2022 წლის ზაფხულში რამდენიმე დღე იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში გავატარე. ჩემს ეზოშიც და მეზობლებთანაც ონკანში მხოლოდ მღვრიე წყალი მოდიოდა, უსიამოვნო სუნით. ათეულობით ოჯახი ამ წყალს სვამდა, ამ წყლით ამზადებდა საკვებს, იყენებდა დასაბანად, ჭურჭლისა და სარეცხის გასარეცხად, ასევე ბაღჩების და ბოსტნების მოსარწყავად.
უკანა გზაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება დავტოვე და სოფელ წიფაში წყლის ლაბორატორიული შემოწმება მოვითხოვე. რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ წყალი სასმელად უვარგისია და დაბინძურებულია, მათ შორის ფეკალიებით.
უვარგისი სასმელი წყალი მხოლოდ ცალკეული სოფლების პრობლემა არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ათობით მუნიციპალიტეტში - საცხოვრებელ სახლებში, სკოლებსა და ბაღებში დაბინძურებული წყალი მოდის.
ამ სტატიაში 6 მუნიციპალიტეტის მაგალითზე შევეცდებით ავხსნათ, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და რატომ ვერ ჭრის მას ხელისუფლება.
2019-2023 წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ:
- ჩოხატაურის, ოზურგეთის, ყაზბეგის, დუშეთის, თელავის, ქობულეთის, ახმეტის, მცხეთის, თიანეთის, ქედის, ხულოს, ზესტაფონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში წლებია, მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი არ აქვს;
- გასული ოთხი წლის განმავლობაში, ათასობით ბავშვი 131 საბავშვო ბაღსა და ოცამდე სკოლაში დაბინძურებულ წყალს მოიხმარდა;
- წყლის დამაბინძურებელი ყველაზე ხშირად კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) იყო - ბაქტერიები, E.coli და St.faecalis, რომელიც სასმელ წყალში საერთოდ არ უნდა იყოს.
დიდი ალბათობით, იქ, სადაც სუფთა წყალი არ მოდის სკოლებსა და ბაღებში, სასმელად უვარგის წყალს მოიხმარენ სახლებშიც;
რეგიონებს წყლით, ძირითადად, ამარაგებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ან ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერიას ექვემდებარებიან.
2021 წელს აუდიტის სამსახური წერდა, რომ მერიების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, რომლებსაც მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა ევალებათ, არ გააჩნიათ ამ სფეროში ოპერირების ლიცენზია და მუნიციპალიტეტების უმეტესობაში წყალი არ იწმინდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლევებს სისტემატურად ატარებს, ხშირად მოსახლეობამ არც იცის, რომ წყალი საშიშია. ამის მიზეზი სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმართავი კომუნიკაციაცაა. იმ საბავშვო ბაღებისა და სკოლების ნაწილში, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის დაბინძურება დაადგინა, გვითხრეს, რომ ამგვარი დასკვნები მათ ნანახი არ აქვთ. თავის მხრივ, წყლის ხარისხის შემოწმების ვალდებულება აქვთ მუნიციპალიტეტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც - ქალაქები, სკოლები და ბაღები წყლის ლაბორატორიულ კვლევებში ყოველწლიურად ათასობით ლარს ხარჯავენ, თუმცა რიგ დასახლებებში წყლის ხარისხი წლიდან წლამდე უცვლელად ცუდია.
ქობულეთი - “რამე ისეთი დარღვევა" არ არის?”
2023 წელს სასმელი წყლის ხარისხი ჯერ მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტშია შესწავლილი - აღმოჩნდა, რომ ქობულეთის ოთხ სოფელში: ხეცუბანში, ჩაისუბანში, დაგვსა და ბობოყვათში, ბავშვები საბავშვო ბაღებში მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულ სასმელ წყალს მოიხმარენ.
ქობულეთის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელი ია ხალვაში რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არც ინსპექტირების და არც მისი შედეგების შესახებ მისთვის არავის უცნობებია. ბაღების ხელმძღვანელობა წყლის ხარისხს თავადაც ამოწმებს წელიწადში ორჯერ, თუმცა, ია ხალვაშის თქმით, მისი დაკვეთით შესრულებულ ლაბორატორიულ კვლევებში მნიშვნელოვანი დარღვევები აქამდე არ გამოვლენილა.
იმავეს ამბობს “ქობულეთის სოფლის წყლის” ხელმძღვანელი, სულიკო თხილაიშვილიც - მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოველთვე ატარებს ლაბორატორიულ კვლევას, სისტემატურად “ქლორავს წყალს” და “რამე ისეთი” დარღვევა, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება ყოფილიყო, არავის აღმოუჩენია.
საბავშვო ბაღების გაერთიანების, წყლის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშები ურთიერთგამომრიცხავ სურათს აჩვენებს. დოკუმენტები, რომლებიც საჯაროა და ინტერნეტში მოიპოვება, აჩვენებს, რომ ქობულეთის სოფლებში სასმელი წყლის ხარისხი, წლებია, არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
სააგენტო ყოველ ჯერზე, როცა წყლის ვარგისიანობას ამოწმებს, წერს: “დარღვევის შესახებ ეცნობა მუნიციპალიტეტს და მიეცა რეკომენდაცია”.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 31 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სააგენტოს შემოწმებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, მას შემდეგ კი, რაც სააგენტოს შემოწმების შედეგები მეილზე გავუგზავნეთ, გვითხრეს, რომ სააგენტოდან ბევრი წერილი აქვთ შესული და ეცდებიან, ვითარებაში გაერკვნენ.
ქობულეთის სოფლის წყლის კომპანიის პრობლემების შესახებ, მერიისგან განსხვავებით, ცნობილია აუდიტის სამსახურისთვის, რომელიც 2022 წლის ანგარიშში წერს:
- კომპანიას არ აქვს წყლის რეზერვუარების დაქლორვის შიდა კონტროლის სისტემა.
- 11 ჭაბურღილიდან ფუნქციონირებს 10, ხოლო 6 მათგანიდან სასმელი წყალი მოსახლეობას მიეწოდება სათანადო ლაბორატორიული შემოწმების გარეშე.
- კლიმატური პირობების გაუარესებასთან ერთად, წყლის ხარისხი უარესდება, ან/და წყლის მოწოდება საერთოდ წყდება.
- ქობულეთის სოფლის წყალს დასაქმებული ჰყავს 131 თანამშრომელი, თუმცა გაწერილი არ აქვს სამუშაო აღწერილობები და წერილობით არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.
ქობულეთი არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა სასმელად უვარგის წყალს მოიხმარს.
2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, რეგულარული შემოწმებების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მესამედს მაინც სუფთა სასმელი წყალი არ აქვს.
თიანეთი - “ამ წყლით დავზარდე შვილები”
თიანეთის 83 სოფელს მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია “თიანეთის წყალი” ამარაგებს სასმელი წყლით. ამ კომპანიას წყლის მიწოდებისთვის საჭირო ლიცენზია არ აქვს. მან 2020-2021 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის 1,159.8 ათასი ლარი მიიღო.
“სასმელი წყლის გასაუმჯობესებლად ყოველკვირეულად იწმინდება და იქლორება სასმელი წყლის ყველა რეზერვუარი. სუფთავდება სადრენაჟე არხები, მილები იწმინდება შლამისა და ფოთლებისგან, ვატარებთ ფიზიკურ, ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებს“, - მისწერეს რადიო თავისუფლებას თიანეთის მერიიდან.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი წერს, რომ 2019-2022 წლებში სასმელად უვარგისი წყალი მოდიოდა თიანეთის 5 სოფლის: ჟებოტას, ახალსოფლის, საყდრიონის, დულუზაურებისა და ტუშურების, საბავშვო ბაღების სამზარეულოებში.
როგორ ხდება, რომ, თუკი წყლის ვარგისიანობას სისტემატურად ამოწმებთ და წყალსაც სულ წმენდთ, მაინც სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ საბავშვო ბაღებს - ვკითხეთ თიანეთის წყლის კომპანიის ხელმძღვანელს, მევლუდ ბუჯიაშვილს.
“... ეგეთი დასკვნა არ მიგვიღია. წვიმების დროს კი იმღვრევა ხოლმე [წყალი], მაგრამ წვიმების დროს იორი ისეთი მოდის, წყლის სათავე ნაგებობები კი არა, ლამის მთელი თიანეთი წაიღოს. სადაც ავზები გვაქვს, კვირაში ერთხელ სულ ვწმენდთ და ვქლორავთ, ძირითადში, სამდურავი არაფერი გვაქვს”, - უთხრა მევლუდ ბუჯიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ის გვიყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა თვითონ დაეჭვებულა რომელიმე სოფელში წყლის ხარისხით, ლაბორატორიაშიც გაუგზავნია სინჯები და მიუხედავად დაბინძურების დაფიქსირებისა, მოსახლეობას უთქვამს, რომ მათ აკმაყოფილებთ ის, რაც არის.
“ღელოვანია ეგეთი სოფელი, ისეთი გუბის წყალს სვამდნენ, მე თვითონ დამაინტერესა, იმის დალევა როგორ შეიძლებოდა, ხალხი მეუბნებოდა, ამით დავზარდე შვილები, ამას სვამდა მამაჩემი და კიდევ იმის მამა. ეგეთი შემთხვევაც გვქონდა, ჟებოტაში, მაგალითად, სადაც ძველი, რკინის ჟანგიანი მილები იყო, ახლები გავიყვანეთ და რამდენიმე ოჯახმა ის ძველიც დაიტოვა, დამალა, რომ ჰქონდათ, იმისთვის, რომ ორივე ჰქონოდათ”, - ამბობს მევლუდ ბუჯიაშვილი.
თიანეთში პრობლემაა არა მხოლოდ წყლის ხარისხი, მისი მიწოდებაც. აუდიტის სამსახური წერს, რომ თიანეთში მხოლოდ მოსახლეობის ნახევარს აქვს წყალი მუდმივად. 9 სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი მხოლოდ წყაროებით სარგებლობს და წყლის სისტემების გარეშე ცხოვრობს, 1667 ოჯახს კი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ყაზბეგი - 9 საბავშვო ბაღიდან 6-ში წყალი სასმელად უვარგისია. ბავშვები სახლშიც იმავე წყალს სვამენ
კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც წყლის პრობლემები აქვს, ყაზბეგია. ყანობში, აჩხოტში, არშაში, სიონში, გერგეტსა და გორისციხეში, საბავშვო ბაღების სამზარეულოებსა და ეზოებში აღებული წყლის სინჯები ყოველ ჯერზე აჩვენებს, რომ წყალი კოლიბაქტერიებს შეიცავს.
კოლიფორმები ნაწლავური ჩხირის ტიპის მიკრობებია, რომელთა არსებობაც წყალში ნიშნავს, რომ მასში ფეკალური მიკრობები, ვირუსები და პარაზიტებიც შეიძლება იყოს. ა და ე ჰეპატიტები, მუცლის ტიფი, ქოლერა, ენტეროვირუსული ინფექციები, ბაქტერიული დიზინტერია - კოლიფორმები ბევრი რთული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ციცია ქაწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახლებშიც იგივე წყალი მოდის, რაც ბაღში. ეს კომპლექსური პრობლემა მუნიციპალიტეტის დონეზეა გადასაჭრელი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების ანგარიშის თანახმად, რეზერვუარების მშენებლობაში სოფელ სიონში 104 900 ლარია დახარჯული, სოფელ აჩხოტში კი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე - 280 000 ლარი. ამის შემდეგაც, 2022 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ წინა წლების მსგავსად, სიონში, აჩხოტსა და ყანობში, საბავშვო ბაღების სამზარეულოში აღებული წყლის სინჯები სასმელად უვარგისია.
ვანი - “ამ მიმართულებით ღონისძიებები არ გატარებულა”
არის ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც ღიად ამბობენ, რომ წყლის ხარისხის შემოწმებისთვის ან გაუმჯობესებისთვის წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. მაგალითად, ასეთია ვანი. აქაც, 2022 წელს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ტობანიერში, სულორში, მიქელეფონსა და ბზვანში, საბავშვო ბაღების და სკოლის ეზოებში ონკანებიდან აღებულ წყლის სინჯებში კოლიფორმები აღმოჩნდა.
ქარელი - მილიონობით ლარის ხარჯის მიუხედავად, წყალი მაინც უხარისხოა
არის ისეთი მუნიციპალიტეტებიც, სადაც მილიონობით ლარი დაიხარჯა წყლის სისტემების გაუმჯობესებაზე, თუმცა წყალი მაინც დაბინძურებულია. მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის ცნობით, 2019-23 წლებში სისტემის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქარელის 7 სოფელში - რუისში, დვანში, დირბში, ბრეთაში, კეხისჯვარში, ხვედურეთსა და აბანოში - საბავშვო ბაღების ონკანებში 2021 და 2022 წლებში მაინც სასმელად უვარგისი წყალი მოდიოდა.
ქარელის სოფლების ნაწილი საოკუპაციო ხაზთანაა - ამ სოფლებისთვის სასმელ წყალთან ერთად სარწყავი წყალიც გამოწვევაა. ტექნიკური წყალი, რომელსაც მოსახლეობა სარწყავად იყენებს, თითქმის არასოდეს არის საკმარისი.
თელავი - 20-ზე მეტი სინჯი ყოველწლიურად
თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულში წყლის დეფიციტს განიცდის. 29 სოფლიდან 11-ში მოსახლეობა მხოლოდ ჭაბურღილების და წყაროების წყალს მოიხმარს, ისიც გრაფიკით. ქალაქის მთავრობა ვერ ახერხებს წყლის სისტემების გამართვას და გაუმჯობესებას - 2020-2021 წლებში მხოლოდ დაგეგმილი სამუშაოების 61% განახორციელა.
თელავმა ამ წლებში წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ამის მიუხედავად, სურათი აქაც იგივეა. მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული წყალი მოდის როგორც სკოლებსა და ბაღებში, ასევე იმ წყაროებში, რომლებსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს.
თელავის მერიას ვთხოვეთ, გამოეგზავნა კონტრაქტორი კომპანიის წყლის შემოწმების შედეგები. “ეტალონმა”, თელავის მერიის დაკვეთით, 2019-დან 2023 წლამდე 103 სხვადასხვა ადგილას აიღო წყლის სინჯები და ამ მომსახურებაში 21 ათასი ლარი მიიღო. “ეტალონმა” სინჯები ძირითადად წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან აიღო. ამ კვლევებით ჩანს, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა თელავში 2020 წელს იყო - 23 სინჯიდან 14-ში წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა.
აუდიტის სამსახური წერს, რომ თელავის მუნიციპალიტეტში სათავე ნაგებობები/რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის გამწმენდი საშუალებებით.
სუფთა სასმელ წყალსა და სანიტარიაზე წვდომა ადამიანის უფლებების განუყოფელი, არსებითი ნაწილია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამბობს, რომ ბინძური წყალი აფერხებს ბავშვის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას.
საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ სახალხო დამცველმა 2019 წელს ეს საკითხი საგანგებოდ იკვლია. ანგარიშში სასწავლო დაწესებულებებში წყლის ხარისხის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ ეწერა, რომ ათასობით სკოლაში წყლის ხარისხი არ მოწმდება, ასამდე სკოლა კი საერთოდ უწყლოდ ფუნქციონირებს. ამ კვლევიდან ერთი წლის შემდეგ, პანდემიამ ცხადი გახადა, რომ საქართველოს 1313 სკოლის 100 000-ზე მეტ მოსწავლეს სკოლის შენობაში წყალი არ ჰქონდა.
უახლესი ცენტრალიზებული სტატისტიკა საქართველოს სკოლებსა და ბაღებში წყლის ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცულობის შესახებ არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სისტემის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ის სრულად ვერ ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, განათლების სამინისტრო კი ამგვარ მონაცემებს პროაქტიულად არ აწარმოებს და არ აქვეყნებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტანდარტის შესაბამისად წყალმომარაგებას საქართველოს ყველა მოქალაქეს 2030 წლისთვის ჰპირდება, 2025 წლის ბოლომდე კი გეგმავს, 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოს საქართველოს ყველა ქალაქი.
სტატია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში.