საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსისთვის” ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა, რადგან ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად რუსულ კომპანიას არ გაუვლია რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. „ნტვ-პლუსმა“ ავტორიზაცია მიიღო 2016 წელს კომისიის მაშინდელი პრაქტიკის შესაბამისად, როცა დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, წარადგენდა სათანადო დოკუმენტებს და ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას. რას და რატომ ედავებიან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას?
"ნტვ-პლუსის" ავტორიზაცია - კომისიის მინუსი
- საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში.
- ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად "ენტევე-პლუსს" არ გაუვლია რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
- კანონის დარღვევაზე მიუთითებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
- მოცემულ ეტაპზე, რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა - სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ავტორიზაციის მსურველმა იურიდიულმა პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები და თან უნდა დაურთოს აღნიშნული რეესტრიდან ამონაწერი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, მარიამ გოგესაშვილის, თქმით კი, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში. ამდენად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველი „ნტვ-პლუსიც“ რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საქართველოში.
„კომისიამ მიიღო რუსეთში რეგისტრირებული მონაცემები და ამის საფუძველზე მიანიჭა კომპანიას ავტორიზაცია, თუმცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან გულისხმობს იმას, რომ საქართველოში უნდა ჰქონდეს გავლილი ამ პირს რეგისტრაცია. ვინაიდან ამ შემთხვევაში „ნტვ-პლუსი“ არ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეტარებინა „ნტვ-პლუსი“ რეგისტრაციაში და მიეცა მისთვის ავტორიზაცია“, უთხრა მარიამ გოგესაშვილმა რადიო თავისუფლებას.
კანონის დარღვევაზე მიუთითებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ეკა წამალაშვილის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონის უხეშად დარღვევისა და ოკუპანტი ქვეყნის მედიისათვის ხელშეწყობის გამო, თანამდებობა უნდა დატოვოს კომისიის თავმჯდომარემ, ხოლო კომისიამ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება:
„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბათილად ცნოს „ნტვ-პლუსისათვის“ გაცემული ავტორიზაცია, როგორც უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მაინც გავაუქმებთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“.
თუმცა, ბრალდებების პასუხად, კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომისიას კანონი არ დაურღვევია:
„1,5 წლის წინ, თუ არ ვცდები 2016 წლის სექტემბერში, „ნტვ-პლუსმა“ გაიარა ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩვენთან კომისიაში, თუმცა მას პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთვის დამატებით დასჭირდება სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, რათა დაფიქსირდეს როგორც ქართული სამეწარმეო სუბიექტი“.
ეს არ არის მედია, კლასიკური გაგებით. ეს არის საინფორმაციო დაპირისპირების, ომის ნაწილი, რომელშიც ასეთი ე.წ. ვითომ მედიები იპყრობენ ტვინებს და ქმნიან სხვა მოტივაციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტრატეგია შემუშავდეს ამ საკითხებთან მიმართებით...ლაშა ტუღუში
კახა ბექაურის ამ განცხადების კომენტირებისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ, დღეს არსებული მდგომარეობით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დავალება - კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა - სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ახალ სუბიექტს, რომელიც ვერ იქნება დღეს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირი - ,,ნტვ-პლუსი”. გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კი მიიჩნევს, რომ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მედიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე შეუძლებელია არ ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზნებს.
„ეს არ არის მედია, კლასიკური გაგებით. ეს არის საინფორმაციო დაპირისპირების, ომის ნაწილი, რომელშიც ასეთი ე.წ. ვითომ მედიები იპყრობენ ტვინებს და ქმნიან სხვა მოტივაციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტრატეგია შემუშავდეს ამ საკითხებთან მიმართებით, უფრო კომპლექსურად უნდა გადავწყვიტოთ ასეთი გამოწვევები“, უთხრა ლაშა ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.
ლაშა ტუღუშის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ თავისი მოქალაქეები არ შეატოვოს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც არა მარტო საქართველოსა და რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში აწარმოებენ საინფორმაციო ომს.