Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რად უნდა ამას აქცია და მიტინგი?


პირველად პარლამენტის წინ მიტინგზე რომ მოვხვდი 10 წლისა ვიყავი - 1988 წლის ნოემბრის აქციებზე წამიყვანეს მშობლებმა. მას შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით მიწევს ხოლმე სიარული. ჯერ რიგით მომიტინგედ დავდიოდი, ბოლო ბევრი წელია კი - გასაშუქებლად.

ჰოდა, არასდროს მსგავსი აბსურდი არ მინახავს რაც ახლა იქ ხდება. ეს რა მოთხოვნები აქვთ? რად უნდა მაგას მიტინგი და არეულობა?

აი, პირველი დღიდან დავიწყოთ. პირველი დღის მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. გადადგომას ითხოვდნენ იმიტომ, რომ რუსი კომუნისტი მართლმადიდებელი ჩაჯდა სპიკერის სავარძელში და იქიდან რუსულად გასცემდა ბრძანებებს.

კარგი, იმას თავი დავანებოთ, რომ ბევრის აზრით გავრილოვის ჩამოსვლა იყო მთავარი უბედურება და არა ის, კობახიძის სკამზე დაჯდებოდა თუ ჩუგოშვილის. იმაზე მაინც ხომ მყისიერად ყველა შეთანხმდა, რომ იმ კაცის აი, იქ ჯდომამ მაგრად გატეხა? „ქართული ოცნების“ პირველმა პირებმაც და რიგითმა ჯარისკაცებმაც, ბიძინაივანიშვილებმაც და მამუკაბახტაძეებმაც ერთხმად შეიცხადეს - ეს რა უბედურება მოხდა, გავნადგურდითო.

ჰოდა,პარლამენტის მთავარი მესვეური ირაკლი კობახიძე იყო. გავრილოვი მის სავარძელში ან მასთან შეთანხმებით ჩაჯდა, ან კი - შეუთანხმებლად. ან იცოდა, ან - არა. ერთიც მისი პასუხისმგებლობაა და მეორეც. რა, განა სპიკერის ბრალი არაა, თუ მან ზაქარია ქუცნაშვილი თავის ნებაზე მიუშვა - მიდი, ბრატ, იბოგინეო?

რად უნდოდა მაგას აქციები? სულ რომ გარეთ არავინ გამოსულიყო, რა, არ უნდა გადამდგარიყო?

აქციების შემდეგ დღეებს რაც შეეხება - გახარიას დაქვემდებარებული უწყების თანამშრომლებმა თვალი დათხარეს მაკო გომურს, რეზინის ტყვიები დაუშინეს ხელაწეულ ხალხს, უზარმაზარი რეზინის წითელი რაკეტით ლამის მხარი მოტეხეს ვახტანგ ბერიკაშვილს, სამიზნეში ამოიღეს ჟურნალისტები და გაზის სუნით მესამედ ააყროლეს რუსთაველი.

ეს ის ხალხი არაა, ვინც პოლიციელებს ესხმოდა თავს. საიდან ვიცით? საიდან და, მათ ამაში არც არავინ სდებს ბრალს. სახელმწიფო არ ამბობს, 19 წლის მაკო გომური სპეცრაზმელისთვის აშკარა და მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომ დავაბრმავეთო.

ვინმე დავობს „ქართულ ოცნებაში“, რომ უდანაშაულო ადამიანების რეზინის ტყვიებით დაცხრილვა არასწორია?

ჰოდა, არა აქვს მნიშვნელობა, ფარისევლურად ჟღერს თუ არა გიგი უგულავას განცხადება - რეზინის ტყვიები რა უბედურებააო. არანაირი აზრი არა აქვს იმ ვიდეოს გაზიარებას - აქციაზე 7 ნოემბრის ხსენებაზე მიკროფონს რომ აშორებენ გამომსვლელს. არ უნდა ამას მელია და გვარამია და ვისია აქცია. წესით და რიგით ეგ აქცია საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს.

რად უნდა მაგ მოთხოვნებს ათიათასობით ადამიანი? რას ითხოვს ის ხალხი ისეთს, რასაც მთავრობა თვითონაც არ უნდა აკეთებდეს?

ან - გიორგი გახარიამ გასცა ბრძანება, რომ აქციის მონაწილეებისთვის და ჟურნალისტებისთვის დამიზნებით გაეხსნათ ცეცხლი და ამით, ახალგაზრდების დასახიჩრების გარდა, ქვეყნისა და მმართველი პარტიის იმიჯს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ან, როგორც მამუკა მდინარაძე ფიქრობს - გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუცია და მისმა დაქვემდებარებულმა ძალოვანებმა ეს მაინც გააკეთეს. როგორ მოხდა ეს? იქნებ, მინისტრის სიტყვას მათთვის წონა არა აქვს? ან, არაპროფესიონალები არიან და არ იციან, რომ გურამ მურადოვს ზურგი არ უნდა დაუცხრილონ? ან, იქნებ, შიდა იერარქიული ხაზია მოშლილი და გაუგებარია, ვინ გასცემს ბრძანებებს და როდის? ან, ვინძლო, ნაციონალების მიერ სპეცრაზმში ჩანერგილი აგენტები შეეცადნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას? ნებისმიერ შემთხვევაში - ვისი ბრალია ეს?

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა. „გავრილოვის ღამე“ ან მასთან შეთანხმებით მოხდა, ან კი - შეუთანხმებლად. ან იცოდა, ან - არა.

ერთიც მისი პასუხისმგებლობაა და მეორეც.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG