მართლა „ჰამასის“ ტერაქტმა მოკლა პალესტინური სახელმწიფოებრიობა?
პალესტინის სახელმწიფოებრიობამ თუ ვერ შეისხა ხორცი, ამას რამდენიმე სტრუქტურული მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისრაელის აღმასრულებელი ძალაუფლების სისუსტე. პროპორციული წარმომადგენლობა ძალზე დაბალი ბარიერით (1990-იანებში ის 1% და 1,5%-ს შორის მერყეობდა), საშიშია ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური თუ კულტურული ნიშნით დაქსაქსული ქვეყნებისთვის. 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით კი ისრაელის მოსახლეობის 13% ულტრაორთოდოქსი ებრაელია, ხოლო 21% - არაბი. დაუმატეთ ამას ალიის სიძველე (რაზეც ქვეყანაში ასიმილაციის ხარისხია დამოკიდებული), სეფარდ-აშკენაზური, მემარჯვენე-მემარცხენე დაპირისპირება და აშ. (აგერ ბელგიის მოსახლეობაში გამყოფი ხაზი ძირითადად ლინგვისტურია და მიუხედავად იმისა, რომ, ერთის მხრივ, იქ არ უწევთ, ისრაელისგან განსხვავებით, ეგზისტენციალური პრობლემების მოგვარება და, მეორე მხრივ, საარჩევნო ბარიერი ბევრად მაღალია, ქვეყანა ზოგჯერ წლობით ვერ ახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას).
1990-იან წლებში, მიუხედავად ისრაელის მიერ ჩატარებული საარჩევნო რეფორმისა და საარჩევნო ბარიერის მცირედ გაზრდისა, პარტიების რაოდენობა ქნესეთში მუდმივად იზრდებოდა: თუ 1990-ში იყო ათი, 1999-ში, როდესაც ეჰუდ ბარაკი გაიმარჯვებს, გახდება თხუთმეტი.
1999 წელს ეჰუდ ბარაკის პირდაპირი ლეგიტიმაცია უდავო იყო: ის ნეთანიაჰუს 12 პუნქტით დაამარცხებს. და მიუხედავად ასეთი ძლიერი მხარდაჭერისა, მას 51 დღე დასჭირდება, რათა 7 პარტიისგან შემდგარი კოალიცია შეეკოწიწებინა ჯუჯა პოლიტიკური გაერთიანებებიდან, დაწყებული „რუსული“ პარტიით და დამთავრებული რელიგიური ფანატიკოსებით.
დღეს ამერიკელი შუამავლები თვლიან, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის განხორციელება მიზანთან ყველაზე ახლოს სწორედ ეჰუდ ბარაკის პრემიერობის დროს იყო (1999-2000 წწ). მაგრამ სწორედ ასეთი არაბუნებრივი კოალიცია იქნება მიზეზი, რაც დაასამარებს ეჰუდ ბარაკის მცდელობას, პალესტინელებთან ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი - პრემიერ-მინისტრის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მის კოალიციაში იწვევდა განხეთქილებას და დაშლის საფრთხეს. როგორც ერთმა დამკვირვებელმა იხუმრა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბარაკის მაგივრად იასერ არაფატიც რომ ყოფილიყო, ისიც ვერ მოახერხებდა პალესტინური სახელმწიფოს დაარსებას.
რაც შეეხება პალესტინის პოლიტიკურ ლანდშაფტს - იქაც იასერ არაფატი (რომელიცპალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის 1996 წლის არჩევნებში 87,1% ხმას მიიღებს), უდიდესი ლეგიტიმაციით სარგებლობდა. და მაინც, როგორც მისი მარჯვენა ხელი აღინიშნავს, ეჰუდ ბარაკთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ „ისრაელს ჰყავს ჯარი და სამხედროები, რომლებიც ბრძანებას ექვემდებარებიან. ჩვენ კი ვერ ვაკონტროლებთ ყველა გასამხედროებულ შენაერთს“. დიპლომატიური ენიდან რომ ვთარგმნოთ მისი ევფემიზმები გამოვა - „პალესტინელი ტერორისტის ერთი ბომბია საჭირო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს“.
მოკლედ, მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციისა, საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად, არც ისრაელელებს და არც პალესტინელ ლიდერებს არ გააჩნიათ საშინაო პოლიტიკური თანმიმდევრულობისთვის არც დრო და არც სივრცე. ხოლო ლიდერების პოლიტიკური ნების მიერ რაც იქნება მიღწეული „პოლიტიკურ შუაგზაზე“, ის აუცილებლად გადაიხედება და განადგურდება მათი პოლიტიკური ოპონენტების მიერ. ზუსტად ასე მოხდა ხელისუფლებიდან ეჰუდ ბარაკის წასვლის შემდეგაც.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც პალესტინურ სახელმწიფოებრიობას უშლის ხელს, არის გეოგრაფია და ეკონომიკა. პალესტინის ნებისმიერი სახელმწიფოს გეოგრაფია და ეკონომიკა იმდენად იქნება დამოკიდებული ისრაელზე, რომ დამოუკიდებლობა უბრალოდ ნონსენსი ხდება. გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეუძლია თქვას, რომ პალესტინის ეკონომიკა ერთ დღეს აყვავდება და განთავისუფლდება ისრაელისგან, მაგრამ გეოგრაფიას ხომ ვერ გაათავისუფლებ? გეოგრაფია კი უბრალოდ შეუძლებელს ხდის სიცოცხლისუნარიან პალესტინურ სახელმწიფოს.
ამ ენდოგენურ სტრუქტურულ პრობლემებს ერთვის ეგზოგენური პრობლემები: არაბული სახელმწიფოების სტრატეგიული მიზნების სხვადასხვაობის ფონზე, ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ესაა პალესტინური სახელმწიფოებრიობის სიტყვით და არა საქმით მხარის დაჭერა. ეს სიტყვით მხარის დაჭერა კი ხდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის დაწყნარების მიზნით. პალესტინური სახელმწიფოს არარსებობაში ყველაზე ძალიან მისი უშუალო მეზობლები არიან დაინტერესებული: 1970 წლის „შავი სექტემბრის“ აჯანყების შემდეგ, იორდანელების სამეფო დინასტია პალესტინურ სახელმწიფოებრიობას საკუთარი მონარქიის მუქარად განიხილავს. თავის მხრივ, ეგვიპტელები „ჰამასს“ ხედავენ, როგორც „მუსლიმთა ძმების“ შთამომავალს, რომელიც ეგვიპტის რეჟიმის მთავარი მტერია (თუ ეგვიპტის წინა პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ჯარმა ჯერ ძალაუფლებას, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა, ამის მიზეზი „მუსლიმთა ძმებთან“ მისი მჭიდრო კავშირი იყო).
ეგვიპტემ და იორდანიამ ამჯერადაც ნათლად დაგვანახეს ეს დამოკიდებულება: ერთი მხრივ, უარი თქვეს პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე და, მეორე მხრივ, იორდანიის დედაქალაქში ბაიდენთან შეხვედრა გააუქმეს - საკუთარი მოსახლეობისათვის ხომ უნდა ეჩვენებინათ, რა პრინციპულები არიან?
რაც შეეხება საუდის არაბეთს და სხვა არაბულ სახელმწიფოებს - მათ არ სურთ სტატუს კვოს რადიკალური ცვლილება, რაც სავარაუდოდ მოხდება პალესტინის სახელმწიფოს დაარსებასთან ერთად. შეიძლება ცინიკურად მოგეჩვენოთ ჩემი დაკვირვება, მაგრამ არაბული სახელმწიფოების შემყურე განცდა მაქვს, რომ რაც უფრო დიდი მანძილი აშორებთ პალესტინისგან, მით უფრო „გული ეწვით“ მათ ბედზე.
მაშ რა მიზანს ემსახურება ისრაელსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის ათწლეულების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებები? მხოლოდ „პალესტინური ორთქლის“ გამოშვებას. ნეთანიაჰუს უაღრესად არაკომპეტენტურ მთავრობას ეგონა, რომ 2020 წლის ე.წ. „აბრაამის შეთანხმებები“ (რომლითაც ისრაელმა მოახერხა დიპლომატიური ურთიერთობების მოწესრიგება არაბული სამყაროს ბევრ სახელმწიფოსთან) იქნებოდა ის „ხუფი“, რომლითაც ისე ჰერმეტულად „მოხუფავდა პალესტინურ ორთქლს“, რომ მისი დროდადრო გამოშვება აღარ იქნებოდა საჭირო... არადა, სკოლაში რომ თერმოდინამიკის კანონები ესწავლა, იქნებ სხვაგვარად მოქცეულიყო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.