Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 მარტიდან სოციალური მუშაკები გაფიცვას გეგმავენ


„სოციალური მუშაკები მოვითხოვთ სისტემურ ცვლილებებს სოციალური მომსახურების სააგენტოში“, - გვერდი ამ გზავნილით ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ გვერდზე სოციალური მუშაკები საკუთარ გამოცდილებისა და იმ მიზეზების შესახებ ლაპარაკობენ, რის გამოც, 25 მარტიდან გაფიცვას გეგმავენ.

მაგალითად, ლანა მოწონელიძე, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი წერს: „მე ვიფიცები იმიტომ, რომ რესურსების და სერვისების არ არსებობის გამო, ვერ ვაძლიერებ ბენეფიციარის ოჯახს და სიღარიბის გამო იძულებული ვარ ბავშვი გამოვიყვანო ბიოლოგიური ოჯახიდან, რითაც მე ვარღვევ ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას - იცხოვროს ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად“.

თამარ კვიტაიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი კი ამბობს: „მე ვიფიცები იმიტომ, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა სცილდება ყველა ადამიანურ,ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებს...მე ვიფიცები იმიტომ, რომ შეუძლებელია წვიმაში, ქარში, თოვასა და გაუსაძლისს სიცხეში ელოდო ტრანსპორტს რამოდენიმე საათი ქუჩაში,სადაც შეიძლება ელემენტარული მოქალაქეთა მოსაცდელიც არ არსებობდეს... მე ვიფიცები რათა დავიცვა ჩემი ბენეფიციარების და ჩემი უფლებები“.

გაფიცვის კიდევ ერთ მიზეზზე ლაპარაკობს სოფიო ახალაძე, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი: "მე ვიფიცები, იმიტომ რომ ჩამოშლილმა სისტემამ თავად მე არ მაქციოს დამნაშავედ! მე ვიფიცები, იმიტომ რომ დავიცვა ბენეფიციარების და ჩემი შვილების უფლებები, რადგან საპროცესო წარმომადგენლობის დროს იკარგება მთელი ჩემი რესურსი და დრო, მაშინ როდესაც სამსახურში მელოდება აუარებელი და სასწრაფო საქმეები, შვილები კი სახლში ღამის საათებში მიტოვებული“.

„სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რაც მათ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში უშლის ხელს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოცმუშაკები ამბობენ, რომ "გაფიცვის გადაწყვეტილება არის უკანასკნელი და ძალიან მძიმე მისაღები თითოეული სოციალური მუშაკისთვის", თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ თუკი არ შესრულდება ის პირობები, რომლებიც მათ წლის დასაწყისში დააყენეს სახელმწიფოს წინაშე, გაფიცვა გარდაუვალი იქნება.

რაც შეეხება მოთხოვნათა ნაწილს:

  • გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა. გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობა და თითოეულ მომსახურების ცენტრს და რაიონულ განყოფილებას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი;
  • გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა.
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თითოეულ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესანახი დაცული სივრცე;
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი ვიყოთ სამედიცინო დაზღვევით და გვქონდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული ჩვენი პირადი უსაფრთხოება.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.

პირველი ტალღა, რის გამოც სოციალური მუშაკები ხმამაღლა ალაპარაკდნენ, იანვრის ბოლოს 4 წლის გოგონას გარდაცვალებას მოჰყვა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაათავისუფლებს ოთხი სოციალური მუშაკი და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები.

სოციალური მუშაკები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მაშინვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მთავარი პრობლემა არა თავად სოციალური მუშაკების საქმიანობასა და კეთილსინდისიერებაში, არამედ სისტემურ ხარვეზებში უნდა ვეძებოთ.

ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ხარვეზად სახელდება ის, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დღეს 239 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათ შორის 87 თბილისში. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა. სოციალურ მუშაკთა სიმცირის გამო კი თითო მუშაკს 70-80 საქმე ეწერება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ფაქტებზე დროულ და სათანადო რეაგირებას.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წელს იგეგმება სოციალურ მუშაკთა რაოდენობის 50-ით გაზრდა და მხოლოდ 2025 წელს იქნება შესაძლებელი, რომ ერთ სოციალურ მუშაკს 50-ზე მეტი საქმე არ ჰქონდეს მიბარებული.

XS
SM
MD
LG