ტაქსის მძღოლები 12 აპრილს, თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან. როგორც ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა გეგმით გააგრძელებენ ტაქსის მძღოლები მოქმედებას.
11 აპრილს, ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები, რომლებიც ტაქსების თეთრად დაფერვასა და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას შეეხება, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის წინ გააპროტესტეს.
გამაფრთხილებელი მსვლელობა ავტომობილებითა და სიგნალებით, ტაქსის მძღოლებმა დიდი დიღმიდან დაიწყეს და ყოფილი პრემიერის სახლთან დაასრულეს.
ტაქსის მძღოლების აქციას შეუერთდა „ლეიბორისტული პარტია“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი დედაქალაქის მერია არ შეცვლის გადაწყვეტილებას და ახალ რეგულაციებს სამი წლით არ გადაავადებს, ორი კვირის შემდეგ, ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მჯდომარე აქციებს დაიწყებენ.
თბილისის მერიამ 11 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტაქსის მძღოლებს გარდა ავტომანქანების თეთრად შეღებვისა, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ავტომობილს თეთრი ფირი გადააკრან.
„ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მძღოლების განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", - თქვა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
მისი განცხადებით, რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან თბილისი და მისი მოსახლეობა იმსახურებენ, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსი იმოძრავებს.
თბილისში 28 ათასი ტაქსია დარეგისტრირებული. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები, რომლებსაც სურთ, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად, ოპერატორების გარეშე აიყვანონ მგზავრები, გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში ტაქსი (A კატეგორია) უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი - ხუთკარიანი. ასევე წელიწადში ორჯერ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება.
ტაქსების თეთრად გადასაღებად განკუთვნილი 700 ლარიანი ვაუჩერების გაცემა პირველი მარტიდან დაიწყო. ვაუჩერებს „ვისოლის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმა“ გასცემს. როგორც კომპანიაში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ტაქსების გადასაღებად განკუთვნილი ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება თეთრი ფირის გადაკვრის ასანაზღაურებლადაც.
ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ 700 ლარი არც ავტომობილის შესაღებად არის საკმარისი და არც ავტომობილზე თეთრი ფირის დასაკრავად.
ვაუჩერების სანაცვლოდ, ტაქსის მძღოლები იღებენ ვალდებულებას, ორი წლის განმავლობაში ავტომობილებზე უსასყიდლოდ განათავსონ კომპანია „ალმას“ მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერები. რეკლამის განთავსება შეეძლებათ მარჯვენა და მარცხენა კარებზე და უკანა საქარე მინაზე.
უკვე ორი წლის შემდეგ თავად ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ რეკლამების მოზიდვა და განთავსება. თუმცა მძღოლს შეუძლია თავიდანვე გაიღოს ღებვის ხარჯი და, შესაბამისად, რეკლამის განთავსების ვალდებულებაც არ ექნება.
აღსანიშნავია, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი ეკუთვნით იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ტაქსის მართვის ლიცენზია აიღეს 2018 წლის 11 ოქტომბრამდე. ასეთი ტაქსის მძღოლების რაოდენობა 17 ათასზე მეტია. მათ მცირე ნაწილს უკვე ჰყავს თეთრი ფერის ავტომობილი. 700 ლარიანი ვაუჩერი კომპანია „ალმასგან“ 15 000-მდე ტაქსის მძღოლმა უნდა მიიღოს.
როგორც კომპანია „ალმაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას 11 აპრილის მონაცემებით, ანუ თითქმის თვენახევარში, ავტომობილი თეთრად 25-მა ტაქსის მძღოლმა გადაღება.