გარდა ამისა, სახელმწიფო მოხელეებს აიძულებენ გაიღონ თანხა „ფრონტის დასახმარებლად“, ხოლო სკოლის მოსწავლეებს აიძულებენ „ნებაყოფლობით“ გაწევრიანდნენ „იუნარმიაში“ (სრულიად რუსეთის საბავშვო-საყმაწვილო საზოგადოებრივი მოძრაობა. რედ) და მონაწილეობა მიიღონ პატრიოტულ ღონისძიებებში.
მაგრამ, როგორც სოციოლოგები და ფსიქოლოგები ამბობენ, ჩეჩნეთსა და დაღესტანში მწიფდება ჩუმი უკმაყოფილება ომით და ხელისუფლებით. „ხოლო კრემლის მიერ მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადების შემთხვევაში, ხალხი პროტესტის ნიშნად იმაზე უფრო მასობრივად გამოვა ქუჩაში, ვიდრე ეს სექტემბერში მოხდა“, - ამბობს ინტერნეტის სოციოლოგიის სპეციალისტი იგორ ეიდმანი.
მთავარი ნარატივი - “ლიდერის გარშემო გაერთიანება”
„რუსეთის პროპაგანდის სპეციფიკა რუსეთის სამხრეთში იმაში მდგომარეობს, რომ იქ ცხოვრობს მულტიეთნიკური შემადგენლობა. ეს არის ბევრად უფრო კონსერვატიული მოსახლეობა, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებს მეტად ინარჩუნებს. ეს ეხება არა მხოლოდ რესპუბლიკებს, არამედ, მაგალითად, კრასნოდარის მხარეს. ამ რეგიონებში პროპაგანდას უფრო ნაყოფიერი ნიადაგი ხვდება. შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის სამხედრო პროპაგანდა უფრო მადლიერ მსმენელებს პოულობს“, - ამბობს სოციოლოგი დენის ბილუნოვი.
რუსეთის სამხრეთ რეგიონსა და ჩრდილო კავკასიაში, სოციოლოგის თქმით, ადამიანები ინფორმაციას იღებენ „ტრადიციული“ საინფორმაციო საშუალებებით, კერძოდ, ტელევიზიით, ამიტომ ისინი უფრო ექვემდებარებიან პროპაგანდისტულ ნარატივებს.
რუსეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასია სინამდვილეში ძალიან არაერთგვაროვანია, ამბობს ინტერნეტის სოციოლოგიის სპეციალისტი იგორ ეიდმანი.
„მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარიზმზე გადასვლა ამჟამად მთელ რუსეთში მიმდინარეობს, კადიროვის რეჟიმი ჩეჩნეთში, რომელიც არის სახელმწიფო სახელმწიფოს შიგნით, სხვებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა. აქ არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაუბედავი მცდელობა, არამედ ტოტალურ ბაკქანალიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაც კი რეპრესიებით მთავრდება. რუსეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებშიც არსებობს რეპრესიული სისტემები. ისინი რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტად არიან ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს ვლინდება მაგალითად კონტრაქტით დაქირავებულების, მოხალისეებისა და კაზაკების აქტიური ჩართულობით... მრავალი უკრაინელი ტყვე, როგორც ვიცით, ასევე როსტოვის ოლქში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების საპყრობილეებში ჰყავთ მოთავსებული“, - ამბობს ეიდმანი.
სოციოლოგის შეფასებით, სახელმწიფო პროპაგანდის რიტორიკა ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვეში თითქმის გამუდმებით იცვლებოდა.
ხალხს ეუბნებიან: „ჩვენ ვებრძვით კოლექტიურ დასავლეთს და ნატოს, რომლებიც უკრაინას იყენებენ, რათა აიხდინონ რუსეთის დამონების, მისი ძალის განადგურების საუკუნოვანი ოცნება...იგორ ეიდმანი
„თავდაპირველად „გენერალური“ მესიჯი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი ეომება არა უკრაინას, არამედ ეხმარება უკრაინელებს რაღაც „ნეონაცისტური რეჟიმისგან“ გათავისუფლებაში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და სხვა პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძვის არა უკრაინის არმია, არამედ რაღაც „ბანდერომობილებზე“ ამხედრებული „უკრაინელი ნეონაცისტების“ გარკვეული ნაწილები. აქედან გამომდინარეობდა, რომ ომი მალე უნდა დამთავრებულიყო. შემდეგ პროპაგანდისტებმა სხვა სიმღერა დაიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ „უკრაინის რეჟიმმა“, როგორც მას უწოდებენ, შეძლო არმიის შეგროვება, მას ეხმარება მთელი დასავლეთი სამყარო, ხოლო ჩვენ ვეომებით არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს“, - აგრძელებს ეიდმანი.
რუსეთში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, სოციოლოგების აზრით, დღემდე ფიქრობს, რომ ომის დროს ლიდერის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, ვინაიდან დამარცხება მათი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს. შესაბამისად, პროპაგანდისტული ნარატივი ისეთნაირად ყალიბდება, რომ „ლიდერის გარშემო გაერთიანების ეფექტი“ განვითარდეს.
„ხალხს ეუბნებიან: „ჩვენ ვებრძვით კოლექტიურ დასავლეთს და ნატოს, რომლებიც უკრაინას იყენებენ, რათა აიხდინონ რუსეთის დამონების, მისი ძალის განადგურების საუკუნოვანი ოცნება. ხოლო თუ ჩვენ არ გავერთიანდებით ლიდერის გარშემო, მტრები დაგვამარცხებენ და ყველაფერი უარესად იქნება. შედეგად, პუტინის რეიტინგის ვარდნის შეჩერება მოხერხდა. მაგრამ, ცხადია, გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ ომი იქნებოდა ხანმოკლე, ხოლო მისი ეფექტი - უფრო მეტად მაღალი“, - განმარტავს სოციოლოგი.
შესაბამისად, პროპაგანდა სწორედ ამ მიმართულებით „განვითარდება“, ანუ გაგრძელდება დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეზე საუბარი.
"პუტინი თეთრ ცხენზე”
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სავას თქმით, რუსეთში პროპაგანდა რეგიონული თავისებურებით ხასიათდება.
„მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიის პირობითად მუსლიმანურ რეგიონებში საკმაოდ ძლიერია რელიგიური კომპონენტი. იქ ასევე არის ტრადიციონალისტური ეთნიკური კომპონენტი, რომელიც ხოტბა-დიდებას ასხამს მამაკაცურობას, გამბედაობას, სიკვდილს ბრძოლაში და მშიშრებად ნათლავს მათ, ვისაც არ სურთ უკრაინისათვის თავგანწირვა“.
პროპაგანდა არ ხსნის ამ აგრესიის ნამდვილ მიზნებს, არამედ ის ამ მიზნის შესანიღბად გამოიყენება...მიხაილ სავა
მეცნიერის დაკვირვებით, რუსეთის სამხრეთი გაცილებით ნაკლებად მოდერნიზებულია, ვიდრე მეგაპოლისები და ქვეყნის სხვა რეგიონები, ამიტომ მეტი აქცენტი აქ ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე კეთდება.
„ფედერალურის მსგავსად, რეგიონული პროპაგანდა რუსეთის ამჟამინდელ ომს წარმოადგენს, როგორც „ტრადიციულ ღირებულებებზე“ თავდასხმის წინააღმდეგ მიმართულ კონტრშეტევას. თუმცა, სინამდვილეში [დასავლეთსა და უკრაინაში] ეს ასე არ არის და საქმე ეხება მხოლოდ სხვადასხვა უმცირესობის უფლებების ყველაზე ეფექტიან დაცვას. მაგრამ რადგან ეს არ ჯდება "ტრადიციულად მოაზროვნეთა თავებში", პროპაგანდა ამას აქტიურად იყენებს“, - ამბობს სავა.
„რეგიონული კომპონენტის“ ეფექტიანი კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია, მაგრამ პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს კომპონენტი მცირდება, რაც ომის რეალობაზე მორგებული პროპაგანდისტული ნარატივების ცვლილებებს უკავშირდება.
„პროპაგანდა აცხადებდა, რომ "კიევის რეჟიმს", რომელიც არაკანონიერად იმყოფება ხელისუფლებაში, რუსეთი რამდენიმე დღეში მოაშორებდა. ამის შემდეგ პროპაგანდისტული "მესიჯები" ძალიან სერიოზულად შეიცვალა. ან რუსეთი მუდმივად მიიწევს წინ, ან შეიძლება - არა, რადგან მთავარია არა შეტევა, არამედ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა" (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს - რედ.). ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროპაგანდა არ ხსნის ამ აგრესიის ნამდვილ მიზნებს, არამედ ის ამ მიზნის შესანიღბად გამოიყენება“, - აღნიშნავს მიხაილ სავა.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ტელევიზია საკმაოდ წარმატებულია, რადგან ის დღემდე ახერხებს და „მცდარი იდეების ტყვეობაში ჰყავს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელსაც, პოლიტოლოგის დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში სწორედ „პროპაგანდის საშუალებით წვრთნიდა“.
ეს იქნება უსიტყვო დაზავება, როგორც ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის. ეს არაფერ სიკეთეს არ მოუტანს რუსებს, რადგან ქვეყანა სანქციების ქვეშ დარჩება...დენის ბილუნოვი
მაგრამ არსებობს „სახელმწიფო პროპაგანდის“ კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე, არამედ მესამე სამყაროს სახელმწიფოებზეც.
„მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „მამაცმა პუტინმა“, ამ „თეთრ ცხენზე მჯდომმა რაინდმა“, გაბედა და ხელთათმანი ესროლა ამერიკელებს - მსოფლიოში ყველაზე საშიშ ბოროტ ძალას. და ასეთი პროპაგანდა მადლიერ მსმენელებს პოულობს აფრიკაშიც, ლათინურ ამერიკასა და აზიაშიც, - აღნიშნავს დენის ბილუნოვი.
ამასთანავე, დაუსრულებელი ომი, რომელსაც ახლავს სიკვდილი და ართულებს რუსების მატერიალურ მდგომარეობას, არავის მოსწონს, ამიტომ ანტისაომარი განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
„რაღაც მომენტში საომარი მოქმედებების ცხელი ფაზა გაჩერდება. უბრალოდ, რუსეთს ძალა არ ეყოფა აწარმოოს სრულმასშტაბიანი ომი, ანიავოს რაკეტები, რომლის თითო ერთეული მილიონები ღირს. მაგრამ ცხელი ფაზა სავარაუდოდ სამშვიდობო შეთანხმებით როდი დასრულდება. უფრო მეტად, ეს იქნება უსიტყვო დაზავება, როგორც ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის. ეს არაფერ სიკეთეს არ მოუტანს რუსებს, რადგან ქვეყანა სანქციების ქვეშ დარჩება, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე იქნება. არსებობს მოსაზრება, რომ ომში დამარცხება პუტინი რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს, მაგრამ გამოცდილება საპირისპიროზე მეტყველებს. სადამ ჰუსეინმა კატასტროფულად წააგო სპარსეთის ყურის პირველი ომი და ამის შემდეგ ერაყს კიდევ 12 წლის განმავლობაში მართავდა“, - ამბობს დენის ბილუნოვი.
- ვლადიმირ პუტინმა 300 000 რეზერვისტის „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დანაკარგები განიცადეს უკრაინის ძალების კონტრშეტევების ფონზე.
- ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულების ხელმოწერის შემდეგ, ჩეჩნეთში აქტიურად ისმოდა მშობლების მოთხოვნა, რომ არ გაეგზავნათ მათი შვილები ომში. მსგავსი შინაარსის განცხადება ტელეგრამის არხით გაავრცელა „Другой Кавказ“-მა (სხვა კავკასია). „რამზან ახმადოვიჩ, ჩვენო პატივცემულო მეთაურო, თხოვნა გვაქვს, ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები დატოვოთ სახლში, ბევრი მათგანი უკვე დასახიჩრებულია, ბევრი დაიღუპა ამ ომში“.
- ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია გროზნოში, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის თქმით, 15-20 ქალი მონაწილეობდა, მანამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უარყოფდა აქციის შეკრებას. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაკავებულთა შესახებ განაცხადეს, ჩეჩნეთის ლიდერმა კი ირიბად დაადასტურა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ესაუბრა აქციის მონაწილეებს.
- კადიროვმა რესპუბლიკის მცხოვრებლებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა ანტისაომარ მოქმედებებში და მათ კი, ვინც მაინც გამოვა, „ერის მტრები“ უწოდა და მათი საომრად გაგზავნა მოითხოვა.
- 2022 წლის 25 და 26 სექტემბერს მახაჩყალაში გაიმართა საპროტესტო აქციები ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი“ მობილიზაციის წინააღმდეგ. 25 სექტემბერს დაღესტნის დედაქალაქში 120-მდე ადამიანი დააკავეს. რვა მათგანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მეორე დღეს პოლიციის განყოფილებებში 110-მდე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან მინიმუმ 28 არასრულწლოვანია. აქციის დასაშლელად, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ელექტროშოკი, ხელკეტები და „წიწაკის სპრეი“.