Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ კარბში სარწყავი წყლის გამო დაწყებული ჩხუბი, ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა


ტირიფონის სარწყავი არხი, 2013 წელი
ტირიფონის სარწყავი არხი, 2013 წელი

გასულ კვირაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მეზობლების დაპირისპირებაში სხეულის და თავის არეში დაზიანებები მიიღო 33 წლის ლევან გვიმრაძემ, რომელიც გორის საავადმყოფოში 17 ივლისს მძიმე მდგომარეობაში და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ყოფნის მე-7 დღეს გარდაიცვალა.

პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამავე სოფლის მცხოვრები, 70 წლამდე ქალი დააკავა. მას გამოძიება გარდაცვლილისთვის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმას ედავება. თვითმხილველების თქმით, ეს საგანი ქვა იყო. გარდაცვლილის ოჯახი თვლის, რომ ჩხუბში მონაწილეობდა და დამნაშავეა დაკავებულის შვილიც, რომელიც პოლიციას არ დაუკავებია.

გარდაცვლილი ლევან გვიმრაძის დედა, თამარ ქობულაშვილის თქმით, კონფლიქტი სარწყავი წყლის გამო დაიწყო და მის შვილს ჩხუბისას მეზობლები ჯგუფურად სცემდნენ. თამარ ქობულაშვილი და მისი ოჯახის წევრები მოითხოვენ ჩხუბში მონაწილე სხვა პირების დაკავებას.

„რა გააკეთა ამ ბიჭმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოვიდა, ხუთი ერთზე მოდიოდნენ და ინსტიქტურად თოხი მოვიქნიეო, - ასე მითხრა ჩემმა შვილმა. ძალიან იყო ნაცემი, ბეჭები ჰქონდა დაზიანებული. 7 დღე იბრძოლა. საავადმყოფოში მე მეუბნებოდნენ, რომ ძალით ვაძინებთო, მაგრამ კომაში ყოფილა. რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა“- აცხადებს თამარ ქობულაშვილი. მისი განმარტებით, ჩხუბის შემდეგ შვილი მას კონფლიქტის ამბავს მოუყვა და მალევე დაკარგა გონება, კლინიკაში გადაყვანამდე.

თამარ ქობულაშვილი გარდაცვლილი შვილის სურათით
თამარ ქობულაშვილი გარდაცვლილი შვილის სურათით

„შვილი კი არ მომიკვდა, მომიკლეს. დედა-შვილმა მომიკლეს. დედა დაკავებულია, რატომ შვილს არ აკავებენ, მე ეგ მაინტერესებს. ჩხუბის ინიციატორი და წამომწყები შვილი იყო" - ამბობს გარდაცვლილის მამა, ბიჭიკო გვიმრაძე.

კლინიკა „გორმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები, რომელიც ლევან გვიმრაძეს ჰქონდა კლინიკაში მიყვანისას, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. საავადმყოფოს ცნობით, გარდაცვლილს ჰქონდა ქალა-ტვინის ტრავმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კარბი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში სარწყავი წყლის დეფიციტია, რის გამოც მოსავალი ხმება და განსაკუთრებით რთულია ერთწლიანი კულტურების მოყვანა. ადგილობრივები ცდილობენ, ხანდახან არხებში წამოსული წყალი საკუთარ ნაკვეთამდე მიიყვანონ და კონფლიქტებიც წყლის განაწილებაზე ამ დროს იწყება. ყველა ცდილობს ნაკვეთის მორწყვას, წყალი კი საკმარისი არ არის.

გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლებში, სარწყავი წყლის პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ზონკარის წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ის ჩაკეტა.

ზაფხულში ზონკარის წყალსაცავიდან მდინარე პატარა ლიახვი წყლით მარაგდებოდა, პატარა ლიახვიდან კი წყალი ტირიფონის არხში გადადიოდა. ამ არხით უამრავი სოფელი ირწყვებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ვითარების გამოსწორება ნიქოზის კაშხლის მშენებლობით სცადა. მდინარე დიდ ლიახვში დაგროვილი წყალი, სატუმბი სადგურებით ტირიფონის არხს მიეწოდებოდა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. გადატვირთვის გამო ძრავები იწვის და ისევ წყლის დეფიციტი იქმნება.

ორი დღის წინ სარწყავი წყლის მოთხოვნით აქციაც გამართეს სოფელ დიცში. წყლის დეფიციტის მიზეზად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძრავის დაზიანება დაასახელა. მსგავსი პრობლემებია სხვა სოფლებში და მათ შორის კარბშიც. წყლის დეფიციტია დე-ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად დე-ფაქტო საზღვრის პირა სოფლებშიც. ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს უპირატესობის მინიჭებით ოსური სოფლების მორწყვას ზონკარის გახნის სანაცვლოდ. ტირიფონის არხი ქართულ და ოსურ სოფლებს რამდენიმე ადგილზე კვეთს.

ლევან გვიმრაძის გარდაცვალების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღძრა, სასამართლო კი დაკავებული 70 წლამდე ქალის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე უახლოეს საათებში იმსჯელებს. მისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG