პარალელურად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილის მკვლელობა „გლობალურ პოლიტიკურ ძალებს“ სურთ.
სახელმწიფო გადატრიალებასა და მკვლელობის მცდელობაზე ლაპარაკი ოპოზიციას ჩვეულებრივ წინასაარჩევნო პრაქტიკად მიაჩნია - „მსხვერპლის მანტიის“ მორგება გადამწყვეტია არჩევნების წინ.
ახლო წარსულში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიუთითებდა ოპოზიციის წარმომადგენლების მკვლელობის გეგმაზე.
საქართველოში დაგეგმილ „საკრალურ მსხვერპლზე“ ლაპარაკობენ რუსეთში.
პრემიერი ისევ ევროკომისარს იხსენებს
„რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ, პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი“, - ირაკლი კობახიძეს არ უკვირს, რომ „გლობალურმა პოლიტიკურმა ძალებმა“, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად მიზანში სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ამოიღეს.
„ვიღაცეებს არ მოსწონთ პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია ომთან მიმართებით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს“, - თქვა მან ასევე 24 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა წინა დღით სახელისუფლებო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ.
ხელისუფლების დამხობისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზატორებად და დამფინანსებლებად სუსი „უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომლებს“ ასახელებს. ხოლო კობახიძე კვლავ იხსენებს მაისში გამართულ სატელეფონო საუბარს უნგრელ ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან - რომელსაც მაშინ მკვლელობის მუქარაში დასდო ბრალი. ამჯერად პრემიერ-მინისტრი მის ნათქვამს გაფრთხილებას უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ვარჰეისგან მაშინ მოსმენილი სწორედ ივანიშვილს უკავშირდებოდა.
„ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემს მიმართ. ანუ ჩემს მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი. ასევე მისი თქმით:
- „მან [ვარჰეიმ] თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები“;
- „ის [ოლივერ ვარჰეი] გამოიყენეს როგორც ერთგვარი მესინჯერი - რომ მოეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე“.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფეისბუკპოსტში, 23 მაისს. მალევე გაირკვა, რომ ის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გულისხმობდა.
თავად ევროკომისარმა განმარტა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დამახინჯებულად გავრცელდა.
12 ივნისს, პარლამენტში მისულმა სუსის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისარ ვარჰეის ნათქვამს „მეგობრული გაფრთხილება“ უწოდა და განმარტა, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამში სუსმა გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები ვერ დაინახა.
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისად არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის... გამოძიების დასაწყებად არაა სათანადო მტკიცებულებები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ოლივერ ვარჰეი კვლავ ახსენა და ამჯერად - ბიძინა ივანიშვილთან მიმართებითაც, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ მოექცა ეს საკითხი, ამჯერად მაინც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
„მე არ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს“ - ეს უკვე თავად ირაკლი კობახიძის სიტყვებია - 17 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრიდან.
„მსხვერპლის მანტია“ და არჩევნები
„ჯერ ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მსხვერპლად საკუთარი თავი გაეყიდა. ყველამ დასცინა და ახლა აქცენტების ივანიშვილზე გადატანა ვითარების დრამატიზებას ემსახურება. არადა, ოლიგარქი ივანიშვილი ყველაზე დაცულია ამ ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ, რომ საკუთარი თანაგუნდელებისგანაც თავს პირბადით იცავდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ „ცდილობს მსხვერპლის მანტიის მორგებას იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი გახადონ იერიში დასავლეთის წინააღმდეგ და მით უფრო, როცა მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურად არის განწყობილი“.
თეონა აქუბარდია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ თბილისში გაკეთებული ნებისმიერ განცხადებას რუსეთში დასავლეთის ზრახვებად წარმოაჩენენ. ხშირად ლაპარაკობენ საქართველოში დაგეგმილ მსხვერპლზეც.
„ნამდვილ საფრთხეს ამ ქვეყანაში რუსეთი ქმნის და სუსი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების და არა ივანიშვილის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აქუბარდია გვეუბნება ასევე, რომ „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები „სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან“.
ხელისუფლების დამხობისა და მსხვერპლთა სცენარები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ აქტიურდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლებას განსაკუთრებით უჭირს.
წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც, მრავალჯერ აღიძრა საქმე, თუმცა ხელისუფლების დამხობის ბრალდებით არავინ დასჯილა.
„ვფიქრობ, ნახეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე [დონალდ ტრამპი] თავდასხმამ რაღაც პოლიტიკური ბენეფიტები მოიტანა იქ [ტრამპის მხარდაჭერის გააქტიურება] და ახლა აქაც რაღაც მსგავსი სპექტაკლი [მოიფიქრეს]“, - ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ.
გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „მატყუარა გახდა“, ხალხი მისგან კეთილდღეობის დაპირებებს აღარ იჯერებს და ამიტომ მისი კამპანია მთლიანად შიშებზეა აწყობილი.
„სახელმწიფო გადატრიალება და ეს ჭორაობა... მე ხომ ვიცი, სახელმწიფო გადატრიალებაზე რამდენი ხანია ჭორაობენ. თუ რაიმე აქვთ, უნდა მოიტანონ და დადონ, თუ არაფერი აქვთ, მაშინ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამოყენებას თავი უნდა დაანებონ“, - ამბობს გიორგი გახარია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ერთ დროს - ასევე აბრალებდა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობას. მაშინ პარტიამ პროკურატურასაც მიმართა ცრუ ბრალდებების გამო. შედეგი არაფერს მოჰყოლია.
„წინა არჩევნებში მთავარი ლაიტმოტივი იყო - გარეჯს გვართმევენ, ამ არჩევნებში მთავარი თემაა - ბიძინას გვიკლავენ... მერე შეიძლება ზებრას გვიკლავენ თქვან“, - ეუბნება ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
მკვლელობების გეგმები და რუსეთის მესიჯები
2021 წლის 29 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე.
მანამდე კი, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არაერთხელ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების მკვლელობასაც გეგმავდა.
2021 წლის 6 ნოემბერს, სუსმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ იმ დღეს დაგეგმილ აქციაზე, ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობას განიხილავდნენ.
2021 წლის 6 ნოემბერს, თბილისში ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებდნენ.
9 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის ფედერაციის გარე დაზვერვის სამსახური [SVR] ლაპარაკობს „საკრალურ მსხვერპლზე“, რომელიც საქართველოში თითქოსდა წინასწარ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფარგლებში იგეგმება და რამაც რისხვა სამართლდამცველების წინააღმდეგ უნდა მიმართოს. იქვე ნახსენებია უკრაინული „მაიდანი“, როცა ხალხს თითქოს „დაქირავებული ქართველი სნაიპერებიც“ ხოცავდნენ.
SVR-ის 9 ივლისს განცხადების თანახმად, საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას ვაშინგტონი გეგმავს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის „მასშტაბური საინფორმაციო კამპანია“ - „ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციების“ შესაბამისად.
ამ სცენარით, „ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში“ მთავარ როლს საქართველოს პრეზიდენტი ითამაშებს. ვაშინგტონი სწორედ მისი დახმარებით მოამზადებს ამომრჩევლებს „გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან“, რაც „საბოლოოდ შესაძლოა მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“.
დეზინფორმაცია გავრცელდა პროკრემლისტურ მედიაში და თან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია დაერთო.
„კომსომოლსკაია პრავდამ“ დაწერა, რომ:
- „საკრალური მსხვერპლი“ საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი იქნება და „ეს ნამდვილად გააბრაზებს საფრანგეთს“;
- საქართველომ „არ გახსნა მეორე ფრონტი კიევში უკრონაცისტებისა და ბანდერას რეჟიმის დასახმარებლად“ და ამიტომაც ისჯება.
კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა - „სოლოვიოვ live“-ის ეთერში, 10 ივლისს, რუსეთს დახმარება სთხოვა პროკრემლისტური პარტიის - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მიხეილ ჟღენტმა, რათა „მეზობელმა“ არ დაუშვას დასავლეთის ხელშეწყობილი „სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი“ საქართველოში.
„მიმართეთ რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის და ყველაფერი კარგად იქნება“, - დაამშვიდა ის გადაცემის წამყვანმა, სერგეი კარნაუხოვმა.
ჟღენტმა გადაცემაში რუსეთ-საქართველოს ომზეც ილაპარაკა და 2008 წლის აგვისტოს ომში აშშ დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლო პერიოდის განცხადებების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომი არა რუსეთის, არამედ გლობალური ომის პარტიის ინსპირირებულია. ამის შესახებ, თავად ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა.
2023 წლის მაისში, მიხეილ ჟღენტი მოსკოვიდან თბილისში პირველი განახლებული ავიარეისით ჩამოფრინდა პრორუსული ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. მანამდე, ეს ჯგუფი მონაწილეობდა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში - ითხოვდა სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. რაც შემდეგ პუტინის პირადი გადაწყვეტილებით აღსრულდა.
„ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ამ ბრძანების ხელმოწერისთვის. მან დაამტკიცა და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ხალხის თხოვნა და კარგად ვიცით ამ ხელმოწერის მნიშვნელობა“, - უთხრა ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენელმა, მერაბ ჭიქაშვილმა ჟურნალისტებს მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე.
ფორუმი