Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების სარჩელი სტრასბურგში


საპროტესტო აქციის დარბევა, 2019 წლის 21 ივნისი
საპროტესტო აქციის დარბევა, 2019 წლის 21 ივნისი

ბესლან კმუზოვი და მერაბ ცაავა საქართველოს წინააღმდეგ - 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ორი ჟურნალისტის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ ნომერი მიანიჭა. სარჩელი სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაგზავნა.

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა ჰყვება, რომ 20 ივნისის ღამეს დაბრმავებისგან მხოლოდ სახეზე აფარებულმა ხელმა იხსნა. რეზინის ტყვია ხელში მაშინ მოხვდა, როცა კამერა თვალთან ჰქონდა მიტანილი და დარბევას იღებდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესროდნენ.

„Кавказский Узел“-ის ჟურნალისტს, ბესლან კმუზოვს, ექვსამდე ტყვია ესროლეს, მათ შორის თავშიც, რის გამოც ნაკერების დადება დასჭირდა.

ბესლან კმუზოვი
ბესლან კმუზოვი

„აქციას ვიღებდი. თავიდან სამართალდამცავები არაფერს მერჩოდნენ, თითქოს დაცულადაც კი ვგრძნობდი მათთან თავს. უკვე 21 ივნისი იყო, როცა ჩემ წინ კაცი დაეცა, მუცელი გადახსნილი ჰქონდა, ნაწლავი -გადმოვარდნილი. გაგონილი მაქვს, რომ ეს სასიკვდილო ჭრილობაა. ხალხს მივეხმარე, რომ სამშვიდობოს გაგვეყვანა. უკან დაბრუნებული სამართალდამცავებისკენ ხელებაწეული წავედი, თან ვიძახდი: „თქვენ კაცი მოკალით“. მინდოდა სცოდნოდათ, რომ მათი ტყვიები ლეტალურია. დარწმუნებული ვარ, არ იცოდნენ ამის შესახებ. მეხუთედ რომ დავიყვირე, ყველამ ერთად მესროლა“, - ამბობს ბესლან კმუზოვი.

68 პოლიციელი ცნეს დაზარალებულად და ჟურნალისტები - არა. ჩვენ აქ ყველა ინსტანცია მოვიარეთ, დაზარალებულად ცნობას ვითხოვდით.
ბესლან კმუზოვი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20 ივნისს, აქციის დაშლისას, მედიის 39 წარმომადგენელი დაშავდა. ამასთან, აქციის დაშლამდე სამართალდამცავებს ისინი არ გაუფრთხილებიათ. მედიის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აცხადებს, რომ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს და თან ლანძღავდნენ კიდეც.

ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოთხოვნები, რომ პროკურატურას ძიება დაეწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომელიც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 20-21 ივნისს დაზარალებულ არც ერთ ჟურნალისტს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ძალადობის ფაქტი თავადვე გადაიღო და ჩანაწერები არსებობს.

„68 პოლიციელი ცნეს დაზარალებულად და ჟურნალისტები - არა. ჩვენ აქ ყველა ინსტანცია მოვიარეთ, დაზარალებულად ცნობას ვითხოვდით. ყველგან უარი გვითხრეს და ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს“, - ამბობს ბესლან კმუზოვის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე.

შემდგომ ეტაპზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში. სტრასბურგში ჟურნალისტები კლავ დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG