Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამედ მისვლისა და დაპირისპირების ამბავი


„კურდღლები ხართ“, „წადით, რამე წაიკითხეთ“, „კინაღამ შარვლიდან ამოხტით“, - ასე მიმართავდა პრემიერი გიორგი გახარია ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, 26 ივნისს, მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას.

მისი ტონი და განწყობა ისეთივე იყო, როგორიც პარლამენტში წინა ორი სტუმრობის დროს. ყველა შეკითხვა, რაც ოპოზიციონერებმა დაუსვეს, პრემიერმა გახარიამ უშინაარსოდ და სუბიექტურად მიიჩნია. ოპოზიციამ გიორგი გახარიას ძველი, პასუხგაუცემელი შეკითხვებიც შეახსენა და ახლებიც დაუსვა - ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით. პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენამ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე მწვავე დებატების ფონზე ჩაიარა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრემიერი გიორგი გახარია უკვე მესამედ მივიდა პარლამენტში: 27 მაისს - COVID-19-თან დაკავშირებული პროცესების შეჯამებით; 29 მაისს - ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით, ხოლო 26 ივნისს - ყოველწლიური ანგარიშით.

პარლამენტში ხშირი ვიზიტები პრემიერს დემოკრატიული პროცესების მანიშნებლად მიაჩნია და თავისი გამოსვლაც სწორედ ამის ხაზგასმით დაიწყო.

„დღეს, ფაქტობრივად, გამოდის მესამე ვიზიტი პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის კომპონენტი, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება“.

ოპოზიციამ პრემიერს შეახსენა, რომ მხოლოდ მოსვლა არ არის საკმარისი, თუკი მნიშვნელოვან შეკითხვებს ამომწურავი პასუხები არ გაეცემა. თუმცა პრემიერი, როგორც თავად ამბობს, ოპოზიციის შეკითხვებში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს - „ხომ არ გახსენდებათ ოპოზიციის მიერ დასმული თუნდაც ერთი შინაარსობრივი შეკითხვაო ... სამწუხაროდ - არა“.

პრემიერის ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიმართვის საპასუხო იყო.

26 ივნისის სხდომაზე, მდინარაძე შეკითხვების დამსმელთა რიგში სულ ბოლო იყო; ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ძალიან ბევრი ტყუილი თქვა და მერე მან პრემიერს რიტორიკული შეკითხვით მიმართა - „ხომ არ გამოყოფდით რომელიმეს... რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა, რაიმე თემაზე და შედეგზე იყო ორიენტირებული და რაღაცას მოგვცემს?!“

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ „კრიმინალური ოპოზიციისგან“ წინასწარვე მოელოდა „პრემიერის დაზიანებაზე“ ორიენტირებულ ქმედებებს.

ოპოზიციის შეკითხვები, რომლებსაც მწვავე შეფასებებიც ახლდა, სხვადასხვა პრობლემურ, ხმაურიან საკითხს შეეხებოდა - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ მართლმსაჯულების მიმართულებით.

მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ოთარ კახიძე დაინტერესდა, რატომ არ ახსენა პრემიერმა თავისი ძირითადი გამოსვლის დროს 20 ივნისის მოვლენები - „დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა? არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ და ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ? და თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გრძნობთ?“

20 ივნისთან დაკავშირებით შეკითხვები სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დასვეს. დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გიორგი გახარიას შეახსენა, რომ პარლამენტზე შტურმის ბრალდებით არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული - „ბატონო პრემიერო, რა არგუმენტები გაგაჩნიათ ამ შტურმის დასასაბუთებლად, გარდა ზეპირსიტყვიერი რიტორიკისა?“

გახარია თვლის, რომ ოპოზიცია 20 ივნისის თემით სპეკულირებს.

„დაგავიწყდა-არ დაგავიწყდა, ბოდიშს მოიხდი-არ მოიხდი... რა თქმა უნდა, 20 ივნისის თემა მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ გულსატკენია და არ არის ალბათ სწორი, როდესაც ამ თემით სპეკულირება ხდება... რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება. ისინი ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად... ამას შეიძლება სჭირდება რაღაც დრო... მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა. თქვენ არ ნებდებით უბრალოდ. თქვენ რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ... მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება“.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვა „აბსოლუტურად მიუღებელი“ იყო და ეს ასევე იყო „უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, თუ არა - დანაშაული“; მაგრამ ამაზე „პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა“, ხოლო ოპოზიციამ მომენტით ისარგებლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა კი მას რიტორიკული შეკითხვა დაუსვა - თუკი პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრილოვის ხილვა დანაშაულის ტოლფასი იყო, რატომ არ მივიდა იმხანად შს მინისტრი გიორგი გახარია ამ ფაქტით აღშფოთებულ ხალხთან და ბოდიში რატომ არ მოუხადა - „გამოცდილება ხომ გაქვთ ბოდიშის მოხდის აქ, ამ შენობის წინ“.

მერე გიორგი გახარიამ შტურმის დაგეგმვაზეც ილაპარაკა და ოპოზიციონერ დეპუტატებს კურდღლებიც უწოდა.

ისევე როგორც პრემიერის პარლამენტში წინა ორი სტუმრობის დროს, კამათი 26 ივნისსაც გაგრძელდა პანდემიის გამო გაღარიბებული ხალხის დახმარების გარეშე დატოვებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის შეფასებით - არ შესრულდა ხელისუფლების დაპირება და 400 ათასი ადამიანი დარჩა დახმარების მიღმა - „გააწამეთ თვითდასაქმებულები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და იმ დასაქმებულებიდან, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მესამედი ღებულობს დახმარებას... სულ მცირე, 300 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთეთ ამ თქვენი ფეიქ-დაპირებებით“.

გახარიამ თქვა, რომ გოცირიძის არითმეტიკა არ ესმის, რადგან აბსურდულია. პრემიერი დეპუტატს ნიშნის მოგებით დაჰპირდა, რომ დასახმარებლად ყველასთან მივლენ - ივლისშიც, აგვისტოშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც“.

26 ივნისს პრემიერს ოპოზიციამ შეკითხვები დაუსვა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის შესახებაც. ითქვა, რომ მისი შეკვეთილი მკვლელობის საქმეში გამოძიებამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამოკვეთა, ხოლო გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთისთვის შესაბამისი სანქციების დაწესების განზრახვაზე ილაპარაკა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა - რა იცის პრემიერმა გახარიამ 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში განხორციელებული თავდასხმისა და მის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზების შესახებ.

გახარიას ამ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. მან თქვა მხოლოდ ის, რომ „საქართველოს სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანულ მხარესთან ამ საქმის გახსნაში“, საქართველოს ხელისუფლება დაელოდება „გამოძიების საბოლოო შედეგებს“ და აქედან გამომდინარე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - „საბოლოო შედეგები რომ დადგება, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ... ნუ გარბიხართ ამაზე წინ, რაა“.

ოპოზიციის აზრით კი, სირცხვილია, რომ გერმანიაში რუსეთის დაკვეთით მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ხმა არ ამოუღია.

მწვავე კამათი შეეხო ოპოზიციის მიერ წამოწეულ კიდევ არაერთ საკითხს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ ე.წ. ფეიქ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანიას, კონკრეტული მედიასაშუალების ამ კუთხით დადანაშაულებას, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების სუს-ში დაბარების ტენდენციასა თუ მთავრობის გადაწყვეტილებას ავიარეისების ივლისის ბოლომდე გადადების თაობაზე.

საერთო ენა ვერაფერში გამოინახა. საბოლოოდ, ოპოზიცია პრემიერს დაჰპირდა, რომ ხელისუფლებიდან არა შტურმის გზით, არამედ - არჩევნების გზით გაისტუმრებს. ხოლო გიორგი გახარიამ თქვა, რომ „როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები“ და „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG