Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი დედამიწის ორბიტაზე - შესაძლებელია?


რუსულ კოსმოსურ ხომალდ "სოიუზ-2 1b"-ს ორბიტაზე გაჰყავს ხელოვნური თანამგზავრი "კოსმოს-2546". პლესეცკის კოსმოდრომი, 2020 წლის მაისი
რუსულ კოსმოსურ ხომალდ "სოიუზ-2 1b"-ს ორბიტაზე გაჰყავს ხელოვნური თანამგზავრი "კოსმოს-2546". პლესეცკის კოსმოდრომი, 2020 წლის მაისი

რუსეთი ცდილობს, მკვლელი-თანამგზავრების საშუალებით ხელი შეუშალოს ორბიტაზე მომუშავე ამერიკულ სატელიტებს. აქამდე თანამგზავრებს შორის დაპირისპირება არ გაცდენილა "ცივი ომის" ფარგლებს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნის ხელოვნურმა თანამგზავრმა მეორე ქვეყნის თანამგზავრი ჩამოაგდო ან დააზიანა.

17 მაისს რუსეთმა პლესეცკის კოსმოდრომიდან წარმატებით გაუშვა კოსმოსური ხომალდი, რომლის ცაში აჭრის შთამბეჭდავი სურათის ნახვა რამდენიმე ასეული კილომეტრიდანაც შეიძლებოდა. მალევე აშშ-ის ელჩმა გაეროში, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რუსეთმა ორბიტაზე გაიყვანა ხელოვნური თანამგზავრი, რომელსაც შეუძლია სხვა თანამგზავრებზე იერიშის მიტანა.

  • რამდენად საფუძვლიანია ამერიკელი დიპლომატის ეჭვები და შეუძლია თუ არა „როსკოსმოსს“ მსგავსი მოწყობილობების შექმნა?

აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა თავისი ახალი თანამგზავრი, რომელიც აღჭურვილია ე.წ. ანტითანამგზავრული (ანტისატელიტური) იარაღით, გაიყვანა ამერიკის სახელმწიფო კოსმოსური (სავარაუდოდ, სამხედრო) ხომალდი ორბიტის მახლობელ ორბიტაზე. აშშ-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსგავსი მცდელობები ჰქონდა 2019 და 2022 წლებში. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტრიკ რაიდერმა.

სპეციალისტების თქმით, ანტითანამგზავრული იარაღი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის და მოქმედებდეს როგორც მიწიდან, ასევე კოსმოსიდან. დედამიწიდან თანამგზავრის მუშაობაზე ზემოქმედების მოსახდენად შესაძლებელია ლაზერის გამოყენება, სატელიტის ოპტიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად ან მძლავრი რადიოტალღის გაშვება, რაც გამოიწვევდა თანამგზავრის რადიომიმღების დაზიანებას. დაბალ ორბიტაზე კოსმოსში მყოფი თანამგზავრის განადგურება შესაძლებელია რაკეტითაც, თანაც ისე, რომ საჭირო არაა რაკეტის ორბიტაზე გასვლა, საკმარისია საჭირო მომენტში სასურველ სიმაღლეზე ასვლა.

გენერალი პატრიკ რაიდერი
გენერალი პატრიკ რაიდერი

2023 წელს მსგავსი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს ჩინეთმა, აშშ-მა და რუსეთმა. თანამგზავრებთან ბრძოლის ყველაზე რთული საშუალებაა სპეციალური მანევრირების სატელიტი (თანამგზავრი), რომელიც აღჭურვილია მსხვრევადი ან კუმულატიური ჭურვებით და, შესაბამისად, შესაძლებელია მათი გამოყენება სხვა კოსმოსურ აპარატზე იერიშის მისატანად.

„თანამგზავრი-თანამგზავრი“ ტიპის კოსმოსური იარაღის განვითარების ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც კი გაირკვა, რომ შესაძლებელია კოსმოსური აპარატის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება, დაიწყო ანტითანამგზავრული იარაღის შემუშავება. საბჭოთა კავშირში შეიქმნა ანტიკოსმოსური თავდაცვის მთელი კომპლექსი (თანამგზავრთა გამანადგურებელი სატელიტების (ИС-А) მუდმივი საბრძოლო მორიგეობით). ИС-А შედგებოდა მანევრირებადი კოსმოსური აპარატებისგან, რომლებსაც შეეძლოთ სამიზნე თანამგზავრთან მიახლოება და მისი განადგურება ჭურვის დამიზნებით.

სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ „როსკოსმოსი“ უკვე რამდენიმე წელია ცდილობს მსგავსი რაღაცის გაკეთებას. ჯერ კიდევ 2017 წელს რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ წარმატებით გამოცადეს "ინსპექტორ თანამგზავრი", რომელმაც შეძლო კოსმოსურ აპარატთან მიახლოება და მისი დათვალიერება მცირე მანძილიდან. ტექნიკურად, „ინსპექტორ თანამგზავრი“ არაფრით განსხვავდება „თანამგზავრ-გამანადგურებლისგან“ - პირველი აღჭურვილია ფოტოკამერებით, მეორე კი, კამერის ნაცვლად, მართვადი საბრძოლო მუხტით. სავარაუდოდ, ორი ასეთი თანამგზავრი რუსებმა 2019 წელს გააკეთეს: „კოსმოს- 2535“ და „კოსმოს-2536“, რომლებიც პერიოდულად შორდებიან რამდენიმე კილომეტრით და კვლავ უახლოვდებიან ერთმანეთს. ოფიციალურად ითქვა, რომ მოწყობილობები გაუშვეს „რუსეთის თანამგზავრებზე კოსმოსის ხელოვნური და ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შესასწავლად“. რა სახის „ზემოქმედებაზეა“ საუბარი?

სპეციალისტების თქმით, ირიბად ამის გაგება შესაძლებელია ამერიკული სისტემის NORAD-ის მონაცემებით. ეს სისტემა აკვირდება კოსმოსურ აპარატებს დაბალ ორბიტებზე. NORAD-ის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერსა და 2020 წლის იანვარში, "კოსმოს-2535" და "კოსმოს-2536" თანამგზავრებიდან გაიტყორცნა ნამსხვრევები, რომელთა გაფანტვის მანძილი მიუთითებს ძლიერ ზემოქმედებაზე, რადგან მათი ორბიტა 200-300 კმ-ით განსხვავდებოდა „დედა-თანამგზავრების“ ორბიტისგან. ორბიტის ამგვარი ცვლილება მიუთითებს სიჩქარის დაახლოებით 200 მ/წმ-ით ცვლილებაზე. შედარებისთვის: „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიის სიჩქარე 315 მ/წმ-ია, ხოლო F-1 ყუმბარის ფრაგმენტების გაფანტვის სიჩქარე - 700 მ/წმ. საინტერესოა, რომ ერთი თანამგზავრის მიერ მეორის შესაძლო დაცხრილვის მიუხედავად, ორივემ შეინარჩუნა ფუნქციონირებისა და მანევრირების უნარი.

2019 წლის ნოემბერში რუსეთმა გაუშვა მორიგი მანევრირებადი თანამგზავრი, "კოსმოს-2542", რომელმაც ორბიტაზე გაიყვანა კიდევ ერთი მოწყობილობა - "კოსმოს-2543", რომელიც ასრულებდა თანამგზავრ- ინსპექტორის ფუნქციებს. ამასთან, ორივე თანამგზავრი ცდილობდა თვალი ედევნებინათ ამერიკული სამხედრო თანამგზავრ USA-245-ისთვის. ვარაუდობენ, რომ USA-245 - ეს არის თანამგზავრი დედამიწის ზედაპირის უაღრესად დეტალური გამოსახულების გადაღების შესაძლებლობით, Hubble კოსმოსური ტელესკოპის მსგავსი, ოღონდ შებრუნებული დედამიწისკენ. რუსულმა თანამგზავრებმა "კოსმოს-2542"-მა და "კოსმოს-2543"-მა არაერთხელ სცადეს მიახლოება ამერიკულ აპარატთან, რომელიც ყოველ ჯერზე რთავდა ძრავას მიახლოებისგან თავის არიდების მიზნით. მოგვიანებით, "კოსმოს-2543"-მა საჩვენებელი გასროლაც განახორციელა ერთჯერადი მუხტით, რომელსაც არ დაუზიანებია არანაირი სამიზნე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კოსმოსურ-თანამგზავრული იარაღის შექმნისა და ექსპლუატაციის ირგვლივ მრავალი გარემოება გასაიდუმლოებულია, არსებული მონაცემებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სპეციალისტებს ეჭვი არ შეეპაროთ იმაში, რომ ასეთი იარაღი ნამდვილად კეთდება. შესაბამისად, ამერიკელებს ყველა საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ რუსებმა ახლახან პლესეცკის კოსმოდრომიდან მორიგი საბრძოლო თანამგზავრი გაუშვეს - დასახელდა მისი სამიზნეც.

სპეციალისტების თქმითვე, აუცილებელი არ არის, რომ ასეთმა თანამგზავრმა გამოიყენოს საბრძოლო იარაღი. დიდი ალბათობით, ამერიკული სატელიტი შეეცდება თავიდან აიცილოს რუსული აპარატის სახიფათო მიახლოება, რაც გააუარესებს მის მუშაობას, რადგან მანევრების დროს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ორბიტაზე გადაადგილება გამოიწვევს საწვავის დამატებით მოხმარებას, რაც გავლენას მოახდენს თანამგზავრის აქტიური მოქმედების ვადებზეც.

დიაგრამა აჩვენებს რუსული თანამგზავრის („კოსმოს 2542“) უჩვეულო მიახლოებას ამერიკულ სადაზვერვო სატელიტთან.

სამხედრო ექსპერტების თქმით, აქამდე „ორბიტალური ბრძოლები“ არ სცდებოდა „ცივი ომის“ ფარგლებს - არ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნის თანამგზავრმა მეორის თანამგზავრი გაანადგურა ან დააზიანა. თუ რუსეთი გადაწყვეტს ესკალაციას, მას მოუწევს გაითვალისწინოს არა მხოლოდ პოლიტიკური რისკები, არამედ აშშ-ის ტექნოლოგიური უპირატესობა: მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანია SpaceX ერთ თვეში აწარმოებს იმაზე უფრო მეტ თანამგზავრს, ვიდრე რუსეთს მთლიანად ჰყავს ორბიტაზე.

რუსული რადიოელექტრონული თავდაცვა და ამერიკული Excalibur-HIMARS-ები

„ორბიტალური ბრძოლების“ ნაწილია რადიოელექტრონული თავდაცვა, რომლის საშუალებითაც, როგორც The Washington Post-ი წერს, რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა უკრაინისათვის გადაცემული ამერიკული რაკეტების ეფექტიანობა. გამოცემის მიხედვით, უკრაინაში დასავლური იარაღის ზოგიერთი სახეობის სიზუსტე მკვეთრად შემცირდა რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წარმატებული მუშაობის გამო. საუბარია თანამგზავრული დამიზნების იარაღზე, კერძოდ, Excalibur-ის ჭურვებსა და HIMARS-ის სისტემის რაკეტებზე.

Excalibur-ის ჭურვების მაჩვენებელი რამდენიმე თვეში დაეცა მიზანში მოხვედრის 10%-მდე. გამოცემის ცნობით, 6 თვის წინ, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა პრობლემის შესახებ შეატყობინეს, ვაშინგტონმა Excalibur-ის ჭურვების მიწოდება შეწყვიტა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა გაზეთს, თქვა, რომ პენტაგონი ვარაუდობდა, რომ ზოგიერთ მაღალი სიზუსტის იარაღს პრობლემები შეექმნებოდა მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მხრიდან, რის გამოც მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინის მხარესთან საწინააღმდეგო ზომების მიღების მიზნით.

The Washington Post-ი ასევე წერს, რომ მანამდე, ვიდრე შეერთებული შტატები შეაჩერებდა მიწოდებას, უკრაინელმა არტილერისტებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს Excalibur-ის გამოყენება.

რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა ასევე მნიშვნელოვნად უშლის ხელს უკრაინელი მფრინავების მუშაობასაც: „უკრაინელი მფრინავებისთვის არ არსებობს ისეთი ღია ფანჯრები, სადაც ისინი მიზანში არ იქნებიან ამოღებული“. თუმცა, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თანამედროვე F-16 გამანადგურებლები უკრაინის საჰაერო ძალებს საშუალებას მისცემს შეავიწროონ რუსული თვითმფრინავები.

რაც შეეხება HIMARS-ს, The Washington Post-ის მიხედვით, ომის პირველი წლის განმავლობაში ისინი წარმატებით ანადგურებდნენ იარაღის საწყობებსა და სამეთაურო პუნქტებს, თუმცა, მეორე წელს, რუსულმა რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემამ წარმატებით დაიწყო მათი ჩახშობაც.

The Washington Post-ის ცნობით, ამ არაეფექტიანობამ განაპირობა ის, რომ ძალიან ძვირადღირებული ჭურვები სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა დაბალი პრიორიტეტის სამიზნეების გასანადგურებლად, თუმცა კიევი ჯერ კიდევ მაღალეფექტიანად მიიჩნევს HIMARS-ის რაკეტებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს შეუძლიათ მათი სიზუსტის ცდომილების გაზრდა 15 მეტრამდე. გამოცემის თანახმად, ზუსტი დამიზნების უზრუნველსაყოფად, აშშ აპირებს დამატებითი მოწყობილობებით აღჭურვოს HIMARS-ის რაკეტები,

New York Times-მაც დაწერა, რომ რუსეთმა ხარკოვის რეგიონზე თავდასხმამდე აქტიურად გამოიყენა მოწინავე ტექნოლოგიები, რათა შეფერხებით ემუშავა Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ კომუნიკაციებისთვის, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისა და უპილოტო თვითმფრინავების იერიშისათვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG