Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: პირველი აქტის ალტერნატიული გადახვევა


მარცხნიდან: ფრიდრიხ გაუსი, იოახიმ ფონ რიბენტროპი, იოსებ სტალინი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. მოსკოვი, 1939 წ. 23 აგვისტო.
მარცხნიდან: ფრიდრიხ გაუსი, იოახიმ ფონ რიბენტროპი, იოსებ სტალინი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. მოსკოვი, 1939 წ. 23 აგვისტო.

რა მოხდებოდა, 1914 წლის 28 აგვისტოს ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მძღოლს ქუჩა რომ არ არეოდა სარაევოში და შედეგად ამისა სერბ ნაციონალისტ გავრილო პრინციპს ტყვია აეცილებინა? მაინც დაიწყებოდა პირველი მსოფლიო ომი?

ამ კითხვის დასმა ლეგიტიმურია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს „მისი უდიდებულესობა შემთხვევითობის“ როლი ისტორიაში. თვით კარლ მარქსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეტერმინისტი ისტორიკოსი, წერდა: „ძალიან მისტიკური იქნებოდა ისტორია, ‘შემთხვევითობას’ რომ არანაირი როლი არ ეთამაშა მასში. თვითონ ეს ‘შემთხვევითობები’ (...) კომპენსირდებიან სხვა ‘შემთხვევითობებით’. და ისტორიული პროცესის აჩქარება ან შენელება დამოკიდებულია იმ ‘შემთხვევითობებზე’, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ადამიანების ხასიათს, რომლებიც მოძრაობის სათავეში დგანან“.

ცოტა არ იყოს ბევრი „შემთხვევითობაა“ არა მსგავსი მასშტაბის დეტერმინისტი ისტორიკოსისთვის?! მკითხველი იმასაც შეამჩნევდა, რომ მარქსი პიროვნების როლსაც აღიარებს ისტორიაში... მოკლედ გამოდის, რომ ცვლილებების მიზეზს ყოველთვის აქვს სახელი და გვარი. ასე რომ, ომი კაპიტალიზმს ან ფაშიზმს კი არ სურს (როგორც ამას ხშირად ამტკიცებდნენ მარქსისტი ისტორიკოსები), არამედ ვილჰელმ მეორეს, პუანკარეს, მუსოლინის, ჰიტლერს და ა.შ.

შესაბამისად, ჩვენ სრული ისტორიოგრაფიული უფლება გვაქვს, დავსვათ კითხვა - რა შეიძლებოდა მომხდარიყო ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში?

ვარშავა რომ ბერლინს დათანხმებოდა სამხედრო ალიანსზე, მაშინ ბეკ-რიბენტროპის პაქტის ლოგიკური დაგვირგვინება იქნებოდა 1939 წლის მაისში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელება.

და როგორი იქნებოდა გერმანულ-პოლონური სამხედრო ოპერაცია 1939 წლის მაისში? წარმატების რა შანსი ჰქონდა მას?

ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში გერმანია აპირებდა აღმოსავლეთ პრუსიიდან (სწორედ ამისთვის სჭირდებოდა ჰიტლერს დანციგის დერეფანი) ლენინგრადის მიმართულებით განეხორციელებინა საზღვაო და სახმელეთო იერიში. გერმანიის სამხედრო გეგმები ასევე მიზნად ისახავდნენ რუმინეთისა და უნგრეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით დარტყმას (ამიტომ აიძულებს ჰიტლერი ბუდაპეშტსა და ბუქარესტს ანტიკომინტერნის პაქტთან მიერთებას).

და რა უპირატესობები ექნებოდა გერმანიას 1939 წელს?

ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში ვერმახტი 1939 წლის მაისში 200-300 კილომეტრით უფრო ახლოს იქნებოდა მოსკოვიდან, ვიდრე ეს 2 წლის შემდეგ იქნება.

ხოლო რაც შეეხება ლენინგრადს, ვერმახტს მის ასაღებად დაახლოებით ხუთჯერ უფრო ნაკლები მტრული ტერიტორიის გადალახვა მოუწევდა, რადგან დამოუკიდებელი ბალტიის ქვეყნები მზად იყვნენ გერმანელებისათვის გზა გაეხსნათ. აქედან გამომდინარე, ლენინგრადი ძალიან მალე აღმოჩნდებოდა ვერმახტის ხელში. ბალტიის ზღვა, რომელიც გერმანელების სრული კონტროლის ქვეშ იქნებოდა, დიდწილად გადაჭრიდა გერმანიის ლოგისტიკის პრობლემებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ვერმახტის ლოგისტიკის თავი იქნებოდა მოსკოვიდან მხოლოდ 700 კმ დაშორებით და არა 1300 კილომეტრში, როგორც ეს 1941 წელს იქნება.

1939 წელს დიდი ალბათობით საბჭოთა კავშირი ასევე სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდებოდა: 1941 წლისგან განსხვავებით 1939 წელს იაპონიის კვანტუნის არმიას არაფერი შეაკავებდა ახლო-აღმოსავლეთში, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს (მკითხველს შევახსენებ, რომ მოსკოვი ტოკიოსთან მხოლოდ 1941 წლის აპრილში მოაწერს ხელს თავდაუსხმელობის პაქტს); ხოლო პოლიტიკურად იზოლაციონისტური და სამხედრო თვალსაზრისით ძალზე სუსტი ამერიკა (1939 წელს ამერიკის ჯარი ორჯერ უფრო მცირერიცხოვანი იყო ვიდრე პოლონეთისა) თითს არ გაანძრევდა - იგი მხოლოდ მოხარული თუ იქნებოდა იაპონიის ჯარი ციმბირის ველებზე ენახა გაფანტული. რაც შეეხება ფრანგებს და ბრიტანელებს - მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი სამხედრო ძალების გადაიარაღება იქნებოდა.

დიდი ტერორის შემდეგ ძალზე დასუსტებული და რიცხობრივად ორჯერ შემცირებული წითელი არმია, რომელსაც 1939-ში T-34 ტანკიც კი არ გააჩნდა, კიდევ უფრო ადვილად გაითელებოდა გერმანულ-პოლონური ბულდოზერის მიერ, ვიდრე ეს 1941-ში მოხდება.

ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ჰიტლერი გამარჯვებული გამოვიდოდა? რა თქმა უნდა არა. როგორც პირველი მსოფლიო ომი ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებოდა ავსტრიის ერცჰერცოგის მოუკვლელად (ვინაიდან, ამ ომის ნაპერწკალი ბალკანეთში უკვე გაღვივებული იყო და, ამასთანავე, ევროპის დიდ ქვეყნებს ეს ომი სურდათ), ისე ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაშიც ჰიტლერი საბოლოოდ წააგებდა მეორე მსოფლიო ომს. და ჰიტლერის მარცხის საფუძველი ისტორიულ დეტერმინიზმში კი არა, ძალზე კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო მიზეზებში უნდა ვეძებოთ.

მოკლედ, როგორც გორ ვიდალმა იხუმრა ერთხელ - „ერთი რამ მაინც ცხადი არის: ლი ჰარვი ოსვალდს პრეზიდენტ კენედის მაგივრად ნიკიტა ხრუშჩოვი რომ მოეკლა, ონასისი ნინა ხრუშჩოვაზე მაინც არ დაქორწინდებოდა“.

სერიის სხვა ნაწილები:

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG