Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად სანდოა ელექტრონული არჩევნები? - რა უნდა ვიცოდეთ


ხმის მიცემის პროცესი ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 2023 წლის 29 აპრილი. შუალედური/რიგგარეშე არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესი ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 2023 წლის 29 აპრილი. შუალედური/რიგგარეშე არჩევნები.

გამორიცხავს კი ელექტრონული არჩევნები გაყალბების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს სამართლიანობას? კითხვები აშშ-ის ელჩის რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს შემდეგ ახალი აქცენტებით დაისვა. საქმე ისაა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ელექტრონული კენჭისყრის კიდევ ერთი, გენერალური რეპეტიცია საქართველოში წელს, ოქტომბერში ჩატარდება -კიდევ ერთხელ გადამოწმდება ტექნოლოგიების სიზუსტე და პროცედურების ეფექტიანობა.

მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ელექტრონული კენჭისყრით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ ყველა „სპეკულაციას“ წერტილი დაესმება.

"ოცნებიდან" „მავნებელი“ უწოდეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ „მანიპულაცია“ ელექტრონული არჩევნების პირობებშიც არის შესაძლებელი, „თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, როგორ მუშაობს ეს სისტემა და არ არიან გაწვრთნილები, როგორ გამოიყენონ ის“.

ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებელად, მაღალი სტანდარტით ჩატარდება. ამომრჩევლების სრულყოფილად ინფორმირებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ფართო საინფორმაციო ფრონტის გაშლით გეგმავს.

ელექტრონული არჩევნების გამოცდილება საქართველოში ამომრჩევლის მცირე ნაწილს აქვს - მხოლოდ მათ, ვინც 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, საპილოტო პროგრამისთვის შერჩეულ უბნებზე აძლევდა ხმას.

2023 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ელექტრონული ტექნოლოგიებს 133-დან 103 საარჩევნო უბანზე იქნება გამოიყენებენ (ამომრჩევლების 85%).
მანამდე, საპილოტო ელექტრონული არჩევნები ჩატარდა 2023 წლის 29 აპრილს გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდა 165 უბნიდან, 117-ში.

  • რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობამდე?
  • რამდენად სანდოა მანქანები, რომლებმაც ამომრჩევლის ნება უნდა აღრიცხონ?
  • რა აჩვენა აქამდე ჩატარებულმა საპილოტო არჩევნებმა?
  • კიდევ რა უნდა გამოიცადოს და რა კითხვები რჩება?

რით განსხვავდება ელექტრონული კენჭისყრა იმისგან, რაც აქამდე ვიცოდით არჩევნების დღის შესახებ?

უბანზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, სამაგიდო სიები აღარ არის საჭირო. მარკირების შემდეგ, ამომრჩეველს სპეციალური, ვერიფიკაციის აპარატი ელექტრონული პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებისას ამოიცნობს. მონიტორზე გამოჩნდება მისი ფოტო - რაც მეთვალყურეებს შედარების საშუალებას აძლევს.

ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველს გადაეცემა ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომის ქაღალდის ბიულეტენი.

ნახევრად ღია კაბინაში ხმის მიცემის დროს, მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს წრე - რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.

წრე კარგად უნდა გაფერადდეს, რათა ხმის მთვლელმა მანქანამ მისი წაკითხვა შეძლოს.

არაელექტრონული კენჭისყრის დროს - არჩევანი ბიულეტენში სასურველი სუბიექტის საარჩევნო ნომრის შემოხაზვით დასტურდებოდა.

ამის შემდეგ, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, არჩევანის ფარულობისთვის. კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და კონვერტს მასზე იმგვარად ათავსებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.

ბიულეტენს თვითონ აპარატი „გადაყლაპავს“, კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით და საბოლოოდ, მის ქვეშ განთავსებულ ურნაში აგდებს.

ურნაში იყრება ყველა ბიულეტენი, „გაფუჭებულის“ გარდა.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება შესაბამისი წარწერა - რომ ბიულეტენი მიღებულია. ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შესაძლოა - აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ასეთ დროს, შესაძლებელია დაბრუნებული ბიულეტენის ხელმეორედ მოთავსება აპარატში.

თუკი ამ დროს ამომრჩეველი უკვე წასულია საარჩევნო უბნიდან, მისი ხმა დაიკარგება, რადგან ის ვერც ხელმეორედ ცდის და ვეღარც ახალ ბიულეტენს მისცემენ.

მსგავსი ხარვეზები აპრილის არჩევნებში გამოკვეთა.

ბიულეტენები გაფუჭებულად ჩაითვლება ისეთ შემთხვევაშიც, თუკი ამომრჩევლის ორი მცდელობის შემდეგ, მას მაინც უკან დააბრუნებს აპარატი.

  • კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ, მანქანა ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც დაანგარიშებულია წინასწარი შედეგები, ურნაში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, მითითებულია ბათილი ბიულეტენების რიცხვიც.
  • ხმის მთვლელი მანქანიდან ამობეჭდილი მონაცემები [რასაც რამდენიმე წუთი სჭირდება] არჩევნების წინასწარ შედეგად ითვლება.
  • საბოლოო შედეგი ბიულეტენების ხელით გადათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ ხდება ცნობილი.

„დაწყებული ამომრჩევლის ვერიფიკაციიდან, დასრულებული ხმის შედეგების დათვლით, ყველაფერში არის "ქაღალდის კვალი" [ინფორმაცია ინახება ქაღალდზეც - რ.თ.]. მნიშვნელოვანია, რომ ბიულეტენები გადაითვლება ხელითაც - რათა შემოწმდეს, რამდენად აკურატულად ასახა მანქანამ ამომრჩევლის ნება“, -ეუბნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე რადიო თავისუფლებას. ის დარწმუნებულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაში და ხაზს უსვამს, რომ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელ მანქანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რაც კიბერშეტევებისგან მათ დაცულობას უზრუნველყოფს.

ცესკოს მონაცემებით, აპრილში ჩატარებულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე - ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების რაოდენობასა და ხელით გადათვლილ მაჩვენებლებს შორის [ყველა უბანზე] მხოლოდ 0,13%-იანი სხვაობა აღმოაჩინეს - 78 საარჩევნო ბიულეტენი „ბათილი ბიულეტენების რაოდენობიდან გადავიდა ნამდვილი ხმების რაოდენობაში“.

რა აჩვენა საპილოტო არჩევნებმა?

  • წინასწარი შედეგები გაცილებით სწრაფად გახდა ცნობილი - საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელ მანქანას ქვითრის ამოსაბეჭდად დაახლოებით 20-25 წუთი დასჭირდა;
  • ამობეჭდილი ქვითრების ფოტოსურათები თითოეული საარჩევნო უბნიდან სწრაფად გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიებს და მათი დაჯამებაც ასევე სწრაფად გახდა შესაძლებელი.

ეს დასკვნები ცესკომ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიტანეს, ვინ საპოლოტო კენჭისყრებს დააკვირდა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED] აპრილში ჩატარებულ არჩევნებს ძირითადად მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრის პროცესის შესასწავლად მეთვალყურეობდა.

შემაჯამებელ ანგარიშში ISFED წერს, რომ - „საარჩევნო პროცედურები უმეტესად გამართულად ჩატარდა. ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა დააჩქარა ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი.... თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიამ წინასწარი შედეგების ქვითარი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებიდან უპრობლემოდ ამობეჭდა და ბიულეტენების დათვლის პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდა. საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესით დაილუქა“.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აღნიშნავს, რომ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში, ბევრად უფრო მოწესრიგებულია ე.წ. ბათილი ბიულეტენების საკითხი, რადგან „ადამიანური ფაქტორი, სუბიექტური დამოკიდებულება უფრო მეტად გამოირიცხა" .

დადებით მაგალითად, ISFED-ს მოჰყავს ის, რომ ბიულეტენი ბათილად აღარ ჩაითვლება - თუკი მასზე არ იქნება რეგისტრატორის ბეჭედი, რაც ზოგჯერ აჩენდა ეჭვებს, რომ - ამგვარ "შეცდომებს" რეგისტრატორები გამიზნულად უშვებდნენ.

კანონმდებლობის თანახმად: ნამდვილად ჩაითვლება მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელზედაც გაფერადებულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე, მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნის/წარწერის არსებობისა (ასეთი აღნიშვნის/წარწერის არსებობის შემთხვევაში).
ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: გაფერადებულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე, ანდა არ არის გაფერადებული არცერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.

ხმის დათვლის პროცესი ფოთი-ხობი-სენაკის ერთ-ერთ უბანში
ხმის დათვლის პროცესი ფოთი-ხობი-სენაკის ერთ-ერთ უბანში

რა ხარვეზები გამოვლინდა?

ISFED-ის შეფასებით, თვალშისაცემი პრობლემა ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობა იყო - არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არამედ კომისიის წევრებს შორისაც.

„კომისიის წევრები რაღაცნაირად უფრთხოდნენ მანქანებს. განსაკუთრებით კენჭისყრის პროცესის დასაწყისში, უჭირდათ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და სჭირდებოდათ ზემდგომების დახმარება. ბიულეტენის სკანირების პროცესში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დახმარებას საჭიროებდა“, -ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და ხაზს უსვამს ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებსაც, ხმის მთვლელ მანქანასთან, სკანირების ეტაპზე.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობის ხარვეზები, რამაც, რიგ შემთხვევებში, კენჭისყრის პროცესი შეაფერხა. გარდა ამისა, კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები...
ბიულეტენის გაფუჭებულად ჩათვლისა და ცალკე შენახვის შემთხვევაში, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის ხმის ფარულობას.“, - წერია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ISFED-ის ხელმძღვანელი იხსენებს რამდენიმე ფაქტს, როცა „ამომრჩეველს ეგონა, რომ დაასკანირა ბიულეტენი - გავიდა კენჭისყრის ოთახიდან და ამ დროს დააბრუნა მანქანამ ეს ბიულეტენი“. „თითქოს მცირე ტექნიკური დეტალებია ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და საჭიროა ცოდნა“, - ამბობს დოლიძე.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ იცის, რომ ზოგ შემთხვევაში - სკანირების დროს, მანქანა ბიულეტენს უკან აბრუნებდა. ელექტრონული კენჭისყრის საპილოტო პროგრამები, მისი თქმით, სწორედ ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენასა და პროცესების შემდგომ დახვეწას ისახავს მიზნად.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, ჩვენ არ დაგვიტოვებია ყურადღების მიღმა. ეგ საკითხი იქნება დაზღვეული და ამას ყველა ნახავს 1 ოქტომბრის [შუალედურ/რიგგარეშე] არჩევნებზე ...

ბიულეტენი მანქანამ შესაძლოა დააბრუნოს, თუკი არასწორი კუთხით შეაცურა [ამომრჩეველმა], ან ოდნავ გადაკეცილი იყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლის ინფორმირება... ჩვენ რომ ავუხსენით ამომრჩეველს წინასწარ [პროცედურები], იმიტომ იყო ერთეული შემთხვევა, თორემ გვექნებოდა ათეულობით შემთხვევა“, - ეუბნება გიორგი შარაბიძე რადიო თავისუფლებას.

„ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ - მთავარი ამოცანაა ახლა ის, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ შესაბამისი ინფორმაცია - რა, როგორ და რანაირად ფუნქციონირებს... ეს არის უმნიშვნელოვანესი" - ამატებს შარაბიძე და დონორების, მედიის და "ნეიტრალური დამკვირვებლების" დახმარების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

„აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც“, - აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამომრჩევლების ინფორმირებოს აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ამას [ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას] რომ კითხვის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ, თქვენ, ქალბატონო ელჩო. მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ პარტიის წარმომადგენელი კი არ იყავით, არამედ სახელმწიფოსი“, - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ელჩი დეგნანი „რევოლუციური ტალღის“ აგორებაში, არეულობის გამოწვევასა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა.

რა ხარვეზების გამო შიშობენ?

გიორგი შარაბიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამოთქმულ შიშებს, რომ, 3000 ამომრჩევლის პირობებში, უბნებს ნაკადის გატარება გაუჭირდება. ამბობს რომ „გაკეთებულია შესაბამისი სტრეს-ტესტები“ და ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ მაინც თხოვნით მიმართავს 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს [გორი, კასპი, გურჯაანი], რომ მაქსიმალურად იაქტიურონ და „მისცემენ საშუალება საარჩევნო ადმინისტრაციას და ჩართულ მხარეებს, კიდევ ერთხელ, რეალურ არჩევნებში გადამოწმდეს - ხომ არ დარჩა კიდევ რაიმე ტიპის გამოწვევა“.

ნინო დოლიძე ამბობს, რომ საჭირო იქნება დამკვირვებლების მაქსიმალური ყურადღება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცესის გასაკონტროლებლად, რათა (ადამიანური რესურსის ჩართულობით) არ მოხდეს ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით, ანდა კენჭისყრაში ერთი და იმავე პირის რამდენჯერმე მონაწილეობა, „როგორც ეს მანამდე ე.წ. მწვანე უბნებზე ხდებოდა“.

ცესკოში განმარტავენ, რომ ასეთი რამ ვერ დაიმალება. შარაბიძის თქმით: „თუ ამომრჩეველი არ მიეკუთვნება კონკრეტულ უბანს ან მეორედ მიდის უბანზე - მანქანა გამოსცემს ისეთ სიგნალს, რომ შეუძლებელია, საუბნო საარჩევნო კომისიაში ვინმემ ვერ გაიგოს“.

ზოგადად, საპილოტო პროგრამების ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს ცესკო ტექნოლოგიებს საერთოდ არ უკავშირებს.

„ეს არ არის ის, რომ საქართველოში პირველად ისინჯება რაიმე ტექნოლოგია - ეს არის მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგია და მას იყენებენ - ამერიკაშიც, კანადაშიც, ევროპულ ქვეყნებშიც“, - ამბობს შარაბიძე.

რამდენად სანდოა ტექნოლოგია?

მომავალი არჩევნებისთვის ISFED-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლაც უწევს. ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საყურადღებოდ თვლიან „ვერიფიკაციის მანქანებისა და ხმის მთვლელი მანქანების პროგრამირების საკითხს“.

„ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენც ახლა ტექნიკური უნარების შეძენაში ვართ, რომ ვნახოთ - ხომ არ არის რაიმე ეჭვებისთვის სივრცე ამ დაპროგრამების ნაწილში“, – დოლიძე აღნიშნავს, რომ დეტალების გამოკვლევას არჩევნების მიმართ სანდოობის გაზრდის მიზნით ცდილობენ.

მანამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ ეჭვებს ელექტრონული პლატფორმებისა და პროგრამირების სანდოობასთან დაკავშირებით და ასევე, პროცესში სუს-ის ზეგავლენის საფრთხეზეც ლაპარაკობდნენ.

ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ასეთი ეჭვები „მხოლოდ მითების შესაქმნელად გამოდგება“, რადგან ყველა საჭირო აპარატის მიწოდებასაც და მათ დაპროგრამებასაც საერთაშორისო დონეზე კარგად ცნობილი ჰოლანდიური კომპანია „სმარტმატიკი“ (Smartmatic International Holding B.V.) უზრუნველყოფს და მის სანდოობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.

„მთელი მანქანები, სოფტი, მთელი უზრუნველყოფა არის ამ კომპანიის. Smartmatic-ს არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ფილიპინებში, ევროპის ქვეყნებში...

მითხრას ვინმემ, რეპუტაციულ რისკს რატომ აიღებს ეს კომპანია?! ... შეუძლებელია, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ რაიმე ტიპის "კომპრომისი" დაუშვას, რომელიმე ქვეყნის არჩევნებისთვის“, - გვეუბნება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე.

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა ივნისში აუქციონის გარეშე გამოცხადებულ საერთაშორისო კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) გაიმარჯვა. მანამდეც, საპილოტო პროექტებში - ცესკო ამავე კომპანიის ტექნოლოგიებს იყენებდა.
  • ტენდერი გამოცხადებული იყო „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე“.
  • ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა საქართველოს, მთლიანობაში, თითქმის 55 მილიონი ლარის მომსახურება უნდა გაუწიოს და მიაწოდოს, მათ შორის - 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ „ვერიფიკაციის მოწყობილობა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკოს) არსებულ მონაცემთა ბაზებთან (მონაცემები განთავსებულია MSSQL სისტემაში, რომლის მიწოდებაც აპარატებში განსათავსებლად უნდა მოხდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მიერ გამართული, შუალედური სერვერის გამოყენებით)“.

შუალედური სერვერით ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები უნდა ჩაიტვირთოს.

„როდესაც ამომრჩევლების სიები იტვირთება ვერიფიკაციის მანქანაში, ეს სია [კენჭისყრის დაწყებამდე] იბეჭდება და გამოიკვრება უბანზე, თვალსაჩინო ადგილას. ასევე სიები წინასწარ აქვს დარიგებული ყველა ჩართულ მხარეს - მათ შორის პარტიებს, დამკვირვებლებს. იოლად შემოწმდება - რამდენად ზუსტად არის ამომრჩეველთა სია ჩატვირთული მანქანაში“, - ამბობს შარაბიძე. მისი განმარტებით:

  • ხმის მთვლელი მანქანიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ქვითრებისა თუ შემაჯამებელი ოქმების ფოტოსურათები [90% ამომრჩევლის შემთხვევაში] ჩვეულებრივად აიტვირთება ცესკოს ვებსაიტზე. ამ ეტაპზეც რჩება „ქაღალდის კვალი“ და გადამოწმება შესაძლებელია.
  • ამომრჩეველთა დარჩენილი 10%-ის ბიულეტენები [ვინც ელექტრონულ არჩევნებში არ მონაწილეობს] - „გაციფრულდება და მოხდება ატვირთვა უსაფრთხო პლატფორმაზე", „აპრილის შუალედურ არჩევნებზე - გამოვიყენეთ გუგლის პლატფორმა“ და შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებისთვისაც იგივე გუგლის პლატფორმა შეირჩეს - სადაც „ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ მონაცემების თავისუფლად ნახვის საშუალება ექნება“.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2024 წელს ელექტრონულ არჩევნებში საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ცესკოს თებერვლის [N7/2023] დადგენილებით ეს მაჩვენებელი 90%-მდეა გაზრდილი.

არჩევნების ხარისხი?

ცესკოში აცხადებენ, რომ სანდო ტექნოლოგიები, შესაძლო გამოწვევების კარგად გაანალიზება და გამოსწორება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ „არჩევნების დღე [პროცედურები] იქნება აბსოლუტურად მშვიდი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებენ, რომ არჩევნების ბედი მხოლოდ კენჭისყრის უბანზე არ წყდება.

„ტექნოლოგიები ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც საქართველოში არჩევნებს აქვს“, - ეუბნება ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ „იმავე კენჭისყრის დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გარე მობილიზაცია და ამომრჩევლის აღრიცხვა - ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა... შეიძლება პრობლემა უბანში არ ხდებოდეს, მაგრამ გარეთ იყოს“.

„უკონკურენტო არჩევნების პირობებშიც კი, მმართველ პარტიას უარი არ უთქვამს ამომრჩევლის მობილიზებისა და აღრიცხვის პრაქტიკაზე. ხშირ შემთხვევაში ეს, ასევე, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრის მანძილზე ხდებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია“, - წერია ISFED ანგარიშში, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ.
„ამომრჩეველთა ორგანიზებული გადაყვანისათვის სატრანსპორტო საშუალებები იყო გამოყენებული, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივი დროით რჩებოდა საარჩევნო უბნის მიმდებარედ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამომრჩეველთა ნაწილი კენჭისყრის შენობაში შესვლამდე და შესვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ პირებს ეკონტაქტებოდა“, - ციტატა იმავე ანგარიშიდან.

„მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ“, - უთხრა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებას, ექსკლუზიურ ინტერვიუში, და იმედი გამოთქვა, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG