რამდენიმე დღეა, ცხინვალში აქტიურად განიხილავენ ადგილობრივ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს. იქ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები შევიდნენ და კარანტინში მყოფთა ნაწილი ძალის გამოყენებით ციხეში გადაიყვანეს. ეს ისტორია საკუთარ ვიდეობლოგში ერთ-ერთმა ვლადიკავკაზელმა მძღოლმა აღწერა. სწორედ ეს ბლოგი გახდა დიდი განხილვის საგანი.
ანზორ სანაკოევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ჩრდილო ოსეთში ცხოვრობს. იგი სატვირთო გადაზიდვებით არის დაკავებული და ერთ დღესაც დატვირთული მანქანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წავიდა. როკის სასაზღვრო-საბაჟო პუნქტზე 24 საათი ალოდინეს. ცხინვალში მისი მანქანიდან პროდუქტის ჩამოტვირთვას მთელ დღეს მოუნდნენ. მძღოლი მანქანიდან არ გადმოუშვეს და შეჰპირდნენ, რომ დაცლის შემდეგ პირდაპირ სახლში გააბრუნებდნენ, მაგრამ მანქანიანად პირდაპირ საავადმყოფოში მიიყვანეს და კარანტინში მოათავსეს. კარანტინში სხვა მძღოლები ნახა, რომლებიც ვახშმობდნენ და ანზორიც მათ შეუერთდა.
აქ რომ ყველაფერი რიგზე არაა, ხომ კარგად ჩანს. როგორ მოხვდა საავადმყოფოში სასმელი? რატომ იჯდა რამდენიმე ადამიანი ერთ პალატაში და რატომ სვამდა? თუ გვეშინია, რომ ჩრდილო ოსეთიდან დაავადება შემოვა, მაშინ ამ კაცს რატომ დაატარებდნენ აქეთ-იქით?რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო
„ღმერთი ვახსენეთ და ერთი ჭიქა დავლიეთ. პურის გატეხაც ვერ მოვასწარით, რომ ომონელები შემოვარდნენ, კედელთან მიგვაყენეს, ზოგი იატაკზეც დააწვინეს. არაფერს გვიხსნიდნენ. იქიდან რეციდივისტებივით და დამნაშავეებივით ციხეში წაგვიყვანეს. გვეუბნებოდნენ, დებოში მოაწყვეთო. 6 კაცი ვიყავით და ერთისგანაც არ გამიგია ცუდი სიტყვა. ნამდვილად დავლიეთ ერთი ჭიქა, მეტიც შეგვეძლო დაგველია. თვითონ ექიმები ამბობენ, რომ ამ კორონავირუსს ვერაფერი გაუგეს და მისი მკურნალობის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ 30-გრადუსიანზე მაღალი სპირტიანი სასმელი ვირუსს კლავს, ამიტომ კარანტინში ჩვენ თავს ჩვენ თვითონვე ვმკურნალობდით. ცხინვალის ციხეში მიგვიყვანეს, სადაც ერთ კამერაში სამი კაცი მოგვათავსეს. ამ კამერაში 24 საათი გავატარეთ, იქიდან არ გვიშვებდნენ, ბუნებრივი მოთხოვნილებები გვქონდა და არ გვიშვებდნენ. მე მთლიანად დავსივდი. არაადამიანურად და დამამცირებლად მექცეოდნენ, თითქოს მკვლელი ვიყავი. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამიხსნას, რის საფუძველზე დამაკავეს. ომონი დამოუკიდებლად ასე არ მოქმედებს და, ალბათ, ბრძანება ზევიდან ჰქონდათ მიღებული. ქურდებს და რეციდივისტებსაც კი აქვთ უფლებები და ჩვენ იქ არანაირი უფლება არ გვქონია. გვამცირებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და არავის არაფერი ესმოდა. მეორე დღეს მოსამართლესთან მიგვიყვანეს და იმან 500-რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაგვათავისუფლა. მე რომ მართლა დაავადებული ვყოფილიყავი, მაშინ ომონის წევრებთან ხომ მქონდა შეხება, ისინი რატომ არ გადაიყვანეს იზოლაციაში? ომონელები 30 მაინც იყვნენ, ციხეში 20 კაცი მაინც იყო. ისინი რატომ არ გადაიყვანეს კარანტინში? საავადმყოფოში, სადაც ჩვენ კარანტინში ვიყავით, წყალი არ იყო, ვერც ხელებს ვიბანდით, ვერც ვიპარსავდით. ეს რა კარანტინია, სადაც წყალი არ არის და არც შესაბამისი პირობებია“, - ჰყვება საკუთარ ბლოგში ანზორ სანაკოევი.
მან ეს ვიდეო სახლში დაბრუნების შემდეგ ვლადიკავკაზში ჩაწერა და ცხინვალში არსებული ვითარების მანკიერ მხარეებზე ილაპარაკა. მისი ვიდეო ცხინვალში არაერთმა სამოქალაქო აქტივისტმა გააზიარა და ბიბილოვის ხელისუფლებას ამ მდგომარეობის გამო კითხვები დაუსვა, თუმცა ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ანზორ სანაკოევის მონათხრობით კიდევ ერთხელ გაშიშვლდა მანკიერი სისტემა, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი. მან გაიხსენა რამდენიმე თვის წინ ომონის შეჭრა ციხეში, სადაც მოშიმშილე პატიმრებს ძალით აჭამეს და სცემეს და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებმაც თანამდებობა ბიბილოვის მფარველობით შეინარჩუნეს.
თქვენ, რა, თავის ტკივილი გაკლიათ, კიდევ ახალი რომ არ გამოიგონოთ? ალლო, გარშემო მიმოიხედეთ, დაძაბულობა იზრდება, ტვინი ჩართეთ.დინა ალბოროვა
„თქვენთან წინა ინტერვიუშიც ვამბობდი, რომ არ იყო საჭირო საავადმყოფოს გამოცხადება საკარანტინო ზონად, ამისთვის სხვა სივრცეები უნდა მომზადებულიყო. ახლა კი ჯანმრთელიც და ავადმყოფიც ყველა ერთ სივრცეში ხვდება. ახლა ბიბილოვის ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ამ კაცმა და სხვა მძღოლებმა დებოში მოაწყვეს და იქ ომონის შესვლა გახდა საჭირო. მაგრამ აქ რომ ყველაფერი რიგზე არაა, ხომ კარგად ჩანს. როგორ მოხვდა საავადმყოფოში სასმელი? რატომ იჯდა რამდენიმე ადამიანი ერთ პალატაში და რატომ სვამდა? თუ გვეშინია, რომ ჩრდილო ოსეთიდან დაავადება შემოვა, მაშინ ამ კაცს რატომ დაატარებდნენ აქეთ-იქით? მასთან ხომ უამრავ ადამიანს ჰქონდა შეხება. რატომ არაა საავადმყოფოში წყალი და როგორ იცავენ ჰიგიენურ პირობებს? რა საჭირო იყო მძღოლების იქ მიყვანა, როცა მანქანიდან გადმოუსვლელედ მათი უკან გაბრუნება შეიძლებოდა? მოკლედ, კითხვები ბევრი გვაქვს, მაგრამ არავინ გვპასუხობს. აქ რომ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდეს, ჯანდაცვა აბსოლუტურად მოუმზადებელია, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გვამხნევებენ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.
ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ანზორ სანაკოევის ვიდეობლოგს გამოეხმაურა და ბიბილოვის ხელისუფლებას ასევე კითხვებით მიმართავს.
„იმ მძღოლებიდან ვინმე რომ დაავადებული იყოს, ეს ნიშნავს, რომ ყველა ძალოვანი, ვინც მათ დასდევდა, ასევე ინფიცირებულია. მათი ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ასე შემდეგ - ყველა დაინფიცირდებოდა. რატომ არ უშვებდნენ ტუალეტში და საჭმელს რატომ არ აძლევდნენ? მის უფლებებს რატომ არღვევდნენ? მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს: თქვენ, რა, თავის ტკივილი გაკლიათ, კიდევ ახალი რომ არ გამოიგონოთ? ალლო, გარშემო მიმოიხედეთ, დაძაბულობა იზრდება, ტვინი ჩართეთ“, - წერს დინა ალბოროვა.
ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა იუწყება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა არავინ იცის, როგორ ტარდება კვლევა ამ ინფექციაზე. ცხინვალელებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ ტესტ-სისტემები რუსეთიდან მიიღეს და აქტიურად იყენებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ე. წ. საზღვარი მთლიანად ჩაკეტა სამხრეთით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან მხოლოდ ტვირთების შეტანაა დაშვებული. განსაკუთრებული შეზღუდვები არ ეხება რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომსახურე პერსონალს. ოსური მედიის ცნობით , ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 305-მდე გაიზარდა.