Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმე 2-0004/2023 – „ჯაშუში“ ქრისტინე თაკალანძე „განაჩენის“ მოლოდინში


ქრისტინე თაკალანძე (კოლაჟი)
ქრისტინე თაკალანძე (კოლაჟი)

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის საქმეზე აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პირველი სხდომა 19 იანვარს დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

24 წლის ქალი რომელსაც, დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება, უკვე 6 თვეა სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, თაკალანძეების მეზობელი ანონიმურობის დაცვით უყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში შვილის მონახულების უფლება მხოლოდ ერთხელ მისცეს ქრისტინეს მამას, ველოდ თაკალანძეს. მისივე , მამა ხვალ სასამართლო სხდომასაც დაესწრება.

ეს ქალი [ქრისტინე თაკალანძე] იმყოფება ისევ სოხუმში, СГБ-ს (დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) იზოლატორში. მამამ ერთხელ ნახა. ისე ჯანმრთელობის მხრივ კარგად არისო. ჰყავს ადგილობრივი ადვოკატი. ადვოკატი ამბობს, რომ 19- ში კი იწყება ეს პროცესი, მაგრამ 19-ში არ დამთავრდება, ალბათ დიდხანს გაგრძელდებაო. საქმის მსვლელობა გვაჩვენებს ყველაფერს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვიო. ისიც თქვა, ისე ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთო“, - ჰყვება რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ოკუპირებული ნაბაკევის მკვიდრი.

მეზობლის ინფორმაციითვე, ქრისტინე თაკალანძე ნაბაკევში ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად ჩადიოდა ზუგდიდში. ნაბაკეველი წყაროს თანახმად, აფხაზმა სამართალდამცავებმა ქალი 2022 წლის ივლისშიც, სწორედ მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში მიდიოდა.

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა . 16 სექტემბერს კი ე.წ. უშიშროების სამსახურის გამომძიებლის შუამდგომლობით წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა.

ქრისტინე თაკალანძის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვის და სოფლის მცხოვრებლებისთვისაც. მათ ახალგაზრდა ქალისთვის წაყენებული ე.წ. ბრალდების შესახებაც მხოლოდ ის იციან, რასაც დე ფაქტო უწყებები ავრცელებენ.

ამჟამად ოკუპირებულ ნაბაკევში, დაკავებულის სახლში ქრისტინე თაკალანძის მამა მარტო ცხოვრობს, ძმა ზუგდიდში იმყოფება და მედიასთან საუბარი არ სურს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან მუდმივ კონსულტაციაში შესაბამის წარმომადგენლებთან რათა გამოიყენონ ჰუმანიტარული მიდგომა...ეს არ არის მარტივი პროცესი და ის გარემოება თუ რამდენად გაიწელა დროში უკანონო პატიმრობები, ამაზე ნათლად მიუთითებს. სახელმწიფო და არა მხოლოდ სახელმწიფო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ იშურებენ ძალისხმევას და ყველა შესაძლო ტრიბუნა, ყველა შესაძლო პლატფორმა და ყველა შესაძლო მექანიზმი არის ამოქმედებული...“, - ამის შესახებ 17 იანვარს რადიო თავისუფლების შეკითხვას სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ უპასუხა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 110-ე შეხვედრის წინ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა 25 ივლისს განაცხადა, რომ 20 ივლისს "ჯაშუშობისთვის" დააკავეს 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს.

თაკალანძეს ბრალად ედება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..."

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი არაერთი ქართველი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. მათი ნაწილი პერიოდულად, მცირე ხნით ახერხებს გალში ჩასვლას. გარდა ამისა, ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის გავლით ზუგდიდში მედიკამენტებს და პროდუქტს ყიდულობენ, ან სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.

XS
SM
MD
LG