Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემორიალი დაკარგულებისთვის


უგზო-უკვლოდ დაკარგულების მემორიალი ზუგდიდში
უგზო-უკვლოდ დაკარგულების მემორიალი ზუგდიდში

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები თბილისის მერიას მემორიალის გახსნას სთხოვენ. მათი თქმით, ეს იქნება ადგილი, სადაც დაკარგულთა ახლობლებს შეხვედრისა და მათთვის პატივის მიგების საშულება მიეცემათ.

ნანის შვილი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შემდეგ ნანი სხვისი მიცვალებულების დამტირებელი გახდა: „პროცესიებს ავედევნებოდი და ვბღაოდიო“. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ახლობლებს ერთი პრობლემა აერთიანებთ - ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საკუთარი ოჯახის წევრების გამოტირებას. მიზეზი რამდენიმეა: ჯერ ერთი, ბოლომდე არასოდეს იციან, ცოცხალია თუ არა მათი შვილი, ძმა, და, მამა... და მეორე, არ არსებობს არც საფლავი და არც რამე ადგილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს სიმბოლურად მაინც რომ უკავშირდებოდეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გამოცემაში „არ დამივიწყო“ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ახლობლები ლაპარაკობენ:

დაკარგული პირის მეუღლე: „დაბნეული ვარ. არ ვიცი, ჩემი მეუღლე მკვდარია თუ ცოცხალი. არ ვიცი, როგორ ვილოცო მისი სულისთვის... ჩვენს ეკლესიაში ცალკეა ადგილი გარდაცვლილებისთვის და ცალკე - ცოცხლებისთვის. არ ვიცი, ჩემი ქმრისთვის სად აავანთო სანთელი“...

დაკარგული პირის დედა: „შავები ხალხის გამო მაცვია, თორემ არ მიგლოვია. უსასრულოდ ველოდები... ვნერვიულობ იმაზე, რომ სადმე რომ ვნახო, შეიძლება ვეღარც ვიცნო“.

დაკარგული პირის დედა: „არ მეგონა, ჩემ გარდა ვინმეს კიდევ თუ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა... დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ვარსებობ, ვცხოვრობ, თუნდაც, რომ ვსუნთქავ, არ დავრჩი მეც მასთან, გზა რომ გავაგრძელე, ხანდახან რაღაც რომ მიხარია ჩემდა უნებურად... ყველაფერში დამნაშავე ვარ“...

დაკარგული პირის ცოლი: „სულ სახლში ვიყავი ჩაკეტილი... არც მეხალისებოდა მოწესრიგება და სახლიდან გასვლა - არ მინდოდა ხალხი შემეწუხებინა ჩემი დარდით“.

დაკარგული პირის ცოლი: „მეგონა, მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს ახასიათებდა მსგავსი უცნაურობები. არასოდეს ვსაუბრობდით იმ დიდ ტკივილზე, მაგრამ ის გახსოვს ყოველდღე, ყოველ წამს... ლოდივით გვაწევს გაურკვევლობა და მოლოდინი“.

დაკარგული პირის დედა: „მარტო ვცხოვრობ, კედლებთან და საკუთარი შვილის ლანდთან საუბარს შევეჩვიე“...

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ოჯახის წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგეს, საკმაოდ დიდია. „წითელი ჯვრის“ კომიტეტის მედიაოფიცერ სოფიო ელიზბარაშვილის თქმით, ომების შედეგად 2 400-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა.

ომში დაკარგულები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

უკვე რამდენიმე წელია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები თბილისის მერიისგან ითხოვენ, ქალაქში მემორიალი გაკეთდეს. ნარგიზა ქვათელაძე, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს ოჯახის შვიდი წევრი დაკარგა, ამ მემორიალის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. თბილისის ოჯახურმა კომიტეტმა, მემორიალის მოთხოვნით, განცხადება მერიაში 2017 წელს შეიტანა. მას მხარს „წითელი ჯვრის“ კომიტეტიც უჭერდა.

მემორიალი უგზო-უკვლოდ დაკარგულებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მემორიალთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული არ იყო და როდესაც ინიციატორი მხარე ამ ხარვეზს გამოასწორებს, საკითხს ხელმეორედ განიხილავენ. თავის მხრივ, „წითელ ჯვარში“ განმარტავენ, რომ ოჯახებს საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში დახმარებას გაუწევენ. „მემორიალი იქნება ფიგურა - უსქესო, უასაკო, რადგან დაკარგული პირი შეიძლება ნებისმიერი სქესის და ნებისმიერი ასაკის იყოს“, - ამბობს სოფიო ელიზბარაშვილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG