თუკი არ მოხდება ყველა დამნაშავის დასჯა, გაძლიერდება ეჭვი, რომ თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი, - აცხადებს „ლელოს“ დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პარტიის წევრზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან წარმართული კამპანია - ოპოზიციის დისკრედიტაცია, ლანძღვა-გინება, დამცირება - თავს იჩენს ამ აგრესიულ ქმედებებში, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ არის მართული. ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა იყვნენ დასჯილი. თუ ეს არ მოხდება, დასკვნა იქნება ერთი, რომ - ეს პროცესები მართულია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელოს“ წარმომადგენელზე, გიორგი გლურჯიძეზე თავდასხმის ფაქტი პარტიამ 4 სექტემბერს გაასაჯაროვა. ითქვა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან სამუშიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს რამდენიმე პირი დაესხა თავს. შემთხვევა დიღომში მოხდა. გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
5 სექტემბერს, შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული გ.დ., რომელმაც „2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს“.
შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
ოპოზიციურ პარტიათა წევრები აცხადებენ, რომ „ლელოს“ წარმომადგენელზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის ნაწილია და წინასაარჩევნო პერიოდის ძალადობის გზით წარმართვაზე მიუთითებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, „ეს მხოლოდ დასაწყისია“, რადგან ხელისუფლებას „მათ შორის - მობილიზებული ჰყავს კრიმინალიტეტი და ე.წ. სპორტსმენ-ზონდერები“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის თქმით, მსგავსი მოვლენების წახალისებას დაუსჯელობის ფაქტორი იწვევს.
ხოლო „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ შემთხვევა გამონაკლისი არ არის და ძალადობის გამოვლენის სხვა ფაქტებთან ერთად, დაწყებულია აქტივისტების დაშინების პროცესიც.