახლეობის 3%-ზე მეტმა სცადა


ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირში ლტოლვილად ჩაბარება საქართველოს მოსახლეობის 3%-ზე მეტმა სცადა
ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირში ლტოლვილად ჩაბარება საქართველოს მოსახლეობის 3%-ზე მეტმა სცადა

მხოლოდ ბოლო 8 წლის მანძილზე, ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 111 528-მა მოქალაქემ მოითხოვა. ანუ 33 ადამიანში ერთმა. 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 700 000-ზე ოდნავ ნაკლები იყო.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, ევროსტატის მონაცემებით, სულ 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოდან 126 770 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა. ეს რიცხვი მოიცავს მათაც, ვინც ევროკავშირსა და შვეიცარიაში ლტოლვილად ჩაბარებას ხელმეორედ ეცადა.

თითქმის 26 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში მოითხოვა. დეკემბრის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ეს უკვე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს. წინა რეკორდი პანდემიამდელ 2019 წელს დამყარდა, როცა ლტოლვილობა 22 110-მა ადამიანმა გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა საკარანტინო შეზღუდვები გააუქმეს და საზღვრები გახსნეს, თავშესაფრის მსურველთა რიცხვი სწრაფად მატულობს. ბოლოს ჩაბარების 1000-ზე ნაკლები მოთხოვნა ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისგან 2021 წლის მაისში მიიღო - 910. რეკორდული თვე 2022 წლის ნოემბერია - 2805 მსურველი.

ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიას სთხოვენ. ბოლო 8 წელიწადში საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარება თითქმის 36 ათასმა ადამიანმა სცადა, გერმანიაში კი - 33 ათასმა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მესამე ადგილზე მყოფ იტალიაში დარჩენა 7695 ადამიანს უნდოდა. მას, ჩაბარების 6730 მსურველით, საბერძნეთი მოსდევს.

ყველაზე საგრძნობლად გაიზარდა ირლანდიაში თავშესაფრის მსურველთა რიცხვი. ევროსტატის თანახმად, 2022 წელს ირლანდიაში დარჩენა სცადა 2545-მა ადამიანმა, იმაზე მეტმა, ვიდრე ჯამში 2014-2021 წლებში. ეს იმისდა მიუხედავად, რომ ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ არ უშვებს.

2022 წლის აგვისტოში, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA), უწყებამ, რომელიც აკვირდება და იკვლევს ლტოლვილებას მიღება-არმიღებას წევრი ქვეყნების მიერ, გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ 2022 წელს ქართველები ლტოლვილად ჩაბარებას ცდილობენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამოც, რადგანაც საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

რაც შეეხება მთლიანად მიგრაციას, მისი მამოძრავებელი მთავარი მიზეზები კვლავაც ეკონომიკურია. მაგალითად, უმუშევრობა და მაღალი ინფლაცია. "ქართველები ცდილობენ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ევროკავშირში დასაქმების გზით. გარდა ამისა, ბევრი ევროკავშირში სასწავლებლადაც მიდის, რათა შემდეგ უკეთესი კარიერა გაიკეთოს საქარველოში", - ნათქვამია ანგარიშში.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG