მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები და ბატუტი არა ბავშვების სიყვარულის, არამედ მასზე შურისძიების გამო დადგეს. ის სთხოვს, რომ პარლამენტის წინ, საიდანაც მერიამ დღეს კარვები აიღო და ატრაქციონების მონტაჟს აპირებს, ბავშვები არ მიიყვანონ.
“პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.
ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც… ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არა არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი”, – წერს მაჩალიკაშვილი.
პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულია 10-მდე აქტივისტი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, ბექა კოკაია. ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც, რომელსაც პოლიცია კარვით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დღეებში პარლამენტის წინ საბავშვო გასართობი ადგილისა და მარკეტის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს მათ წინასწარ მიაწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, კარვების აშლა წინააღმდეგობის გარეშე მოხდა და ინფრასტრუქტურა დასაწყობდება, ხოლო მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.
თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა გადაიფიქრა.