სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშების სტატუსს აღარ ატარებენ. მათ ამ გადაწყვეტილებამდე ერთი ინსტანცია და 7 წელი გაიარეს. სასამართლო დარბაზში, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარე ერთსა და იმავე პოზიციაზე იყვნენ, გადაწყდა, რომ ფოტორეპორტიორებს მორალური და ფინანსური ზიანი აუნაზღაურდებათ, თუმცა მათ საქმეს ამ დრომდე გრიფი ადევს.
დღემდე უცნობია, რა მასალებია საიდუმლო გრიფის ქვეშ
პროკურატურა ამბობს, რომ საქმის ნაწილს გრიფი მოხსნილი აქვს, მისი მხოლოდ გარკვეული დეტალები რჩება გრიფის ქვეშ და მისი ახსნა იმ უწყებებს შეუძლიათ, რომლებმაც ეს გრიფი დაადეს. ერთ-ერთი ასეთი უწყებაა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თუმცა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილისთვის გრიფის არსებობა გახდა მიზეზი იმისა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ამ საქმეზე. “სანამ საქმეს გრიფი არ მოეხსნება, არაფრის თქმა არ შემიძლია”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მისთვის საინტერესო დეტალებზე ახსნილი გრიფი ამ დრომდე არ უნახავს არც სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტს, მაია მეცხვარიშილს, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც ფოტორეპორტიორების გათავისუფლებას მათი დაკავების დღიდან ითხოვდა. მისი თქმით, თავიდანვე გრიფის ახსნა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და ახლაც არ კარგავს აქტუალობას.
„მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საქმის გასაცამტვერებლად გვენახა რეალურად, რა მასალებს ეფუძნებოდა მაშინ გამოძიება. სრულიად გაუგებარია, დღევანდელ ხელისუფლებას რატომ არ უნდა აწყობდეს ამ საქმეზე გრიფის მოხსნა“, ამბობს მაია მეცხვარიშვილი.
მან ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ დეტალზე: პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ფიგურირებდა დაკავებული დავით დევნოზაშვილი, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე.გამოძიებამ დაადგინა, რომ ის შანტაჟისა და დაშინების გზით აიძულებდა ფოტორეპორტიორებს ცრუ ჩვენება მიეცათ და დანაშაული ეღიარებინათ. მაია მეცხვარიშვილი ჰყვება, რომ დევნოზაშვილი იმავე პერიოდში გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორის, თედო ჯორბენაძის საქმეშიც ფიგურირებდა. დევნოზაშვილი ჯორბენაძესაც აშანტაჟებდა, რაზეც მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მეცხვარიშვილის თქმით, დღემდე არ არის პროცესი დაძრული.
საქმეზე გრიფის მოხსნას საჭიროდ მიიჩნევს ნათია გედენიძეც. რადიო თავისუფლებასთან კომენტარში მან ივარაუდა, რომ შესაძლოა გრიფის დატოვება საქმეზე გამოძიების პროცესისთვის გახდა საჭირო, რაც, მისი თქმით, ჯერ არ დასრულებულა.
„ის, რომ დღეს ჩვენი გამამართლებელი განაჩენი დადგა, ეს დადგა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც, ბოლო ორი წელია, მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არის მაგალითი იმისა, რომ მანამდე საქმე ყალბდებოდა, რაც დღეს სააპელაციო სასამართლომაც ირწმუნა. ალბათ, ძიების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება რაღაც დეტალები დაგრიფული და როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენი, მედიისა და საზოგადოების ინტერესი იქნება და, ვფიქრობ გამოძიება ამ მასალებს გაასაჯაროებს“, აცხადებს ნათია გედენიძე.
რას ამბობდა წინა საბრალდებო დასკვნა
2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამთენიისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძეს კავშირი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ სინიცინსა და ოკროკოვთან, ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს. გაკეთდა განცხადებები, რომ დაკავებას არავითარი საერთო არ ჰქონდა მედიის თავისუფლებასთან. თუმცა ფოტორეპორტიორების კოლეგები ასე არ ფიქრობდნენ. განცხადება გაავრცელა ევროპის ფოტოსააგენტომაც, სადაც იმ დროისთვის ზურაბ ქურციკიძე ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა, და განაცხადა, რომ ქურციკიძე კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ფოტორეპორტიორების დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. მაშინ ეს საქმე Freedom House-ის იმ წლის მედიის თავისუფლების რეიტინგშიც მოხვდა.
რა დაადგინა ხელმეორე გამოძიებამ
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაიწყო საქმის გამოძიება. 2 წლის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს (EPA) ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ანგარიშსწორების სამიზნედ მას შემდეგ იქცნენ, რაც მათ გადაიღეს და საერთაშორისო დონეზე გაავრცელეს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევისა და პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ამსახველი ფოტოები. გამოძიების ინფორმაციით, ეს „ნეგატიურად აისახებოდა იმდროინდელი ხელისუფლების რეიტინგზე“.
„ჩვენ დავისაჯეთ ჩვენი პროფესიის გამო“ - ასეთი კომენტარი გააკეთა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელსაც დღეიდან ჯაშუშის სტატუსი აღარ ექნება