ერთი თვის წინ, მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შემდგარმა მოხალისეობრივმა ჯგუფმა, სისხლში ტყვიის გამომწვევი წყაროების დასადგენად გამოკვლევა დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ კამპანია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა და შეირჩა ის 18 ოჯახი, რომელთა წევრებსაც ანალიზის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა უკვე დადგენილი ჰქონდათ და ამჯერად სურდათ სისხლში ტყვიის გამომწვევი წყაროს მიკვლევა.
მოხალისე მკვლევრებმა შერჩეული ოჯახებიდან ჯამში 200 სხვადასხვა სახის სინჯი ამოიღეს, მათ შორის, სათამაშოები. სინჯები გამოსაკვლევად „ხარისხის ლაბორატორიაში“ გადაიტანეს. ამ ეტაპზე გამოკვლეული 50 სინჯიდან, 11 სინჯში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა. მათ შორის ნახევარი სათამაშოებია. ძირითადად, შეღებილი სათამაშოები.
4 წლის დანიელის სათამაშო მანქანები გააგზავნა შესამოწმებლად, გამოკვლევის ერთ-ერთი ინიციატორმა და აქტივისტმა ნოდარ ტანგიაშვილმა. დანიელს რამდენიმე თვის წინ, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა. ამიტომ დანიელის მშობლებმა მაშინვე დაიწყეს ტყვიის გამომწვევი წყაროების ძებნა. დანიელის რკინის მანქანებში, რომლებიც ყვითლად და ლურჯად არის შეღებილი ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.
18 ოჯახიდან ამოღებული 200 სინჯის გამოკვლევის საბოლოო შედეგები მარტის შუა რიცხვებისთვის გამოქვეყნდება. მანამდე კი ნოდარ ტანგიაშვილი ამბობს, რომ დროა სახელმწიფომ იზრუნოს იმ ევროდირექტივების შესრულებაზე, რომელსაც ქვეყანას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ვალდებულება აიღო.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს, თუმცა, დღეს, საქართველოში სათამაშოს უსაფრთხოების განმსაზღვრელი ნორმა არ არსებობს.
ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას, რომ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზედამხედველობის დანერგვის პროცესი დაწყებულია: „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარებით შევძლებთ და 2019 წლისთვის ჩვენ გვეყოლება ეფექტურად მომუშავე ინსტიტუცია, რომელიც შეძლებს, რომ პრობლემებს შესაბამისად გაუმკლავდეს“.
ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე მიღებულ უნდა იქნას ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში დაიწყება სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა.
2016-2017 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების დიდი ნაწილი მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მათი გამოყენება აკრძალულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მავნე ნივთიერება, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ სათამაშოებში დასაშვებზე მეტი ნორმით აღმოჩნდა, პლასტმასის დამარბილებლად გამოიყენება, ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში, ილექება და, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება, ასევე შეაფერხოს რეპროდუქციული განვითარება.
UNICEF-ის მასშტაბური გამოკვლევის შედეგები მალე გამოქვეყნდება
სანამ სახელმწიფო ევროდირექტივების ამოქმედებას დაიწყებდეს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მასშტაბური გამოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. 2-დან 7 წლამდე 1570 ბავშვს საქართველოს მასშტაბით, შეთხვევითი შერჩევის მეთოდით, სისხლის ნიმუშები აუღეს. ანალიზები იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში გაიგზავნა. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, პასუხები კლინიკიდან თებერვლის ბოლოს ჩამოვა და სავარაუდოდ, გაზაფხულზე გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა, რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მასშტაბს გამოავლენს.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყება მორიგი ეტაპი, რათა დადგინდეს წყარო, რომელიც იწვევს ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას.
მოქალაქეთა ინიციატივა "იდეა ქალაქის მერს"
კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლების კვლევას ეხება, მოქალაქეები დედაქალაქის მერს უგზავნიან. ინიციატივა დარეგისტრირებულია პორტალზე „იდეა ქალაქის მერს“. პეტიციის ხელმომწერნი მერიას სთხოვენ ორსულებსა და ბავშვებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის კვლევითი მუნიციპალური პროგრამის დაწყებას.
- ტყვია ორგანიზმში აქვეითებს ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, იწვევს ანემიას.
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სისხლში არ უნდა ფიქსირდებოდეს არანაირი რაოდენობის ტყვია. თუმცა, ისევე როგორც ამერიკა, საქართველო იყენებს რეკომენდაციას, რომ თუკი სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ის აჭარბებს ნორმას და უნდა დაიწყოს პრობლემის ძიება.
- ტყვია მძიმე, ტოქსიკური ლითონია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მცირე ოდენობითაც კი საზიანოა. ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს შესუნთქვით, საკვებით, სითხის მიღებით. ტყვიას შეიცავს საწვავი და საღებავი, ეს ნივთიერება შეიძლება აღმოჩნდეს კოსმეტიკასა და სათამაშოებში.