Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდობით აღზრდა - როცა აღმზრდელი ფაქტობრივად მოხალისეა


საქართველოში მინდობით აღზრდის მსურველი ოჯახების დეფიციტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ბავშვისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირეს ასახელებენ.

საქართველოში 1500-მდე ბავშვი მონაწილეობს მინდობით აღზრდის პროგრამაში, რომელიც ბავშვის ამა თუ იმ ოჯახში დროებით განთავსებას გულისხმობს. World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების მენეჯერი მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ თანხა, რომელიც ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გამოიყოფა მოზარდს აღარ ჰყოფნის. ამიტომ მსურველების რაოდენობა მცირდება.

მაია მგელიაშვილი
მაია მგელიაშვილი

„500 ლარი ბავშვს არანაირად არ ჰყოფნის, ყოველ შემთხვევაში - თბილისში. ახლა უფრო რეგიონებში მიჰყავთ ბავშვები, იქ ალბათ შედარებით იოლია მათი გამოკვება. თბილისში ნამდვილად არის მიმღები ოჯახების პრობლემა“, - ამბობს მგელიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა თავისი არსით მომსახურებაა, რაშიც მომვლელმა ოჯახმა თანხა უნდა მიიღოს, ანაზღაურება უშუალოდ მომვლელისთვის გამოყოფილი არ არის. ექსპერტები ამბობენ, რომ თანხის სიმწირის გამო დაზოგვა რეალურადაც ვერ ხერხდება.

ბავშვის აღსაზრდელად ფინანსური პირობები ასეთია:

  • ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის - თვეში 200 ლარი;
  • არანათესაურ მინდობით აღზრდაში - ერთი დღისთვის 16 ლარი;
  • ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - თვეში 375ლარი;
  • არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის - ერთი დღისთვის 30 ლარი;
  • გადაუდებელი მინდობით აღზრდისათვის (მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის) - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი;
  • ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდაში - ერთი კალენდარული დღისთვის 30 ლარი.

პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ბავშვი ისეთ მიმღებ ოჯახში მოახვედრონ, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახთან ახლოს ცხოვრობს. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმღებ ოჯახთა სიმცირის გამო, იმ მიმღებ ოჯახებში, სადაც მონიტორინგი ჩატარდა ბავშვების 22.4% სხვა რაიონში/რეგიონში ცხოვრობს.

აქვე ვკითხულობთ, რომ თუ ოჯახში ოთხზე მეტი აღსაზრდელია, პრიორიტეტი არასრულწლოვნების კვება და ბაზისური საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილება ხდება. ნაკლები ყურადღება ექცევა განათლებას. ბავშვები ისე აღწევენ სრულწლოვანებას, არც განათლება აქვთ და შესაბამისად, არც დასაქმების შესაძლებლობა.

ეკა სხილაძე
ეკა სხილაძე

„მთავარი პრობლემა არის პროფესიული განათლების კუთხით ხელშეწყობა, სხვადასხვა წრეში [ბავშვის მიყვანა]. ასეთი წრეები ხშირად არ არის რეგიონებში და თანხაც ძირითად საჭიროებებს ხმარდება. ოჯახები ხშირად მიუთითებდნენ, რომ თანხა არ არის საკმარისი“, - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

მისივე თქმით, იმ ოჯახების რიცხვი, რომელთაც სურთ ბავშვი მინდობით აღზრდაში მიიღონ მართლაც მცირეა, განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვი შშმ პირია.

სოციალური მუშაკებისა და აღმზრდელების განცხადებით, ბენეფიციართა დიდ უმრავლესობას ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბავშვების მკურნალობა ძვირია, რასაც აღმზრდელი ყოველთვის ვერ ახერხებს, თუმცა ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით. მაგალითად, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში3 შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვები სკოლაში მისვლას ეტლის უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია აცხადებს, რომ 2018 წელს ბაშვებისთვის გამოყოფილი თანხა ერთხელ უკვე გაიზარდა და მაინც მიმღები ოჯახები ისევ ცოტაა.

იმისთვის, რომ პირმა ან ოჯახმა მომვლელი ოჯახისთვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილოს მთელი რიგი პირობებია საჭირო. პოტენციურმა მშობლებმა უნდა გაიარონ საგანგებო მომზადება, სადაც კანონმდებლობასა და დაკისრებულ მოვალეობებს გააცნობენ.

„სამდღიანი კურსია და კიდევ ერთი მათთვის, ვისაც შშმ ბავშვის აყვანა სურს. მათ ასწავლიან, როგორ მოუარონ ბავშვს, მაგალითად ზონდით როგორ გამოკვებონ და ასე შემდეგ. ეს კურსი საცრის ფუნქციას ასრულებს, რადგან ბევრი სწორედ ამ დროს გაითავისებს ხოლმე, თუ რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება“, - ამბობს ეთერ ცხაკაია.

მისივე თქმით, მიმღები ოჯახების სიმცირე უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ პასუხისმგებლობისადმი შიშით აიხსნება. თუმცა, თავის როლს ფინანსური სიმწირეც თამაშობს, რადგან მისივე თქმით, მიღებულ დაფინანსებას ოჯახები თითქმის მთლიანად ბავშვებს ახარჯავენ და არაფერი რჩებათ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG