Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში სიცრუე უწოდეს რუსეთის განცხადებას, რომ აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სრული სიცრუე უწოდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სრული სიცრუე უწოდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აბსურდული და ირონიული უწოდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იმავე დღეს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერს.

„ეს სრული სიცრუეა. ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ ეს სრული სიცრუეა“, - უპასუხა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთს აქვს მსგავსი ცრუ და აბსურდული ბრალდებები საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ.

მეთიუ მილერმა ირონიული უწოდა სიტუაციას, როცა რუსეთი, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, აბსურდულ ბრალდებებს უყენებს სხვა ქვეყანას.

კრემლის მიერ კონტროლირებულმა მედიამ 9 ივლისს გაავრცელა რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიუროსგან მიღებული ინფორმაცია, რომ ამ სამსახურის მონაცემები „ადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე განწყობას, საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას” და „ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „'ქართული ოცნების' დისკრედიტაციისთვის”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG