Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: ეპილოგი. ვინ რა მოიგო?


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი (მარცხნივ) სტალინთან (ცენტრში) და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერის შემდეგ. მოსკოვი, 1939 წ. 23 აგვისტო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი (მარცხნივ) სტალინთან (ცენტრში) და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერის შემდეგ. მოსკოვი, 1939 წ. 23 აგვისტო.

„რაიხს არ შეეძლო საბჭოთა კავშირზე თავდასხმა პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიის გავლის გარეშე, ხოლო 13 აპრილის შემდეგ (დღის, როცა დასავლეთი ამ ორ ქვეყანას გარანტიებს მისცემს) - დასავლეთთან ომის გარეშე. ამგვარად, სტალინმა ხელის გაუნძრევლად და არაპირდაპირი გზით მოიპოვა დასავლეთით ის ფარი, რომელსაც ბოლო ათი წელი უშედეგოდ ეძიებდა. (...) ამის შემდეგ მას შეეძლო, განზე გამდგარს დაკვირვებოდა მოვლენებს და რუსებისათვის ასე საყვარელი ორმაგი თამაში ეთამაშა. კაცმა არ უნდა აცთუნოს წმინდანნი; და კიდევ უფრო ნაკლებად ისინი, ვინც წმინდანნი არ არიან“ - დაწერს რობერტ კულონდრი, პარიზის ელჩი მოსკოვსა (1936-1938 წწ) და ბერლინში (1938-1939 წწ.).

მართალია, კულონდრი? სტალინმა მხოლოდ მოიგო ამ პაქტით?

სტალინამდე, მოდით, ჯერ ჰიტლერის პოზიტივ-ნეგატივი განვიხილოთ.

ჰიტლერის სარგებელი ადვილი დასადგენია: ის დაიწყებს ომს ერთ ფრონტზე. მოსკოვთან ხელმოწერილი ხელშეკრულების წყალობით ფიურერი ბრიტანელებს ხელიდან გამოაცლის უკანასკნელ იარაღს - ეკონომიკურ ბლოკადას. და, რაც მთავარია, იგი აისრულებს დიდი ხნის ოცნებას - მოსკოვთან საერთო საზღვარს, რაც საბჭოთა კავშირზე თავდასხმის აუცილებელი პირობა იყო.

ნეგატივის სია არანაკლებია, ვიდრე პოზიტივის - პაქტის მიხედვით, ჰიტლერი სტალინს გადასცემს ტერიტორიას, რომლის ხელახლა დაპყრობას არაერთ კვირას მოანდომებს. თუმცა ჰიტლერისათვის ეს მთავარი უბედურება არ იყო... უარესი ის იყო, რომ მოსკოვში ჩასვლით რიბენტროპი დამარხავს ყველანაირ შანსს, ტოკიოსთან აეწყო ჭეშმარიტი სამხედრო თანამშრომლობა. ტოკიო ვერასდროს მოინელებს იმ ფაქტს, რომ ბერლინი, მისი მოკავშირე ქვეყანა ანტიკომინტერნის პაქტის ფარგლებში, მაშინ მოაწერს ხელს ნეიტრალიტეტზე მოსკოვთან, როცა იაპონიის არმია მანჯურიაში წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერით დამცირებული პროგერმანული ჰირანუმას კაბინეტი 28 აგვისტოს გადადგება. 31 აგვისტოს მსოფლიო გაიგებს, რომ წითელი არმია იაპონიის მეექვსე არმიის დივიზიებსგაანადგურებს ხალხინ-გოლზე. იაპონიის დამცირებული ელჩი მოლოტოვთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს.ეს დამცირება ბევრ იაპონელ ოფიცერს თვითმკვლელობამდე მიიყვანს. ბერლინთან ხელმოწერილი პაქტის წყალობით მოსკოვი შეძლებს, უფრო მეტი სამხედრო ნაწილი გადაისროლოს ციმბირში და თან გააძლიეროს ჩინეთის, იაპონიის მთავარი მტრის, დახმარება. ამ სიტუაციაში გაძლიერდება იაპონიის საზღვაო ძალების პოზიცია, რომელიც, სახმელეთო ჯარებისგან განსხვავებით, ექსპანსიის ვექტორს სამხრეთით ხედავდა. ორმაგი შოკი - მოლოტოვ-რიბეტროპის პაქტი და ხალხინ-გოლზე წვნეული მარცხი - 180 გრადუსით შემოატრიალებს იაპონიის საგარეო პოლიტიკას. ამ შემოტრიალების შედეგად 1941 წლის 13 აპრილს, ჰიტლერისათვის ყველაზე უფრო ცუდ მომენტში, იაპონია მოსკოვთან ხელს მოაწერს თავდაუსხმელობის პაქტზე.

სტალინთან პაქტზე ხელმოწერით ჰიტლერი ასევე საქმეს გაიფუჭებს მუსოლინისთან - გაღიზიანებული დუჩე ცივ უარს განუცხადებს ჰიტლერს, თავისი ძალებით დახმარებოდა პოლონეთში შეჭრისას...

და რა ხეირს ნახავს ამ პაქტით სტალინი?

1939 წელს სტალინი თავს აარიდებს კონფლიქტს. საიდუმლო ოქმის შედეგად მოსკოვი დასავლეთით გადაწევს საზღვრებს. განსაკუთრებით უსაფრთხო სიტუაციაში აღმოჩნდება კრონშტადტი, ბალტიის ფლოტილია და ლენინგრადი (პაქტამდე ლენინგრადის პოტენციურად მტრული საზღვარი თუ 130 კილომეტრში გადიოდა, 1941 წლის 22 ივნისს ის 740 კმ-ში იქნება).

მაგრამ მოსკოვის მტაცებლური პოლიტიკა, პოლონეთის თუ ბალტიის ქვეყნების აგრესიული და სასტიკი გასაბჭოება საბჭოთა კავშირის მეზობელ ქვეყნებს (ფინეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს) მოსკოვის მოსისხლე მტრად გადააქცევს. საბჭოთა კავშირის შიშით ყველა ეს მეზობელი დაცვას გერმანიის დახმარებით შეეცდება, რაც ორი წლის შემდეგ, „ბარბაროსას“ ოპერაციის ფრონტს 3000 კილომეტრამდე გაზრდის. ნეგატივის სიას ეკუთვნის აგრეთვე ე.წ. სტალინის ხაზის დაკარგვა. ეს ძველი სასაზღვრო ფორტიფიკაციების ზოლი, რომლის სიღრმეც 10-დან 20 კილომეტრამდე იყო, მიზნად ისახავდა მოიერიშის საზღვარზე გაჩერებას რეზერვების მოსვლამდე. ნახევრადაშენებული სტალინის ხაზი მიტოვებულ იქნება. ხოლო 1941 წლის ივნისში ახალი მოლოტოვის ხაზის მშენებლობა მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იქნება.

დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, last but not least: საბჭოთა კავშირი ერთ წუთში დაკარგავს იმ პრესტიჟს დასავლეთის მემარცხენე წრეებში, რომლის აკუმულირებასაც ასე ცდილობდა სტალინი ბოლო ათწლეულის განმავლობაში (განსაკუთრებით ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობის პერიოდიდან მოყოლებული). „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილის სათაური ზუსტად აღწერს ამ ახალ განწყობას: «ჰიტლერიზმი ესაა ყავისფერი კომუნიზმი, ხოლო კომუნიზმი ესაა წითელი ფაშიზმი».

სერიის სხვა ნაწილები:

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG