Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მუხუდოს მარცვალზე


16 დეკემბერს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია-აღსაყდრებიდან!

უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაუძლეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პირველ წელიწადს, არადა, განსაცდელი სერიოზული იყო. გავიხსენოთ გარეჯის კრიზისი, მკვლელების აუხსნელი შეწყალება, ჯარის დისკრედიტაცია, ძვირი ანტიკვარიატით სასახლის გამოვსება, ლაფსუსებით სავსე ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები; მისი დუმილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ოკუპაციაზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და 20 ივნისის მოვლენებზე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ.

საზოგადოებამაც საფრთხედ აღიქვა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ამაზე მეტყველებს ერთი თვის წინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 70% აფასებს მის საქმიანობას უარყოფითად.

სალომე ზურაბიშვილის ასეთი „პოპულარობა“ სათანადოდ აისახა პრეზიდენტის ინსტიტუტის ნდობის მაჩვენებელზეც, რომელიც ძალიან დაბალია (27%) და თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტისას ჩამორჩება.

თუ თვალს გადავავლებთ უკანასკნელ წლებს, იოლად შევამჩნევთ, რომ 2013 წლიდან სწორედ ეს მიზანი - პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება - ამოძრავებდა მმართველ პარტიასა და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ყველაფერი (PR-ისა და კონსტიტუციის შეცვლის ჩათვლით) გააკეთეს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიწასთან გაესწორებინათ. ერთი ეგ არის, რომ 2018 წლის 16 დეკემბრამდე (ანუ მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე) ამას ივანიშვილი და მისი პარტია აკეთებდნენ, 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი ეს საქმე სალომე ზურაბიშვილმა გადაიბარა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად შეესაბამება იმ როლს, რომლისთვისაც იგი შეირჩა მუდმივად თანმდევი ორაზროვნებით: თითქოს დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, მაგრამ სინამდვილეში ივანიშვილმა შეარჩია; თითქოს „ოცნების“ წევრი არ არის, მაგრამ თუ არჩევნებზე მხარდაჭერას გავიხსენებთ, „ოცნების“ წევრობა სხვა არც არაფერია; ახლაც, თითქოს მოქმედი პრეზიდენტია, მაგრამ, მისი რეიტინგისა და ნდობის მაჩვენებლის (23%) გათვალისწინებით, რანაირი პრეზიდენტი გამოდის? ყველაზე „სახალისო“ კი ის არის, რომ თვითონაც მოსწონს (აწყობს) ამგვარი უცნაური არსებობა, როცა თან არის და თან - არა!

სალომე ზურაბიშვილი არასოდეს არის, როცა ჭიათურელი მაღაროელები შიმშილობენ და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვენ, როცა საეჭვო საქმეს „უკერავენ“ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, როცა საქართველოს პარლამენტი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსებს მასპინძლობს, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ასახიჩრებენ, როცა საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ამტკიცებენ, როცა მმართველი პარტია სიტყვას ტეხს და ამის გამო ჩიხში შედის პოლიტიკური პროცესი... - ასეთ შემთხვევებში სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, არ არსებობს. სწორედ ერთ-ერთი ამგვარი „არარსებობისას“ წაასწრეს მას სალობიეში, საიდანაც გამოსულს სტვენითა და შეძახილებით შეახსენეს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია.

საერთოდაც, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში იწვევს ერთგვარ უხერხულობას და ხმაურს სწორედ იმის გამო, რომ ის თან არსებობს და თან - არა, თუმცა საზოგადოების ამგვარ რეაქციას სალომე ზურაბიშვილი ისე აღიქვამს, როგორც ნორჩი, გამოუცდელი ჩრჩილი, რომელსაც კარადიდან გამოსვლისას ტაშით ხვდებიან.

„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის წლისთავზე, - მე დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალს ძალიან დიდი დოზით და ძალიან დიდი დოზის სიყვარულით. ჩემთვის საზომი იმისი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის. სალობიეშიც ვივლი და სხვა ადგილებშიც. ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა“.

ბოლო წინადადებაში მნიშვნელოვანია სიტყვათა შეთანხმება: „ჩემი ხალხი“, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი არ (ვერ) იქცა „ყველას პრეზიდენტად“, მეტიც, ის ვერ იქცა უმრავლესობის პრეზიდენტადაც... სალომე ზურაბიშვილმა, კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლესმა მთავარსარდალმა, ისიც კი მოახერხა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ჯარს, როცა განაცხადა:

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

რა იყო ეს, ღალატი თუ სისულელე?

პრეზიდენტმა თავი ასე იმართლა:

„ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რომ შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“.

ნაკლებად ცნობილია „აქ“-ო, - ასე განაცხადა, ანუ თქვენთანო, ხოლო „იქ“, ანუ ჩვენთან, სხვაგვარად არისო, ასე გამოუვიდა, თუმცა დავანებოთ თავი ენის ცოდნასა და კულტურულ უპირატესობაზე ეჭვიანობას და ჩვენც ისე ვთქვათ, როგორც „იქ“, ანუ საფრანგეთში, იტყოდნენ:

სხვისი საიდუმლოს გაცემა ღალატია, თავისისა კი - სისულელე!

ეს ვოლტერის ფორმულაა, მე-18 საუკუნეში „გამოყვანილი“. მოგეხსენებათ, ძველ დროში ჯარის მდგომარეობაზე „სტილისტური ფორმებით“ ავყია საუბარი ღალატის ტოლფასი ქმედება იყო.

ძველი დრო რომ იყოს, ვოლტერის ეს ფორმულა დაგვეხმარებოდა იმის გარკვევაში, თუ რა ნიშნით იყო გამორჩეული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უფლებამოსილების პირველი წელი - სისულელით თუ ღალატის ტოლფასი სისულელით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG