საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წლების განმავლობაში უყურებდა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას, როგორც არა მხოლოდ საქართველოს შეტანილ წვლილს გლობალურ მშვიდობაში, არამედ როგორც ბრძოლას საქართველოს მომავლისათვის. ამას ამბობდა პრემიერმინისტრობისას ბიძინა ივანიშვილიც.
ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ამჟამად, - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური შემობრუნებისა და „გლობალურ ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიების ფონზე, - პარადიგმა შემობრუნებულია და ხელისუფლება კოლექტიურ დასავლეთს წარმოაჩენს „ბოროტების ძალად, რომელიც ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს“.
პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოზე
25 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს, როგორც „საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრის“, დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა:
„ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.
კობახიძემ გაიხსენა ისიც, რომ:
- „საქართველო ერაყსა და ავღანეთში ნატოს მისიებში სულადობრივად ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა“;
- „32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში“.
პაპუაშვილი: „ომში გაყოლა“
ორიოდე დღით ადრე, 24 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ომში გაყოლა არ გვევალებოდა“.
იგი აშშ-სგან თანამდებობის პირებისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებს აკრიტიკებდა, როდესაც განაცხადა:
„რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი უანგარო მეგობრობა, ომში გაყოლა, მაშინ, როცა არ გვევალებოდა ავღანეთში წასვლა და ვისაც ევალებოდა, სახლში ისხდნენ და ჩვენ ვიბრძოდით, ეს ჰგონიათ რაღაცნაირად თავდახრილი მორჩილება ყველაფრის მიმართ“.
„დიდ ქვეყნებს ასეთი შეცდომა ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის მოსდიოდათ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, გავიდა 3000 წელი, ჩვენ აქ ვართ. დიდი ქვეყნები, საბოლოო ჯამში, ხვდებიან ხოლმე, რომ არასწორად იქცეოდნენ საქართველოსთან დაკავშირებით“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე, 18 სექტემბერს, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში პაპუაშვილმა ამავე თემაზე ისაუბრა და იქაც თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება „გაჰყვა“ ამერიკელ ხალხს ავღანეთში ომში:
„იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყველგან, სადაც ჩვენ დავჭირდით, - გავყევით ავღანეთში ომში, ვიყავით მეოთხე ქვეყანა მსოფლიოში ჩვენი რაოდენობით; ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების 90% შტაბიდან არ გამოდიოდა, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე რომ იყვნენ და საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ ნატოსთვის და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებთან ერთად საომრად. ეს არის ამის დაფასება, რომ ცრუ ბრალდებები და ნარატივები ვრცელდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით?“
პარადიგმის ცვლილება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2016 წელს, 31 აგვისტო დაწესდა „ქართველ მშვიდობისმყოფელთა დღედ“. 1999 წლის სწორედ ამ დღეს ჩაერთნენ ქართველი სამხედროები პირველ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში.
საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, საქართველოს პოლიტიკურ ველში ათწლეულების განმავლობაში არსებული კონსენსუსით, იყო ბრძოლა საქართველოს მომავლისათვის, - უკეთესი მომავლისთვის, უსაფრთხო საქართველოსთვის.
როდესაც 2013 წელს, ივნისში, შვიდი ქართველი სამხედრო დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
„საქართველომ დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მსოფლიო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე“.
ხოლო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარემ, რომელიც საქართველოს ბოლოდროინდელი ანტიდასავლური შემობრუნების უკან დგას, - მაშინ განაცხადა:
„ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს“.
ნოდარ ხარშილაძე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რიტორიკა ახლა შეცვალა, თუმცა „ქმედებები უკვე დიდი ხანია, ანტიდასავლურია“:
„ამ ადამიანებს [„ოცნების“ ლიდერებს] საარჩევნოდ არაფერი არ დარჩათ და წინასაარჩევნოდ „ომი ან მშვიდობის“ აპოკალიფსურ სცენარს ყიდიან. ამ სცენარში კი ნებისმიერ რაიმეს იყენებენ, რაზეც ჩათვლიან, რომ გამოადგებათ, - თუნდაც ეს აზიანებდეს, - და კარგად იციან, რომ აზიანებს, - საქართველოს პოლიტიკურ კურსს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ არ უკვირს ასეთი რიტორიკა „ქართული ოცნებისგან“ და არ გამორიცხავს, რომ „ამ საკითხზე პედალირებას არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააგრძელებენ“.
ფორუმი